Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი სუამ-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უზბეკეთში ვიზიტი დაასრულა. ტაშკენტში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველოსა და უზბეკეთს შორის

ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება და უზბეკეთის სუამ-თან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა ვიზიტი და რა შედეგები იქნა მიღწეული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტაშკენტში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების - მათ შორის, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების - საკითხები იქნა განხილული.

პრემიერს უზბეკეთში მთავრობის წევრებიც ახლდნენ. ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობა მაინცდამაინც დიდი მასშტაბებით არ გამოირჩევა. უზბეკეთი ასევე არ შედის საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა რიცხვში. ამ ქვეყანასთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2004 წლის შედეგებით, დაახლოებით, 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც, დსთ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტისმეტად მწირი მონაცემია. თუმცა ეს მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება 2003 წლის მოცულობას, რაც უზბეკეთიდან იმპორტის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული. 2004 წელს იმპორტმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2003 წელს ეს მონაცემი მხოლოდ 1 მილიონი იყო. გასულ წელს იმპორტის მოცულობის 90%-ზე მეტი მოდიოდა ხორბალზე, რომელიც 2003 წელს საერთოდ არ შემოსულა.

პრემიერის ვიზიტის დროს უზბეკ კოლეგებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებზეც იყო საუბარი. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 7 წლის წინ გაფორმდა თბილისსა და ტაშკენტს შორის ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ხელშეკრულება, რომელიც არ ამოქმედებულა – როგორც აღმოჩნდა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართულ მხარეს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოუხდენია. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ამ ხელშეკრულების თაობაზე მან უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროცედურების დაწყება. პრემიერი ვარაუდობს, რომ ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” დოკუმენტი მომზადდება პარლამენტში რატიფიცირებისთვის, რაც დამატებითი სტიმული უნდა გახდეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.

ზურაბ ნოღაიდელის ტაშკენტში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უზბეკეთის დათანხმება სუამ-ის კიშინიოვის სამიტში მონაწილეობაზე, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთი 22 აპრილის სამიტში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ორმხრივ ურთიერთობაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ის, რომ უზბეკეთი არ იღებს სუამ-ის სამიტში მონაწილეობას, ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს. უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები - პირველ რიგში, პოლიტიკური ურთიერთობები - არის ძალიან მაღალ დონეზე, სრული ურთიერთგაგებაა.”(სტილი დაცულია)

სუამ-ის სამიტი 22 აპრილს კიშინიოვში გაიმართება და ამ ფორუმზე, რომელიც დსთ-ს რეალურ ალტერნატივად აღიქმება, უზბეკეთის მონაწილეობას უდავოდ ჰქონდა დიდი პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ ამჯერად საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური ტაშკენტის ”დაყოლიება” ვერ შეძლო.
XS
SM
MD
LG