Accessibility links

საპატრიარქო კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ


თბილისის ისტორიულ უბანში - წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში - მდებარე შენობებს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფუნქცია კომუნისტების ეპოქაში მიენიჭა,

მას შემდეგ, რაც ეკლესია, მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, საპატრიარქოს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა. მაშინ სახელმწიფომ საეკლესიო პირებისთვის აშენებულ შენობებში საერო პირები შეასახლა. დღეს ეს შენობები პრივატიზებულია, თუმცა საპატრიარქო წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში მცხოვრებთათვის მესაკუთრის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ეკლესიის ეზოში მცხოვრებთა მიერ საცხოვრებელი ფართობის პრივატიზაცია უკანონოდ მოხდა, ეს უკანასკნელნი კი საპატრიარქოს მოთხოვნაში ხედავენ უკანონობას.

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში 8 ოჯახი ცხოვრობს. მათ ის შენობები უკავიათ, რომლებიც თავის დროზე ეკლესიის წინამძღვრის, მნათესა და სხვა საეკლესიო პირებისთვის აშენდა. საეკლესიო პირებისთვის განკუთვნილი ფართის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ფართად გადაქცევა გასაბჭოების შემდეგ მოხდა. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე შენობაში თავის დროზე ნელი მაისურაძის ოჯახი ასე შეასახლეს:

[ნელი მაისურაძის ხმა] “1900 წელს გვქონდა ოქროთი ნაყიდი მიწა 5 დეკემბრის ქუჩაზე, კოლექტივიზაციის დროს წაგვართვეს სახლიც და მიწაც , 59 წელს ბაბუამ გამოისყიდა ეს სახლი და მიწა. 63 წელს დაგვინგრიეს ეს სახლი ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით და შეგვასახლეს ამ სახლში. “

მსგავსი თუ ცოტა განსხვავებული ისტორიით, ავლაბარში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში, საეკლესიო პირებისთვის აშენებული შენობები სხვა ოჯახებმაც დაიკავეს. მათმა წარმომადგენლებმა კი დიდი ხნის მანძილზე დაკავებული საცხოვრებელი ფართობის კერძო საკუთრებაში გაფორმება 1992 წელს მოახერხეს. ეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულმა პრივატიზაციის პროცესმა მოიტანა, არადა, თურმე არსებობდა 1990 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილება წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე შენობების ეკლესიისთვის დაბრუნების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ისტორიულ ნაგებობებს წარმოადგენს. სწორედ ეს დადგენილება გახდა საპატრიარქოს სასამართლო სარჩელის საფუძველი. იქ მიიჩნევენ, რომ წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში მცხოვრებთა მიერ დაკავებული ფართობის პრივატიზაცია უკანონოდ მოხდა, ვინაიდან ეკლესიის ეზოში მდებარე შენობები, 1990 წლის დადგენილებით, საპატრიარქოსთვის იყო გადაცემული. საპატრიარქო პრივატიზაციის გაუქმებას ითხოვს. ამ მოთხოვნით შეშფოთებულმა მესაკუთრეებმა კი საკუთარ უფლებებში გასარკვევად თავისუფლების ინსტიტუტს მიმართეს. “თავისუფლების ინსტიტუტმა” საქმის გამოკვლევა დაიწყო და დაასკვნა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნის მიმართულება არასწორია, რადგან პრივატიზაცია სახელმწიფომ განახორციელა და სარჩელის ადრესატიც სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და არა კერძო მესაკუთრე.
ამას გარდა, “თავისუფლების ინსტიტუტის” ინფორმაციით ( რაც, ამ ინსტიტუტის წარმომადგენლების მტკიცებით, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა), პრივატიზებული სახლები არ წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს და მათი პრივატიზება კანონმდებლობით დასაშვები იყო.

[მარიამ დემეტრაძის ხმა] “ეს არის ზუსტად შეცდომა. სასამართლოში არსებული ისტორიული მასალებით, ეს იყო საყარაულო სახლი, დეკანოზის სახლი, კელიები, ასე რომ, ეს ნამდვილად ეკლესიის საკუთრება იყო. ეკლესიას არ სურს და არც მოთხოვნაშია დაყენებული მათი გამოსახლება. ვითხოვთ აღიარებული იქნეს ეკლესიის საკუთრების უფლება, ის, რომ ეკლესიას უკანონოდ ჩამოერთვა ეს ნაგებობები და მათი პრივატიზება უკანონოდ მოხდა. “

“ამის შემდეგ პრობლემა მორიგებით უნდა გადაწყდესო,” - აღნიშნავს საპატრიარქოს იურისტი მარიამ დემეტრაძე. მისი თქმით, თბილისის მერიამ ცნო ნაგებობებზე ეკლესიის უფლება, დაიწყო კიდეც წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში მცხოვრებ ოჯახებთან მოლაპარაკება, თუმცა გასახლებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნების გათვალისწინება 2006 წლისთვის გადადო. როგორ და როდის გადაწყდება დავა საპატრიარქოსა და კერძო მესაკუთრეებს შორის, ბუნდოვანია.
მესაკუთრეები საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
XS
SM
MD
LG