Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უჩივიან ბიზნესმენები ახალ საგადასახადო კოდექსსა და საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობისას


ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ საგადასახადო შემოსავლები სულ უფრო იზრდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,

რომ საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. მეწარმეები ახალი საგადასახადო წესების პირობებშიც კი უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს აწყდებიან, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც წინააღმდეგობებით აღსავსე ბიზნესგარემოს. ამ ვითარებით შეწუხებული საქმოსნები გამოსავალს ეძებენ და სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებთან შეხვედრებით ცდილობენ ბიუროკრატიული წინაღობების დაძლევას. ერთი ასეთი შეხვედრის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავების შემდეგ ზოგიერთი ბიზნესი საერთოდ გაჩერდა - მაგალითად, ქართული სიგარეტის წარმოება - და ამ სფეროში კონტრაბანდამ იმატა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ მდგომარეობა ამ სფეროშიც გამოსწორდება. საგადასახადო კოდექსზე მეტად ბიზნესმენებს იმ ორგანოების მუშაობა აწუხებთ, რომლებსაც საგადასახადო კოდექსის აღსრულება ევალებათ.

[ისმის ბიზნესმენების ხმა] ”არის კატასტროფული მდგომარეობა. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ საჭიროა ცნობა ყველაფერზე და არის გაუთავებელი რიგები...”

ასეთი პრეტენზიები ისმოდა 19 აპრილს ბიზნესმენთა ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე. ქართველი მეწარმეების საყვედურებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი დავით გალეგაშვილი ისმენდა. ყველაზე მეტად ბიზნესმენებს საგადასახადო ინსპექციებში არსებული გაუთავებელი რიგები და ათასგვარი ბიუროკრატიული საბუთები აწუხებთ. აი, ზოგიერთი მათგანის შესახებ:

[ქართლოს ასათიანის ხმა] ”ეს არის რიგები - უამრავი ხალხი, რომელიც საბუთებით ხელში დგას და აპირებს ამ საბუთების ჩაბარებას, კანონიდან გამომდინარე. როდესაც შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს ელექტრონული ვერსიით და, მეორე საკითხი, სააღრიცხვო ჟურნალი... ”(სტილი დაცულია)

ეს არის ქართლოს ასათიანი, კომპანია “ორიონ ტექნოლოჯის” გენერალური დირექტორი, რომელსაც ახალი საგადასახადო კოდექსით დაწესებული სააღრიცხვო ჟურნალის შევსება ერთი თანამშრომლის ხელფასად და უზარმაზარ შრომად უჯდება.
თუ მის საწარმოს ამის საშუალება აქვს, არის არაერთი ისეთი მცირე ბიზნესი, რომელმაც მთელი თავისი რესურსი ჟურნალის შევსებას უნდა მოანდომოს, ჟუნალისა, სადაც ყოველდღიურად ყველა პროდუქციის, მასალისა თუ სხვა საშუალებების დასახელება, ფასი და სხვა მონაცემები იწერება. ამ ჟურნალის უგულებელყოფა კანონის დარღვევაა და ადმინისტრაციული წესით ისჯება, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის კომენტარი:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”პრობლემები არის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, დისტრიბუტორით დაწყებული, რომელსაც ევალება ლამის ყოველ კვადრატულ მეტრზე გადატან-გადმოტანა, დამთავრებული დამატებული ღირებულების გადასახადით და ქონების გადასახადით, რომელიც საგადასახადო სამსახურის მხრიდან კონკრეტულ ინსტრუქციებს საჭიროებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ინფორმაცია პირდაპირ ჰქონდეთ გადამხდელებს და თუ რამე დასახვეწია, ადმინისტრაციამ დახვეწოს.”(სტილი დაცულია)

საგადასახადო ადმინისტრაციის პოზიცია კი ასეთია:

[დავით გალეგაშვილის ხმა] ”განსაკუთრებული პრობლემებია ჩვენთან ადგილობრივ სამსახურებში. ოფისები - მოუწყობელი, კვალიფიკაციის დონე დაბალია და ასე შემდეგ. ასე რომ, პრობლემები ძალიან ბევრია დაგროვილი.”

აღმოჩნდა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელები მზად არიან ბიზნესმენთა ფედერაციის წევრთა შენიშვნების მოსასმენად. დეპარტამენტის დირექტორმა დავით გალეგაშვილმა თავადაც ისაუბრა იმ ადმინისტრაციულ პრობლემებზე, რომლებიც რაიონულ საგადასახადო სამსახურებშია, და წლის ბოლომდე მათი გამოსწორების პირობა დადო.”
XS
SM
MD
LG