Accessibility links

შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერები თადარიგს იჭერენ, რათა ყირგიზეთის მსგავსი მოვლენები მათს სახელმწიფოებშიც არ მოხდეს


ყირგიზეთში, გასულ თვეში მომხდარი ამბოხების შემდეგ მეზობელი ქვეყნების მთავრობები ახლავე იჭერენ თადარიგს, რათა ანალოგიური მოვლენები მათს სახელმწიფოებშიც არ განვითარდეს.

კაცმა რომ თქვას, ბუნებრივიც არის, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადაგდებას შუა აზიის რეგიონის ლიდერთა შეშფოთება მოჰყვა. მით უმეტეს, რომ უკლებლივ ყველა მათგანი, აყაევისა არ იყოს, 90-იანი წლების დასაწყისიდან უდგას სათავეში თავის ქვეყანას. როგორ ცდილობენ ისინი, ყირგიზეთის მსგავსი მოვლენები აირიდონ?

ერთი ძველი აღმოსავლური სიბრძნის თანახმად, დამარცხება ხშირად გაცილებით უფრო მეტად ჭკუისსასწავლებელია, ვიდრე გამარჯვება. შუა აზიაში ამ სიბრძნეს, როგორც ჩანს, ანგარიშს უწევენ. იქაურ ლიდერებს ჯერაც თვალწინ უდგათ ბიშკეკის მარტის მოვლენები და არ სურთ, ყირგიზეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ასკარ აყაევის ბედი გაიზიარონ:

[ასკარ აყაევის ხმა] "ვხელმძღვანელობ რა ჩემი ადამიანური და მოქალაქეობრივი მოვალეობით მშობელი ხალხის წინაშე, აგრეთვე, ჰუმანისტური მოსაზრებებით, მინდა გამოვაცხადო, რომ ვადამდე, საკუთარი სურვილით ვტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას."

ასკარ აყაევის ეს განცხადება ყირგიზეთის მეზობელი ქვეყნების ლიდერებს ახლაც ყურში ჩაესმით და ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა არ დაუშვან სახალხო მღელვარების ისეთი აზვირთება, რომელსაც პრეზიდენტის ჩამოგდება მოჰყვებოდა.

მაგალითად, ყაზახეთში კენჭისყრის დასრულებისა და არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას შორის დროის მონაკვეთში უკვე აიკრძალა თავყრილობებისა თუ დემონსტრაციების გამართვა, რაც საზოგადოებას 8 აპრილს აუწყა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ონგალსუნ ჟუმაბეკოვმა, რომელიც დღეს უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს.

[ონგალსუნ ჟუმაბეკოვის ხმა] "ჩვენს პროექტში გამოვთქვით წინადადება, აიკრძალოს ყოველგვარი მასობრივი შეკრება თუ დემონსტრაცია კენჭისყრის დასრულებისა და არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას შორის პერიოდში. ეს წინადადება პარლამენტმა მოიწონა."

შუა აზიის დანარჩენ ოთხ სახელმწიფოსთან შედარებით ყაზახეთში უკეთესი მდგომარეობაა: მეტი თავისუფლებით სარგებლობს, არსებობს მეტ-ნაკლებად აქტიური ოპოზიცია, დროდადრო იმართება დემონსტრაციები. ყაზახეთის მეზობელ ქვეყნებში ესეც იშვიათობაა. იქაურმა მთავრობებმა კრიტიკის ობიექტად უცხო ქვეყნების საელჩოები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქციეს. მაგალითად, ასკარ აყაევმა თავისი ჩამოგდების ხელშეწყობაში პირდაპირ დაადანაშაულა ყირგიზეთში შეერთებული შტატების ელჩი სტივენ იანგი.

ეს გამოცდილება გაითვალისწინა ტაჯიკეთმა, რომელმაც გასულ კვირაში მიღებული კანონით უცხო ქვეყნების საელჩოები და ორგანიზაციები დაავალდებულა, ხელისუფლებას მოახსენონ მედიასთან და პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივისტებთან ნებისმიერი კონტაქტის შესახებ.

თურქმენეთშიც კი, სადაც ოპოზიციური პარტიები საერთოდ არ არსებობს, და დამოუკიდებლობის პერიოდში ალბათ ერთი ან ორი დემონსტრაცია თუ გაიმართა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავი დაიზღვიოს. ჯერ ერთი, სახელმწიფოს მეთაურმა საფარმურად ნიაზოვმა, რომელიც 1999 წელს სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს, თქვა, რომ 2009 წელს ქვეყანას მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

[საფარმურად ნიაზოვის ხმა] "2009 წელს ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგვჭირდება. არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ამ თანამდებობაზე ჩემი შემცვლელის მოძებნა."

ამ განცხადებით, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტმა დღესაც - ეუთოს მორიგე თავმჯდომარესთან, დიმიტრი რუპელთან შეხვედრისას - დაადასტურა, ნიაზოვმა, როგორც ჩანს, სცადა ახლავე დააშოშმინოს თავისი პოტენციური პოლიტიკური ოპონენტები. და ალბათ ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვისაუბროთ ყირგიზეთის გამოცდილების გათვალისწინებაზე - იქ ასკარ აყაევმა საზოგადოება ხომ სწორედ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით გააღიზიანა, რომელმაც მას პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ვადით დარჩენის საშუალება მისცა.

თუმცა, ნიაზოვმა სხვა ნაბიჯებიც გადადგა. მაგალითად, მისი ბრძანებულებით აიკრძალა თურქმენეთში უცხოეთის საფოსტო სამსახურების საქმიანობა. ახლა ქვეყანაში უცხოეთიდან შესულ მთელს ფოსტას ადრესატებს ადგილობრივი სახელმწიფო საფოსტო სამსახური დაურიგებს (ან არ დაურიგებს). ხოლო ისეთი კომპანიების საქმიანობა, როგორიცაა DHL-ი ან FedEx-ი, შეწყვეტილია.

შუა აზიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყირგიზეთის მოვლენების კვალდაკვალ რაიმე საგანგებო ზომები არ გაუტარებია, უზბეკეთი გახლავთ. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს იმით უნდა აიხსნას, რომ იქ ოპოზიციური პარტიები რეალურად უკვე ალაგმულია და მოსახლეობასაც თითქმის არ ეძლევა უკმაყოფილების გამოთქმის საშუალება.
XS
SM
MD
LG