Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოუბიზნესი და, შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკა, როგორც ჩანს


შოუბიზნესი და, შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკა, როგორც ჩანს,

მართლაც, არ ემორჩილება არც ზემოდან მითითებას და არც კალენდარს. გასულ კვირას, როცა პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალი ჯერ კიდევ ცოცხალი ყვავილების თაიგულებით იყო შემკული, რამდენიმე დღით ადრე კი დასრულდა ახალგაზრდების საპროტესო აქცია რუსეთის საელჩოსთან, როცა მთელი ქვეყანა ზეიმობდა ქართული ენის დღეს, დედაქალაქის საკონცერტო აფიშა მოსკოვიდან ჩამობრძანებული ესტრადის ვარსკვლავების პორტრეტებით გაივსო. ჰო, კიდევ ზავინულიც ჩამობრძანდა და გაგვახსენა, რომ მუსიკას საზღვრები არა აქვს... მერე კი თავისი მუსიკით დაამტკიცა ეს. თუმცა ზავინულის მოსმენა მხოლოდ იმან შეძლო, ვისაც 80ლარიანი ბილეთის ყიდვის თავი და შესაძლებლობა ჰქონდა(ორშაბათს ოპერის თეატრის სალაროებში ყველაზე იაფი, ე.ი. ორმოცდაათლარიანი, ბილეთები უკვე გაყიდული იყო), სხვებს კი, პირველ რიგში, თინეიჯერებს, რომელთაც 80 ლარი “ერთად” მხოლოდ ტკბილ სიზმარში თუ უნახავთ, შეეძლოთ სხვაგან დარწმუნებულიყვნენ “მუსიკის ენის უსაზღვროებაში” – სპორტის სასახლე მათ რუსი მომღერლის, “გლუკოზას”, კონცერტზე იწვევდა, თანაც მხოლოდ 6 ლარად. ე.ი. ბილეთი “ვირტუალურ შოუზე”, როგორც რეკლამაში იყო აღნიშნული, უფრო იაფი ღირდა, ვიდრე თბილისის კინოთეატრში...და, აბა, როგორ არ შეივსებოდა დარბაზი “გლუკოზაზე”?!

[ხმა. მუსიკა]

“არ დაგავიწყდეთ, 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, მომღერალი “გლუკოზა”, თავის გუნდთან ერთად, ქალაქ თბილისს დაუვიწყარ საჩუქარს უძღვნის – კონცერტს მართავს სპორტის სასახლეში... შეახსენებს “გლუკოზას” თაყვანისმცემლებს ვინმე “პლატინა” თავის ინტერნეტ-გვერდზე. “პლატინა” – მოსკოველია, ე.ი. “გლუკოზას”, იმავე ნატაშა იონოვას, მოსასმენად მის მოსკოველ ფანებს თბილისში ეპატიჟება. “გლუკოზას” ფანები – რუსეთის ფეხბურის ნაკრების გულშემატკივრები არ არიან, მატჩის შემდეგ მასპინძლებთან რომ მოუვიდეთ კონფლიქტი... პირიქით, ამ ახალი რუსი “კონკიას” ფანები აუცილებლად გამონახავდნენ საერთო ენას ქართველ თინეიჯერებთან. შესაძლებელია, ამ უკანასკნელთ რუსული არ ესმით კარგად, მაგრამ “გლუკოზას” სიმღერების გაგებას რად უნდა რუსულის ცოდნა. აქ ხომ ყველაფერი გასაგებია. თანაც, როცა ქართველი მომღერლები ექვს ლარად თინეიჯერებისთვის იშვიათად მართავენ კონცერტებს, რატომაც არ უნდა გაემართო მეგობრებთან ერთად სპორტის სასახლეში ახალი რუსი “მადონას” მუსიკაზე საცეკვაოდ?

[ხმა. “გლუკოზა”]

იყო დრო, სადღაც, 90-იანი წლების პირველ ნახევარში, როცა თბილისში სიამოვნებით მართავდნენ კონცერტებს რუსული ესტრადის ვარსკვლავები. მათი საღამოები ყოველთვის ანშლაგით ტარდებოდა. იმ დროის თინეიჯერებმა ზეპირად იცოდნენ მათი სიმღერები... მაგრამ დროთა განმავლობაში ქართული შოუბიზნესის ის მესვეურები, რომლებიც ასეთ კონცერტებს მართავდნენ, ან გაკოტრდნენ, ანდა, პირიქით, გამდიდრდნენ და პროფილი შეიცვალეს... ვინც გაკოტრდა, რუსეთში გაემგზავრა და იქ სცადა ბედი ბიზნესში (და არა მარტო შოუბიზნესში)... შოუბიზნესში მოსულმა ახალმა თაობამ კი გაიაზრა, რომ სმენითა და ნიჭით არცთუ მაინცდამაინც გამორჩეული რუსი ვარსკვლავების ეგრეთ წოდებული “პრომოუშენი” ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ასეთივე შესაძლებლობების ქართველი ვარსკვლავების შექმნა. თანაც, “ჩვენები” ნაკლებად პრეტენზიულები არიან – ფულს იქით გადაგიხდის, ოღონდ ტელევიზორში გამოჩნდეს... ახალი შოუბიზნესის “ახალმა ქართველებმა” ისიც გაიაზრეს, რომ რუსეთთან გართულებულმა ურთიერთობებმა, რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებულმა სავიზო რეჟიმმა მნიშვნელოვნად აამაღლა ჩვენი “მამრების”... პირდაპირ ვთქვათ, “პოტენცია”... რუსეთის ტელევიზიის პროგრამების ნახვაც ხომ მხოლოდ საკაბელო არხებით გახდა შესაძლებელი, ე.ი. ვირტუალურადაც გაძნელდა, როგორც იტყვიან, “რუსის ნაშებთან” ურთიერთობა... ჰოდა, ასე დაიწყო ქართველი “ნაშა-ვარსკვლავების” ტირაჟირება. პატარა ქართველმა გოგოებმა ხმამაღლა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დაიწყეს მიტოვებულ სიყვარულზე სიმღერა. ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება ამ “პატარა გოგოების” კლიპებზე... იმდენად გაიზარდა, რომ ახალი კლიპის პრემიერა ხალხით სავსე დარბაზებში იმართებოდა... მუსიკალური კლიპის პრემიერებს სპეციალურ სიუჟეტებს უძღვნიდნენ სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები... ქართული კლიპების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ დღესდღეობით რამდენიმე ტელეარხი მთელ თავის ეთერს თითქმის მხოლოდ ქართული კლიპებით ავსებს... ქართველი თინეიჯერები ერთმანეთს “ესემესებს” უგზავნიან, მათი თანატოლები კი, როგორც წესი, გოგონები, საუბრობენ სიყვარულზე, სექსზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, თინეიჯერებში პოპულარულ სიტყვასაც, “მკიდია”, საკმაოდ ხშირად ხმარობენ.

[ხმა. პავლიაშვილი]

ერთ-ერთი ასეთი ღამის პროგრამის წამყვანები გასულ კვირას მოსკოვში გადახვეწილი ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის, კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ... აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამას, ისევე როგორც პავლიაშვილის კონცერტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ერთი და იგივე სპონსორი ჰყავს - კომპანია, ძალზე თბილი და “ადამიანური” სახელით – “სიკეთე”... ჰოდა, აბა ვის ჩამოიყვანდა ასეთი კომპანია, თუ არა სოსო პავლიაშვილს, რომელიც, ძირითადად, სიყვარულსა და სიკეთეს უმღერის; განსაკუთრებით რუსისა და ქართველის სიყვარულის თემა აღელვებს. სოსო პავლიაშვილმა ამას წინათ დისკიც გამოუშვა, სახელწოდებით “გელოდება ქართველი”... “ქართველი”, ე.ი. “გრუზინ”...ე.ი. რუს ქალს ქართველი ვაჟკაცი ელოდება.

[ხმა.სოსო პავლიაშვილი]

“შენ მოსკოვში ცხოვრობ, მე კი თბილისშიო, – მღერის პავლიაშვილი, – ვერ ვხვდებით ერთმანეთსო, სადა ხარ, საყვარელო, ტკბილო, მოწყენილი ვარო მარტო, გელის ქართველიო”, “ჟდიეტ ტებია გრუზინო”.

სიმღერის ტექსტი – მხატვრული ნაწარმოებია. მხატვრული ნაწარმოები არ არის აუცილებელი რეალობას ასახავდეს. პავლიაშვილი მოსკოვში ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს, ამიტომ თავის თავზე კი არ მღერის, არამედ “მხატვრულ სახეს” ქმნის... სახეს, რომელიც 41 წლის მომღერლის და მასთან ერთად მთელი მისი თაობის გრძნობებს უნდა გამოხატავდეს... ამ მომღერლის გრძნობების უფრო ახლოს გაცნობა შესაძლებელია მის ოფიციალურ “ვებსაიტზე”, სადაც რუბრიკაში “პრესა” გამოქვეყნებულია სოსო პავლიაშვილის ერთი ინტერვიუ - “საიტის” ავტორის მტკიცებით, არც ერთმა რუსულმა გაზეთმა რომ არ დაბეჭდა... ინტერვიუში ქართველი მომღერალი ამბობს, რომ ტერორისტები პირადად პუტინს ემტერებიან, რომ ტერორისტული აქტის რეჟისორი “სხვა ქვეყანაში ზის” და “ფეხებზე ჰკიდია კავკასიელების, რუსების, ყოველი ჩვენგანის ბედი.”

[ხმა.პავლიაშვილი]

ვერ გეტყვით, რატომ არ დაბეჭდეს რუსულმა გაზეთებმა ეს ინტერვიუ. თუნდაც “პრავდამ” ან “კრასნაია ზვეზდამ” მაინც რატომ არ დაბეჭდა? ის კი ცხადზე ცხადია, რომ ამ კვირაში “კულტურული სიკეთე” ისევ რუსეთიდან მოგვივიდა... ხომ გახსოვთ ელდარ შენგელაიას “შერეკილები” – “აბი გლუკოზა”... ის წამალია, რომლითაც აქ ერთაოზისა და ქრისტეფორეს გამოთაყვანება სურდათ. უფრო სწორად, სურდათ შერეკილები რეალობაში დაებრუნებინათ. რეალობა კი მწარეა – ამ კვირაში მოსკოვიდან შეტევა მუსიკით განხორციელდა და ეს “ჰუმანიტარული შტურმი” წარმატებით დასრულდა. შემთხვევით არ ერქვა პავლიაშვილის კონცერტს “სიყვარულის მაგია” – “სიკეთემ” ქართველ თინეიჯერებსაც კი აუჩუყა გული.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG