Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ”კანონის უზენაესობის მისიას” მიაჩნია, რომ საქართველოში რეფორმას წლები დასჭირდება


სამშაბათს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ახალი ევროპა” საქართველოში ევროკავშირის პილოტური პროგრამის -”კანონის უზენაესობის მისიის” - შესახებ გიამბეთ.

ამჯერად კი შემოგთავაზებთ რადიო ”თავისუფლების” ექსკლუზიურ ინტერვიუს მისიის ხელმძღვანელთან, ფრანგ იურისტ სილვი პანცისთან, რომელსაც მიაჩნია, რომ, მიუხედავად ევროკავშირის მისიის წარმატებული საქმიანობისა, საქართველოს სასამართლო სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.


ფრანგმა მოსამართლე ქალმა სილვი პანციმ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ”კანონის უზენაესობის მისიას” უდგას სათავეში, რამდენიმე წელი დაყო ბოსნია-ჰერცოგოვინასა და კოსოვოში, სადაც სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს აკვირდებოდა. წარსულის გამოცდილებაზე რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ ცვლილებების გატარება ბალკანეთის ქვეყნებში არც მაშინ იყო იოლი და არც ახლაა. მაგრამ პინცი ამბობს, რომ ცვლილებები კიდევ უფრო ბევრ სირთულეს წააწყდება საქართველოში და მხედველობაში აქვს კანონების არა მიღების, არამედ მათი ცხოვრებაში გატარების სირთულე:


[სილვი პანცის ხმა] ”თუ თქვენ კანონმდებლობაზე, მოქმედ კანონებზე საუბრობთ, მე ვიტყოდი ”დიახ”. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს დღევანდელ საქართველოში, ეს არის პრაქტიკა. ვინაიდან თქვენ შეიძლება გქონდეთ დედამიწის ზურგზე ყველაზე იდეალური სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაგრამ მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ ისაა, თუ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში ეს კანონები.”

ევროკავშირის ”კანონის უზენაესობის მისია” საქართველოში გასული წლის ივნისის ბოლოს დაიწყო და მას 8 წევრიანი გუნდი ახორციელებს. ისინი გამოცდილი იურისტები არიან, 10 წლიანი პრაქტიკული სტაჟით. მათ შორის არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, ლიტვისა და ლატვიის, წარმომადგენლებიც. სილვი პანცის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ეკლექტური და მოუქნელი წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების პროცესუალური მხარის მოწესრიგებაზე.


[სილვი პანცის ხმა] ”საქართველოს სისხლის სამართლის სისტემა აქამდე იყო და ახლაც არის ორი სისტემის ერთგვარი ნაზავი. იგი მეტისმეტად მკაცრია წინასწარი გამოძიების დროს, სასამართლო გამოძიების პროცესში კი ადგილი აქვს პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის გაუთავებელ დავას, რაც სასამართლო პროცესის უსაშველო გაჭიანურებას იწვევს. ”

სილვი პანცის, საქართველოში ევროკავშირის ”კანონის უზენაესობის მისიის” ხელმძღვანელს, მაგალითად მოჰყავს საფრანგეთი, სადაც წინასწარი გამოძიების ფაზა საკმაოდ ხანგრძილივია, სამაგიეროდ, სასამართლო გამოძიება იკავებს ძალიან ცოტა დროს. საქართველოში კი მოსამართლე რვა თვეს უნდება იმას, რასაც საფრანგეთში მხოლოდ ორი დღე სჭირდება. პანცის თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ მოსამართლეები არ არიან ბოლომდე დამოუკიდებელნი:

[სილვი პანცის ხმა] ” ყველაფერთან ერთად, საქართველოში მოსამართლეების, სისხლის სამართლის მოსამართლეების, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოსამართლეებს არა აქვთ ნასწავლი გადაწყვეტილების მიღება. ისინი კი არ ამაყობენ გადაწყვეტილების მიღებით, არამედ ეშინიათ და უფრთხიან. მათ უმრავლესობას არ სურს გადაწყვეტილების მიღება, რითაც ასევე შეიძლება აიხსნას სასამართლო განხილვის ვადის გახანგრძლივება.”

მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა, საქართველო არის ერთადერთი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც სასამართლო სისტემის ცვლილებების მხარდასაჭერად, სახელწოდებით ”კანონის უზენაესობის მისია”, ევროკავშირმა პილოტური პროგრამა წამოიწყო. პანცის თქმით, ამ პროგრამის შესაძლებლობებით რეგიონის სხვა ქვეყნებმაც შეიძლება ისარგებლონ:

[სილვი პანცის ხმა] ” კოლეგებმა, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და უცხოვრიათ კიდეც აზერბაიჯანში, მითხრეს, რომ ასეთივე მისია ძალიან სჭირდებათ აზერბაიჯანშიც. და როგორც ევროკავშირის სემინარზეც ვთქვი, მე ძალიან მომწონს ”კანონის უზენაესობის მისიის ” კონცეფცია, რომელსაც საქართველოში დღესდღეობით მე ვუდგავარ სათავეში. მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც აზერბაიჯანში, ისე აფრიკასა და აზიაშიც. და სასურველიცაა, რომ გამოყენებულ იქნეს.”

იმისთვის, რომ ევროკავშირისგან ასეთი დახმარება მიიღოს, მსურველი ქვეყნის მთავრობა ვალდებულია გაატაროს აუცილებელი რეფორმები. საქართველოში ”კანონის უზენაესობის მისიის” ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად შეემუშავებინა რეფორმების სტრატეგია, რისი განხორციელებაც, თავად პანცის ზემოხსენებულ შეფასებებს თუ გავიხსენებთ, არა ერთი წლის საქმე გახლავთ.
XS
SM
MD
LG