Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ომბუდსმენი, რომელსაც ხელისუფლება არ ერჩის, ცუდი ომბუდსმენია”


ხუთშაბათს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის წინაშე პირველი ანგარიშით წარდგა. დეპუტატებისადმი ომბუდსმენის ვრცელი წერილობითი მოხსენება ადამიანის

უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითებისა და ანალიტიკური ნაწილისგან შედგება, თუმცა უშუალოდ გამოსვლისას სუბარმა, ძირითადად, ფაქტებზე ისაუბრა.
როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში სამართალდამცავებმა კვლავ გაიხსენეს ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთი ფორმა, რომელიც საქართველოში ბოლოს 10 წლის წინ გამოვლინდა.
მინდა სახალხო დამცველის ანგარიშსა და მისდამი დეპუტატების რეაქციაზე მოგითხროთ.



საქართველოში ადამიანის უფლებები ყველა სფეროში ირღვევა: მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, ხოლო იზოლატორის უფროსი, რომელიც პატიმართა ცემის გამოა მხილებული, დასჯის ნაცვლად, სხვა იზოლატორის ხელმძღვანელად გადაჰყავთ. ქვეყანაში არსებული ამგვარი სიტუაცია სახალხო დამცველმა კონკრეტული ფაქტებით დაადასტურა. ადამიანის უფლებებს არღვევენ საპატიმროებსა და ჯარში, არღვევენ სამართალდამცავები, ირღვევა შრომის, ბიზნესმენთა და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. სუბარმა თბილისში, რუსთავსა და თერჯოლაში პოლიციის მიერ მიტინგების დარბევის ფაქტები დაასახელა და განსაკუთრებით აღნიშნა ის გარემოება, რომ მშვიდობიანი აქციის 7 მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა:

[სოზარ სუბარის ხმა] ,,მსგავსი რამე, რაც მე ინფორმაცია მაქვს, არ მომხდარა 1995 წელს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ერთ-ერთი მთავარი, რაც სახალხო დამცველის მოხსენებისას გამოიკვეთა, ის არის, რომ ადამიანის უფლებების პრაქტიკულად არც ერთი დამრღვევი არ დასჯილა. თავად სუბარმა თანამდებობის რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა. მათ შორის აღმოჩნდა, მეწარმეებზე ზეწოლის გამო, შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი, საპატიმროებში არსებული ვითარების გამო კი - პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი შოთა კოპაძე. თუმცა პირველი გახლავთ ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასა და ინვალიდთა ლიგისთვის კუთვნილი თანხის გაცემაზე:

[კახა კუკავას ხმა] ,,როგორმე შევეცდებით, რომ ჩეჩელაშვილის იმპიჩმენტის საკითხს მივაღწიოთ, მაგრამ, როცა ქვეყანაში გვყავს ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, ძალიან არასამართლიანია სახალხო დამცველისგან პრიორიტეტის გაკეთება მაინცდამაინც ჩეჩელაშვილზე.” (სტილი დაცულია)

საერთო ჯამში კონსერვატორი კახა კუკავა ომბუდსმენის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მოხსენებას ადარებს, თუმცა, ამბობს, რომ, სხვა სახალხო დამცველებისგან განსხვავებით, სუბარი ფაქტებს აღიარებს. ამ მხრივ, მოხსენებას პროგრესულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილიც:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ,,მთავარი უკვე არის ხელისუფლების პოზიცია, ჩვენი, პარლამენტის, მთავრობის, რამდენად მოახდენს ის ამაზე რეაგირებას. თუ თვითონ ხელისუფლებაში არ იქნა პოლიტიკური კლიმატი, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოხდეს, ეს დარჩება ’’ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.” ანუ გამოვა, რაღაცას იტყვის, გულს მოვიფხანთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.” (სტილი დაცულია)

ყველაფერი რომ ისევ ისე გაგრძელდება, ეჭვი არ ეპარება რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,დაუსჯელი დარჩება ომბუდსმენის გამოსვლის შემდეგაც. ომბუდსმენმა უნდა იცოდეს, რომ კარგი მოხსენების დაწერა არის მისი საქმიანობის 0,001%. ხელისუფლებასთან დაპირისპირება თუ არ იქნა, ომბუდსმენი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ომბუდსმენი, რომელსაც ხელისუფლება არ ერჩის, ცუდი ომბუდსმენია. პირდაპირ გეუბნები, ცუდი ხარ, თუ არავინ არც გემუქრება, არც გერჩის და გაძლევს საშუალებას ხელფასი და პრემია აიღო.” (სტილი დაცულია)

ლევან ბერძენიშვილი ომბუდსმენს ტესტს და პატრულის მიერ მოკლული ახალგაზრდის საქმის გამოძიებას სთავაზობს, მემარჯვენე ოპოზიცია სახალხო დამცველისგან თავდაცვის მინისტრის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოკვლევას მოითხოვს, თავად სოზარ სუბარი კი პარლამენტს უფლებამოსილების გაფართოებას სთხოვს.
ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევის გამო ომბუდსმენის მიერ დასახელებულ პირთაგან ერთის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია, მეორის - პრეზიდენტის, მესამის კი - იუსტიციის მინისტრის.
ის, რომ რომელიმე მათგანი სახალხო დამცველის რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მოსალოდნელი ნაკლებადაა. ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით ხუთშაბათს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ, თუმცა ამჯერად ყურის ახევით არ დამუქრებიან. ამ ინციდენტის შემდეგ დეპუტატები მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ მოხსენებას ნახევრად ცარიელ დარბაზში და პერიოდულად ცალი ყურით უსმენდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG