Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ეჭვები, რომელიც ამ ნაბიჯებს ახლავს


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე წარუდგინა იმ პირთა სია, რომლებითაც საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს.

სია 18 კაციანია, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში კი 9 კაცმა უნდა იმუშაოს. 18-დან 9 -ს პარლამენტი შეარჩევს, შემდეგ კი მათ პრეზიდენტი დაამტკიცებს. ამის შემდეგ სამეურვეო საბჭო აირჩევს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს და მთელი 6 წლის მანძილზე იმუშავებს საზოგადოებრივი ტელევიზიის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრისთვის. ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად საქართველოში პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ პირველმა ნაბიჯებმა სერიოზული ეჭვები გააჩინა. სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად პრეზიდენტის მიერ შერჩეული სია ბევრს არ მოსწონს.

პოლიტიკურად ნეიტრალურები და მრავალმხრივი გამოცდილების მქონენი - ამ ცოტა ხნის წინ ასე დაახასიათა პრეზიდენტის პრესსპიკერმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტებისთვის შერჩეული პირები. ესენი არიან: ცნობილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი, მუსიკოსი ვახტანგ ბაბუნაშვილი, იურისტი ანა დოლიძე, პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, ფილოსოფოსი გია ნოდია, ფრიდონ თოდუა, ხათუნა ტყეშელავა, მაია მიქაშავიძე, ლევან თარხნიშვილი, ნიკოლოზ ყაველაშვილი, თამარ კინწურაშვილი და სხვები.

“როცა პრეზიდენტის მიერ შედგენილ სიას გადავხედე, გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ამ 18 კაციდან კარგი საბჭოს შექმნაც შეიძლება და ცუდისაცო”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ნათქვამს დასძინა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] “იქ არიან კონკრეტული პირები, რომლებივ თავის დარგში პროფესიონალები არიან, მაგრამ იმაში, რომ მათ კარგად ესმით საზოგადოების მოთხოვნილებები ტელევიზიის მიმართ, ეჭვის შეტანა შეიძლება და, რაც მთავარია, ბევრია ხალხი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და გამოირჩეოდა ყოველთვის. ამიტომ ამ 18 კაცისგან კარგის გამოყვანაც შეიძლება და ცუდისაც. ვნახოთ. “

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შედგენილ სიას “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ. მათგან აზრის გაზიარება მამუკა კაციტაძეს ვთხოვე.

[მამუკა კაციტაძის ხმა] “თავისუფლების ხარისხი ამ ადამიანებისა არის მეტ-ნაკლები - ზოგთან არის, ზოგთან საერთოდ არ არის. ეს არის მორიგი ფანდი ხელისუფლებისა იმისთვის, რომ ტელევიზიის გარშემო შექმნას სანდო ბუფერი, სინამდვილეში ასე არ ხდება და ამიტომ, როცა დაიწყება ამ კანდიდატურებზე მსჯელობა, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს. “

რა მექანიზმით შეირჩნენ კანდიდატურები საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოსთვის? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, კანონით ასეთი მექანიზმი არ განსაზღვრულა. რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ კანონით” განისაზღვრა:

[ლევან რამიშვილის ხმა] “ირჩევს და ათავისუფლებს გენერალურ დირექტორს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ძირითად პოლიტიკას, განსაზღვრავს მის ბიუჯეტს, ამტკიცებს მის სტრუქტურას. ასევე სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაა საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა. “

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა მრავალფეროვანი იყოს, საზოგადოებრივი საბჭოები უნდა შეიქმნას სხვადასხვა მიმართულებით, რათა შეიქმნას სრული სურათი იმისა, თუ რას ითხოვს საზოგადოება საზოგადოებრივი ტელევიზიისგან. საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა მუშაობდეს ყველას ინტერესების გათვალისწინებით - იქნება ეს ეთნიკური უმცირესობების ინტერესები, რელიგიური უმცირესობების ინტერესები, ახალგაზრდების ინტერესები თუ სხვ.

მთავარი პირობა მაინც არის ის , რომ არც სამეურვეო საბჭო და არც მის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული ტელევიზიის გენერალური დირექტორი არ უნდა ჩაერიოს ტელევიზიის სარედაქციო მუშაობაში. ამას ითხოვს კანონი, თუმცა ის, თუ როგორ იმუშავებს კანონი, როგორც ჩანს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ ადამიანების პრინციპულობაზე, რომლებსაც ცოტა ხანში საზოგადოებრივი ტელევიზიის მართვის სადავეებს ჩააბარებენ.
XS
SM
MD
LG