Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუქმნის თუ არა პრობლემას საფინანსო ბაზარს პრივატიზებიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი რეკორდული შემოსავლები, ერთი მხრივ, დამატებითი პროგრამების დაფინანსების საშუალებას აძლევს სახელმწიფოს,

მეორე მხრივ კი, ნახევარ მილიარდამდე ლარის ერთბაშად და შეუთანხმებელმა ხარჯვამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას საფინანსო ბაზარს. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. გამოიწვევს თუ არა პრივატიზებიდან მიღებული დიდძალი შემოსავლები რაიმე რეციდივს სამომხმარებლო ბაზარზე?

ცნობილი „საპრივატიზებო მარათონებიდან“ წელს ბიუჯეტში დაგეგმილმა რეკორდულმა შემოსავლებმა, წინა წლებისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას ახალი თავსატეხი გაუჩინა. 2005 წლის ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში დამატებითი 450 მილიონი ლარის შემოსვლა - უკეთ კი, მისი ხარჯვა - ხელისუფლებისგან ერთგვარ „ფილიგრანულ მიდგომას“ მოითხოვს. ამ ოდენობის ან თუნდაც მისი ნაწილი თანხის ერთბაშად შიდა ბაზარზე გამოჩენა საფინანსო სექტორს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ამ საფრთხის შესახებ, ეკონომიკური ექსპერტების გარდა, აპრილის დასაწყისში თბილისში მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაც იუწყებოდა. ამ თემას ფონდის ტექნიკური მისიაც შეეხო, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და ეროვნულ ბანკში მართავს შეხვედრებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მათი ამჟამინდელი სტუმრობა ხორციელდება მაშინ, როდესაც ფისკალური და საბიუჯეტო სფეროები, შემოსავლების მკვეთრი ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ქვეყნის კონსოლიდირებული ბიუჯეტი, გასულ ორ წელიწადთან შედარებით, გაორმაგდა. მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი უნდა შემოვიდეს, რაც გასული 7-8 წლის მაჩვენებელს აღემატება. ეს, თავისთავად დადებითი, მოვლენები ეროვნული ბანკის წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ეროვნულ ბანკსა და მთავრობას, კონკრეტულად კი, ფინანსთა სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს:

[რომან გოცირიძის ხმა] “ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია ისეთი საკურსო პოლიტიკის წარმოება, რომელიც, ერთი მხრივ, შეაჩერებს ფასების ზრდას და ამის შეჩერება, ბუნებრივია, ლარის გამყარებითაც არის შესაძლებელი, თუმცა ლარის გამყარება არ უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ამან შემდგომში ხელი შეუშალოს ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. ასე რომ, დილემა არის სწორედ ფასების ზრდასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას შორის. და მთელი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ითანამშრომლონ მჭიდროდ, რათა პრივატიზებიდან მიღებული თანხების ხარჯვის გრაფიკი იყოს უმკაცრესად შეთანხმებული ეროვნულ ბანკთან.”(სტილი დაცულია)

2005 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯვის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. ამ თანხების დიდი ნაწილი მიზნობრივ დაფინანსებას მოხმარდება და ქვეყნის ენერგეტიკასა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე წარიმართება. თუმცა 450 მილიონი იმდენად რეკორდული შემოსავალია საქართველოსთვის, რომ მისმა დაუგეგმავმა და არაკოორდინირებულმა ხარჯვამ შეიძლება სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემაც კი შექმნას.
XS
SM
MD
LG