Accessibility links

თბილისში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ჩამოვიდა

  • ნინო როდონაია

დღეს თბილისში რამდენიმე საათით ჩამოვიდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, რომელმაც ბლიც-ვიზიტის მთავარ მიზნად ქართველ

კოლეგებთან პრობლემებზე გულახდილი საუბარი დაასახელა. ამ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი - სამხედრო ბაზები და კონფლიქტების მოგვარება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის შეხვედრის მთავარი თემები იყო.
მოგითხრობთ სერგეი მირონოვის ვიზიტზე.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სერგეი მირონოვი საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, პანკისის დაბომბვის აუცილებლობაზე საუბრობდა, ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ მირონოვი იმ რუს პოლიტიკოსთა შორისაა, რომლებთანაც შესაძლებელია კონსტრუქციული დიალოგი.
თბილისში ფედერაციის საბჭოს სპიკერის ხანმოკლე ვიზიტს რუსული პრესა ბრძოლის დაწყებამდე საჭირო დაზვერვას უწოდებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ბაზების დახურვის თბილისისთვის მისაღები ვადა მოსკოვმა 15 მაისამდე უნდა დაასახელოს. მარტში გამოქვეყნებული ამ დადგენილების შემდეგ განახლებულ მოლაპარაკებას რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. დღეს მირონოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და რუსეთი შეთანხმებას შეძლებენ:

[სერგეი მირონოვის ხმა] ,, აუცილებელი კომპრომისი, მე მჯერა, რომ გამოიძებნება. ყველაზე მთავარია რუსეთის პრინციპული და უცვლელი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსულმა ბაზებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.”

ფედერაციის საბჭოს სპიკერი ამბობს, რომ რუსეთის მოთხოვნა მისი სამხედრო ბაზების დახურვისა და სხვა ტერიტორიაზე შემდგომი განლაგების ცივილიზებული მექანიზმების შემუშავებაა. სერგეი მირონოვის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისთვის მშობლიურ ენაზე უპასუხა ერთობლივ ბრიფინგზე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,, ჩვენ გვესმის, რომ ყველა ტექნიკური დეტალის გარკვევა 15 მაისამდე, შესაძლოა, ვერ მოესწროს, თუმცა იმედი მინდა მქონდეს, რომ ძირითადი ვადა შეთანხმდება. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობა და საქართველოს პარლამენტის შემდგომი ნაბიჯები.”

საქართველოს პარლამენტის შემდგომი მოქმედება რომ მის მიერვე დამტკიცებული დადგენილების შინაარსის შესაბამისი იქნება, სერგეი მირონოვს დაუდასტურეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ:

[გივი თარგამაძის ხმა] ,,ბუნებრივია, თუ მანამდე ხელშეკრულება არ შედგა, 15 მაისიდან ავტომატურად დაიწყებს მუშაობას განსაკუთრებული რეჟიმი.” (სტილი დაცულია)

ამ რეჟიმს საქართველოს პარლამენტის წევრები ,,რუსული ბაზების გაყვანის რეჟიმს” უწოდებენ. მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სერგეი მირონოვის დღევანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი საკუთარი სამხედროების გაყვანას მხოლოდ 2008 წლის ბოლოს შეძლებს.
ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლების უცვლელი პოზიცია რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც დაუდასტურა. პარლამენტისა და მთავრობის განცხადებებს კი საფუძველი კიშინიოვიდან გაუმყარა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც სუუამის ლიდერთა სამიტზე რუსეთს საკუთარი სამხედრო ბაზების დახურვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოლდოვეთშიც მოსთხოვა.
ბაზების პრობლემაზე მსჯელობა ორშაბათიდან, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, მოსკოვში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG