Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის მეტალურგიულ კომბინატს?


იყო დრო, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში 14 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, ხოლო ქარხანა წლის განმავლობაში მილიონ ტონაზე მეტ ფოლადს ადნობდა.

საბჭოთა კაშირის დაშლის, ანუ გასაღების გარანტირებული ბაზრის დაკარგვის, შემდეგ ქართული მრეწველობის ფლაგმანმა ნელ-ნელა პოზიციები დათმო და გასული საუკუნის მიწურულს უიმედოდ გაჩერდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომბინატის ხანგრძლივი დროით ამუშავება ვერც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ შეძლო და ვერც კერძო ინვესტორებმა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არსებულ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებს და მრავალმილიონიანი კრედიტორული დავალიანებით დამძიმებულ ქარხანას გასაყიდად ამზადებს. პარალელურად, აქტიურობენ რიგითი მეტალურგებიც, რომელთა ერთი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან შრომითი კოლექტივისათვის კომბინატის აქციათა 10 პროცენტის გადაცემას ითხოვს.

რუსთაველი მეტალურგები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქარხანაში მუშაობდნენ და რომლებმაც ქართული ფოლადის დნობას ჯანმრთელობა შესწირეს, შველას ითხოვენ. თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული ტრამვირებული პენსიონერები არიან. კომბინატს მათი, დაახლოებით, 400 ათასი ლარი მართებს.

[მამაკაცის ხმა] „როგორც მეტალურგმა და ამ ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა, კარგად ვიცი რა მდგომარებაც არის. ჩვენი თაობა, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ, ცელოფანში ვახვევთ და ისე ვმარხავთ დასახიჩრებულ პენსიონერებს.“

ეს ბატონი ილარიონია, რომელმაც ჯანმრთელობა კომბინატში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიფუჭა. ის და სხვა მეტალურგები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს კომბინატის ამუშავებაში ხედავენ. ისინი არც ქარხნის პრივატიზების წინააღმდეგნი არიან, თუმცა ერთი პირობით - საწარმოს აქციათა 10 პროცენტი შრომით კოლექტივს უნდა გადაეცეს. კომბინატის პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი ნუკრი შათირიშვილი მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს:

[ნუკრი შათირიშვილის ხმა] „ეგ აუცილებლად მართალია. მეც, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე, ვითხოვ შრომითი კოლექტივისათვის აქციების გადაცემას. თუმცა 10 პროცენტი - ცოტა არაკანონიერი მოთხოვნაა. ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. შეიძლება 10 იყოს, შეიძლება 20 და შეიძლება 5 იყოს... 10 პროცენტის მოთხოვნა, ერთმნიშვნელოვნად, არასწორია. ეს არის მოუმზადებელი ციფრი.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც მეტალურგიული კომბინატის გაყიდვაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, შრომითი კოლექტივისათვის აქციების გადაცემას არ აპირებს. მინისტრის მოადგილე კახა დამენია მეტალურგებს იმით ამშვიდებს, რომ, ფაქტობრივად, გაკოტრებული ქარხნის აქციებს არანაირი ღირებულება არა აქვს:

[კახა დამენიას ხმა] „მართალი რომ გითხრათ, შინაარსობრივადაც ამ აქციებს ღირებულება არა აქვს. გაკოტრება იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ გაუქმდება ეს ფირმა და აქცია დარჩება ფურცელზე. ამ აქციების მიცემა იგივეა, მე რომ დავუწერო ფურცელზე და გადავცე. სინამდვილეში, შინაარსობრივად, ამ აქციის უკან ერთი თეთრიც კი არა დგას.“

სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ მეტალურგიული კომბინატის შეძენის მსურველებმა დაინტერესების შესახებ ზოგადი განაცხადი 2 მაისამდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც საპრივატიზაციო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაახლოებით თვე-თვე-ნახევარში, გამარჯვებულ კომპანიას დაასახელებს. მაგრამ მანამდე კომბინატი 100 მილიონი დოლარის კრედიტორული დავალიანებისგან უნდა გათავისუფლდეს.

[კახა დამენიას ხმა] „ამ დავალიანებით ძნელად თუ მოვძებნიდით ვინმეს. გაკოტრებაც მაგის გამო არის - სუფთა აქტივების გაყიდვაზეა საუბარი. ჯერ განაცხადი ოფიციალურად არ შემოსულა, მაგრამ არიან იტალიელები, რომლებიც ახლაც მუშაობენ კომბინატში, არის ბრიტანული კომპანია... ანუ ბევრი სწავლობს, მაგრამ საბოლოოდ ვინ გადაწყვეტს განაცხადის შემოტანას, ამას 2 მაისისთვის ვნახავთ.“

თუმცა მეტალურგების ერთი ნაწილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდობლობას უცხადებს. მუშებმა, კომბინატის თანამშრომლებისთვის აქციათა 10%-ის გადაცემის მოთხოვნით, რამდენიმე ათასი ხელმოწერაც კი შეაგროვეს. მეტალურგები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობას მიტინგებითა და საპროტესტო გამოსვლებითაც ემუქრებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG