Accessibility links

logo-print

ბიზნესმენები მთავრობას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავების განხილვა კერძო არბიტრაჟში

2008 წლამდე გადაიდება, ბიზნესმენები აქტიურად აპროტესტებენ. ბიზნესმენთა ფედერაციაში შეკრებილი მეწარმეები და ექსპერტები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის კუთხით, უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ბიზნესმენებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მათ აზრს გაითვალისწინებს. მინდა გესაუბროთ კერძო არბიტრაჟის გაუქმებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პერიპეტიებზე.

ეკონომიკური ექსპერტებისა და ბიზნესმენთა მიერ ატეხილი ხმაურის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მთავრობის წინადადებას ლამის ერთსულოვნად იღებს და ოთხი თვის წინ ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში შეაქვს ცვლილება, რომელიც კერძო არბიტრაჟის მოქმედების ვადას 2008 წლამდე აჩერებს.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტში პროტესტს მხოლოდ ოპოზიცია გამოთქვამს. მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, “სამარცხვინოა, როცა პარლამენტის უთავმოყვარეობა იქამდე მიდის, რომ მთავრობის ყველა დაკვეთას უპირობოდ ეთანხმება.” უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას კი იმით ამართლებს, რომ მსოფლიო პრაქტიკა არ ითვალისწინებს საგადასახადო დავების განხილვას კერძო არბიტრაჟში. საინტერესოა, რომ არც უმრავლესობას და არც მთავრობის წევრებს მსოფლიო პრაქტიკა მაშინ არ გახსენებიათ, როდესაც თავის დროზე ახალ საგადასახადო კოდექსს მისცეს ხმა და მას „რევოლუციური დოკუმენტი“, ხოლო არბიტრაჟის ინსტიტუტს ყველაზე პროგრესული ნოვაცია უწოდეს.

დამოუკიდებელი არბიტრის ინსტიტუტში ბიუჯეტისათვის საფრთხე ხელისუფლებამ მაშინ დაინახა, როდესაც „თელასმა“ თბილისის საარბიტრაჟო პალატაში მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან დავა მოიგო. პალატის არბიტრების გადაწყვეტილებით, „თელასს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 მილიონი ლარის გადახდა აღარ მოუწევს.

ხელისუფლება კერძო არბიტრაჟის მოქმედების არა მარტო შეჩერებას, მის საერთოდ გაუქმებას აპირებს და ამის მოტივად არბიტრების მიკერძოება და ამ დავების ხარჯზე სახელმწიფო ხაზინის დაცარიელების საფრთხე მიაჩნია.

კერძო არბიტრაჟთან დაკავშირებით განსაკუთრებით კატეგორიულია პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის კომენტარმაც ბიზნესმენები კიდევ უფრო გააღიზიანა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „საკითხები, რომელიც არბიტრაჟში არბიტრების მიერ აბსოლუტურად არასამართლიანად განიხილება... ის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი... ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ბიუჯეტში ამ თანხების არშემოსვლას.“ (სტილი დაცულია)

ხელისუფლების ეს პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია ბიზნესწრეებისათვის. მეწარმეები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განგაშს ტეხდნენ და მთავრობას კონსულატაციებისაკენ მოუწოდებდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ. პარლამენტის გადაწყვეტილებით აღშფოთებული მეწარმეები 21 აპრილს ბიზნესმენთა ფედერაციაში შეიკრიბნენ და მთავრობის მიმართ საგანგებო მიმართვაც მიიღეს. ხელისუფლების ნაუცბათევი გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. პატარკაციშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მათთან შეთანხმება უხეშად დაარღვია:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ ცალმხრივად დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ერთობლივად მივიღეთ და, მიუხედავად იმისა, რომ მე მთავრობის ხელმძღვანელთან გუშინ მქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც პრივატიზაციის პრობლემებზე ვსაუბრობდით და მას ჩემი კონცეფცია გავაცანი, ერთი სიტყვაც არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას.“

მიუხედავად ამ განცხადებისა, ბიზნესფედერაცია კოლეგებს მთავრობასთან დიალოგის განახლებისაკენ მოუწოდებს და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მსოფლიოში სრულიად ახალი იმიჯით სარგებლობს, არც მეწარმეობის განვითარებისა და ბიზნესის უფლებების დაცვაში შეირცხვენს თავს.
XS
SM
MD
LG