Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაიშალა ნოღაიდელი-კოკოითის შეხვედრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 21 აპრილისთვის დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მხარეები შეხვედრის ჩაშლის განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ: ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, ნოღაიდელი-ცხინვალის შეხვედრა არც იგეგმებოდა. შესაბამისად, ცხინვალი ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ შედგეს, ასე ვთქვათ, „შეხვედრა შეხვედრისთვის“. სხვა ვერსია აქვს ქართულ მხარეს - ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, კოკოითმა, უბრალოდ, მასთან შეხვედრა არ ისურვა.


პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის დებიუტი სამშვიდობო პროცესში გადაიდო - ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი არ ჩქარობს საქართველოს პრემიერთან სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. არადა, ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის პერიოდში ედუარ კოკოითი სწორედ ამ უკანასკნელთან ამჯობინებდა შეხვედრას და ცალსახად ამბობდა, რომ ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ზურაბ ჟვანიას მიმართ ჰქონდა ნდობა.
ზურაბ ნოღაიდელს ცხინვალის ხელისუფლების ნდობა ჯერ არ დაუმსახურებია. თუმცა, როგორც 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმართ არ შეცვლილა - ოფიციალური თბილისი ერთგულია სტრასბურგში გახმიანებული სამშვიდობო ინიციატივის პრინციპებისა და მხარს დიალოგს უჭერს:
[ ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტის მოგვარება დიალოგის გარეშე იქნება შეუძლებელი და, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ერთი მხრივ, წუხილი, რომ შეხვედრა არ შედგა, და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ გიორგი ხაინდრავამ უნდა შეათანხმოს შეხვედრის ახალი თარიღი და უნდა შევძლოთ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში სერიოზულ შედეგს მივაღწიოთ.“(სტილი დაცულია)
ოფიციალური თბილისის ცხინვალისადმი დამოკიდებულების შერბილების ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ძევერას რეზერვისტთა ბაზის გაუქმება - ცხინვალის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა კონფლიქტის ზონის სიახლოვეს რეზერვისტების თავმოყრის ფაქტს. საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ირკვევა, კოკოითის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობა თავად ცხინვალშიც იზრდება - რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტს გორში გოგა აფციაურს ხელში ჩაუვარდა ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების“ საზოგადოებრივი კომიტეტის მოწოდება ცხინვალის მოსახლეობისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ, სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, კოკოითს აგრძნობინეს, რომ კონფლიქტის მოგვარების მოსკოვისეული ხედვა შეიცვალა და რომ კოკოითი ამ ახალ სტრატეგიაში როლს ვეღარ შეასრულებს. - „ამის შემდეგ კოკოითის პოლიტიკა ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდა, - ნათქვამია მოწოდებაში. - რამდენიმე დღის წინ ცხინვალში დააპატიმრეს “ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების” საზოგადოებრივი კომიტეტის რამდენიმე წევრი. ისინი დღემდე დაპატიმრებულნი არიან და მათ მიმართ წამებას იყენებენ.“

გამოსავალს ცხინვალში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოლაპარაკებაში ხედავს, ოღონდ დარწმუნებით აცხადებს, რომ კოკოითის მმართველობის პირობებში მოლაპარაკებას არავითარი აზრი არ ექნება.
XS
SM
MD
LG