Accessibility links

საქართველოს პარლამენტში ბომბი ვერ იპოვეს


სამშაბათს სპეციალური სამსახურის თანამშრომლები საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბს ეძებდნენ. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ

ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურში ანონიმური სატელეფონო ზარით შევიდა. ინფორმაცია არ დადასტურდა: შენობაში, სადაც უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება მუშაობს, ბომბი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, იქ მუშაობის პროცესი ჩაიშალა. შედეგად, სამშაბათისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ოთხშაბათისთვის გადაიდო. გადაიდო ოპოზიციური ძალების პრესკონფერენციაც, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო მსჯელობა. 5 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკუთარ ხედვას სთავაზობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკუთარი - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტის ალტერნატიული - პროექტი 5 -მა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. “ახალი მემარჯვენეების”, “კონსერვატორების”, “რესპუბლიკელების”, “ლეიბორისტების” და პოლიტიკური ორგანიზაცია “თავისუფლების” წარმომადგენლებს ალტერნატიული პროექტის პრეზენტაცია 19 აპრილს პარლამენტის შენობაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე უნდა მოეხდინათ, თუმცა მოხდა ის, რაც, ბევრის აზრით, მაინცდამაინც ოპოზიციური პარტიების პრესკონფერენციის ჩასაშლელად არ უნდაყოფილიყო გამიზნული.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “რაღაც ანონიმური ზარია შემოსული, რომ პარლამენტი არის დანაღმული. ეს არის ან ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია, ან ვიღაცა ცუდად ხუმრობს. “

ასეთი კომენტარი პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა, რის შემდეგაც დეპუტატებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ოდნავ მოგვიანებით უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა შენობის დათვალიერება დაიწყეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი საზოგადოებას აცნობა ის, რისი დადგენაც მისმა უწყებამ მოახერხა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ზარი გაკეთებულია თავისუფლების მოედანთან მდებარე სატელეფონო ავტომატიდან. ცრუ ზარის ავტორმა კი ჩაგვასწრო მეტროპოლიტენში. “ (სტილი დაცულია)

ზარი, რომელმაც პარლამენტის შენობაში განგაში გამოიწვია, ცრუ აღმოჩნდა. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს ისღა დარჩათ, სამშაბათს დაგეგმილი პრესკონფერენცია ოთხშაბათისთვის გადაედოთ, თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რა წინადადებას შესთავაზებენ ისინი მმართველ უმრავლესობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. დეპუტატ კახა კუკავას თქმით:

[კახა კუკავას ხმა] “უმრავლესობის ვარიანტი ითვალისწინებს შემდეგს: 7-დან შვიდივე წევრი დანიშნოს ხელისუფლებამ. ჩვენი ვარიანტია - ხელისუფლებას ჰქონდეს უმრავლესობა , მაგრამ 14-დან 6 კაცი დანიშნოს ოპოზიციურმა პარტიებმა.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციური ძალების პროექტით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პროფესიული ნიშნით, 14 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული და ამ თოთხმეტიდან 6 მაინც უნდა დაინიშნოს იმ ოპოზიციური პარტიების წარდგინებით, რომლებსაც გადალახული აქვთ საარჩევნო ბარიერი. უმრავლესობის პროექტითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, მაგრამ ის მხოლოდ 7 წევრს უნდა ითვლიდეს. პარლამენტმა შვიდივე პრეზიდენტის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს. საპარლამენტო უმრავლესობის პროექტით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, კომისიის დანარჩენ 6 წევრს კი პარლამენტი ასევე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 12 კანდიდატურიდან შეარჩევს. ვისთან შეთანხმებით ან როგორ არჩევს პრეზიდენტი კანდიდატურებს, განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტი არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს, ოღონდ პარტიულ პირზე მისი არჩევანი არ უნდა შეჩერდეს. ოპოზიციაში იციან, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ პროექტე უარის თქმა გაუჭირდება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა უმრავლესობას კომპრომისზე წასვლას აიძულებს.
XS
SM
MD
LG