Accessibility links

თბილისში სასმელი წყლის სანიტარული მოთხოვნები სტანდარტებს აკმაყოფილებს, ზუგდიდსა და ქუთაისში კი მოსახლეობის მასობრივი მოწამვლის შემთხვევები სწორედ სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირდება


უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობის წყლით მასობრივი მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ქუთაისში ნაწლავური ინფიცირების ლოკალური

შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. წყალსაკანალიზაციო სისტემის დაზიანების შედეგად, მსუბუქად მოიწამლა 27 ადამიანი. ზუგდიდში კი, ენგურკომბინატის დასახლებაში, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, ვაჩნაძის ქუჩაზე მცხოვრები 30 ადამიანია ინფიცირებული. მართალია, მოწამვლის გამომწვევი მიზეზი ჯერ გამოკვლეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დამნაშავე, ამ კონკრეტული შემთხვევაშიც, დაბინძურებული წყალია.


საქართველოში წყლის დაბინძურების საერთო მიზეზებიდან რამდენიმე სახელდება: წყლის მიწოდების შეფერხება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ენერგოდეფიციტთან, სათავე ნაგებობების გაუმართაობა, წყალგაყვანილობის მოძველებული სისტემები და საკანალიზაციო ქსელის უქონლობა რეგიონებში. წყლის ხარისხის ვარგისიანობის ვიზუალურად დანახვა, როგორც წესი, შეუძლებელია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, შესაძლებელია წყლის ფერის, სუნისა და გემოს აღქმა. ამ ორიოდე კვირის წინ თბილისის მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობამ სწორედ ეს თავისებურებები შენიშნა სასმელ წყალში და, შესაბამისად, უკმაყოფილებაც გამოხატა. პასუხი დამაიმედებელი იყო, თუმცა მაინც უცნაურად ჟღერდა:

[იუზა ცარციძის ხმა]” ეს სუნი არის წყალსატევებში დამდგარი წყლის სპეციფიკური სუნი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში წყალმცენარეების აქტივობის გამო აქვს წყალს. მაგრამ თბილისის პირობებში ეს არის ძალიან ხანმოკლე, რამდენიმედღიანი. ასე რომ, დასალევად ვარგისია. “

“თბილწყალკანალის” ხელმძღვანელი იუზა ცარციძე თბილისელებს არწმუნებს, რომ დედაქალაქში სასმელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა, სტანდარტებს შეესაბამება და არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ასე რომ, ექსპერტთა მტკიცებით, სასმელი წყლის გადადუღებითა და ამასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური მცდელობებით თავის შეწუხება არ ღირს.

[წყლის ხმა]

[ბავშვის ხმა]

ეს პატარა ბიჭი თბილისში, საბურთალოზე, ცხოვრობს. მისი თანატოლების წყლით მოწამვლის შემთხვევები თბილისში უკანასკნელ ხანებში არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ საქართველოსა და ისეთ დიდ ქალაქებზე, როგორებიცაა რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი. ერთი ლიტრი ჩამოსხმული სასმელი წყლის, წყაროს წყლის, ფასი, საშუალოდ, ერთი ლარია. შესაბამისად, სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს წყლის ყიდვის საშუალება ნამდვილად არა აქვთ. თბილისში მომუშავე რუსთაველების დიდი ნაწილი საღამოობით შინ დედაქალაქში მომარაგებული წყლით სავსე ბიდონებითა და ბოთლებით ბრუნდება - ეს ჩვენი ყოფის შეულამაზებელი რეალობის ისეთივე უტყუარი ფაქტია, როგორც ის, რომ ქუთაისში წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის. ამას დაუმატეთ ლოკალური ავარიები და კუჭ-ნაწლავის აშლილობის გარდაუვალობა. უკანასკნელი ამგვარი ავარია ქალაქში 2 დღის წინათ მოხდა.

[ქეთევან ჩინჩალაძის ხმა]” წყალი იყო საკმაოდ დაბინძურებული, მოსახლეობა გაფრთხილდა იმის შესახებ, რომ წყალი აღარ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ უკვე საკმაო რაოდენობით იყო მიღებული საიმისოდ, რომ ინფიცირება მაინც წასულიყო მოსახლეობაში. ამის შემდეგ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზეა მილი დაზიანებული და მოხდა, უბრალოდ, ბინძური წყლების შერევა სასმელ წყალში.”(სტილი დაცულია)

როგორც ქუთაისის სანიტარული ინსპექციის უფროსი ქეთევან ჩინჩალაძე ვარაუდობს, დაზიანებულ მილში ნარეცხი წყალი მოხვდა. ამ მოსაზრებას იგი ავარიის ადგილის ზოგადი დათვალიერების საფუძველზე გამოთქვამს. ექსპერტული დასკვნა ჯერ არც ზუგდიდში აქვთ, თუმცა სანიტარული სამსახურის თანამშრომლები წყალში ფეკალური მასების შერევას არ გამორიცხავენ. ქუთაისსა და ზუგდიდში, ერთად, ამ დროისათვის დაახლოებით 60 ადამიანია დაზარალებული. მათი დიდი უმრავლესობა საშუალო სიმძიმის ავადმყოფია და ბინაზე მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კი კვლავაც რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყლის მომარაგება იქნება. ზუგდიდს დღე-ღამეში წყალი, ელექტროენერგიასთან ერთად, 2 საათის განმავლობაში მიეწოდება.
XS
SM
MD
LG