Accessibility links

logo-print

კათოლიკური ეკლესია: მეცნიერება და რწმენა


წლევანდელი აპრილის მთავარ საერთაშორისო თემად, ალბათ, შეიძლება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული ცნობები ჩაითვალოს.

მთელს მსოფლიოში პატივცემული და პოპულარული პაპის, იოანე პავლე მეორის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: მასთან გამოსამშვიდობებლად ვატიკანში მილიონობით ადამიანი ჩავიდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი - ტელევიზიით ადევნებდა თვალს პონტიფექსის დაკრძალვას. შემდეგ ყურადღების ცენტრში კარდინალთა კონკლავი აღმოჩნდა - შეკრება, რომელზეც ახალი პაპი უნდა აერჩიათ. ახლა კი ყველა ახალ პონტიფექსზე, ბენედიქტე მე-16-ზე ალაპარაკდა.

რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ ამჟამად გამორჩეული ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, რამდენიმე სიუჟეტი დავუთმოთ მასთან დაკავშირებულ თემებს, კერძოდ - კათოლიკური ეკლესიის პოზიციას სამ მნიშვნელოვან საკითხში: ესენია მეცნიერება, შობადობის კონტროლი და სოციალური სამართლიანობა. ვიწყებთ ამ, ჩამოთვლილი საკითხებიდან პირველით და, ალბათ, ყველაზე რთულით - რწმენისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებით.

კათოლიკური ეკლესია, რასაკვირველია, ერთადერთი კონფესია არ არის, რომელსაც უწევს, თვალი გაუსწოროს ერთგვარ წინააღმდეგობრიობას რელიგიასა და მეცნიერებას, რწმენასა და ცოდნას შორის: მართლაც ღმერთმა შექმნა სამყარო, როგორც ამას ებრაელთა, ქრისტიანთა და მუსლიმანთა წმინდა წერილები აღწერენ? რა ურთიერთმიმართებაა ადამიანსა და ცხოველებს შორის? უნდა აიკრძალოს, თუ უნდა დარეგულირდეს ადამიანის ასლის, მისი კლონის შექმნა? დასაშვებია აბორტი, კონტრაცეპტივები, ევთანაზია?

რელიგიასა და მეცნიერებას მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო: ორივეს ჭეშმარიტების ამოცნობა სურს. მათი მიდგომა, გზებია განსხვავებული...

ამ თემაზე ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა - კათოლიკურ ეკლესიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი მე-13 საუკუნის ღვთისმეტყველის, თომა აკვინელის ნააზრევს: ამ დიდი ფილოსოფოსის შეხედულებათა სისტემაში გონება - რწმენას ემსახურება. ფილოსოფია და მეცნიერებები ასაბუთებენ თეოლოგიურ ჭეშმარიტებებს, აადვილებენ მათ ღრმა გაგებას. ანუ, თომა აკვინელი არ უარყოფს მეცნიერების ღირებულებას, მხოლოდ შემოფარგლავს მის როლს რელიგიური მიდგომების, დოგმების რაციონალური დასაბუთებით.

მაგრამ ჩვენ არა მე-3, არამედ 21- საუკუნეში ვცხოვრობთ... როგორია დღეს ეკლესიის დამოკიდებულება რწმენისა და ცოდნის მიმართ?

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, დონ ჰილმა ჰოლანდიაში დაურეკა რელიგიის ფილოსოფიის ექსპერტს, ვილემ დრისს და აი, რატომ: დრისი სათავეში უდგას ორგანიზაციას, რომლის სახელწოდებაც არის “მეცნიერებისა და თეოლოგიის კვლევათა ევროპის საზოგადოება”. ვილემ დრისს არ უჭირს რაციოსა და რწმენას შორის ერთსულოვნების წარმოდგენა: [დრისის ხმა] “თუ რწმენას აღვიქვამთ ღმერთის, როგორც სამყაროს შემოქმედისადმი ნდობას, მის რწმენას - მაშინ ყველაფერს, რასაც მეცნიერების მეშვეობით შევიტყობთ სამყაროზე, შევიტყობთ იმის შესახებ, რაც ღვთის ნებაა”.

თუმცა, დასძენს ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, მეცნიერების ცოდნა სამყაროს შესახებ განუწყვეტლივ იცვლება. და თუ რწმენის საფუძველზე ჭეშმარიტებად მხოლოდ ის მივიჩნიეთ, რაც უკვე ცნობილი იყო და არის საუკუნეების მანძილზე, მაშინ, რა გასაკვირია, მეცნიერებასა და რწმენას შორის კონფლიქტი წარმოიშვას: [დრისის ხმა] “თუ რწმენას აღვიქვამთ ძალიან სტატიკურად, როგორც წარმოდგენებს, რომელთაც 1000, თუ 2000 წელია, ადამიანები მისდევენ, მაშინ კონფლიქტი გარდაუვალია - რადგან განუწყვეტლივ ხდება ათასგვარი სიახლის აღმოჩენა და ისინი ჩვენს წარმოდგენებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ”.

განსვენებული იოანე პავლე მეორე, როგორც ვილემ დრისი აღნიშნავს, ინტერესით ითვისებდა ახალ ინფორმაციას, ღია იყო მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლეებისთვის. თავად - საუცხოოდ ფლობდა კომუნიკაციის, ადამიანებთან კომუნიკაციის ტექნიკას. და სწორედ იოანე პავლე მეორე იყო ის პაპი, რომლის პერიოდშიც გალილეო გალილეის რეაბილიტაცია მოხდა: გალილეო, როგორც გახსოვთ, მე-17 საუკუნეში გაასამართლეს კოპერნიკის მოძღვრების მიმდევრობის გამო.

[დრისის ხმა] “პაპი იოანე პავლე მეორე, ვფიქრობ, ღია იყო მეცნიერებისათვის - მაგრამ იმასაც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია სინთეზი (რწმენისა და ცოდნის სინთეზი). შესაძლოა, კონფლიქტები იყოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ადამიანებს ჯერ ბოლომდე არ ამოგვიცნია არც წმინდა წერილი და არც სამყარო”.

მაშ ასე, მეცნიერებასა და რელიგიას, ცოდნასა და რწმენას შორის კონფლიქტს, შესაძლოა, ფაქტები, უფრო ზუსტად, ფაქტებისადმი დამოკიდებულება იწვევდეს. მაგრამ არსებობს კონფლიქტის სხვა წყაროც: ეთიკა.

როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ახალი ცოდნა, ახალი ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რომელთაც მეცნიერების სფეროში გაკეთებული მიღწევებით იხვეჭს? დასაშვებია აბორტი- ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა? ან ევთანაზია - სიკვდილის მოსურნე ადამიანის დახმარება სიცოცხლესთან გამოთხოვებაში? დასაშვებია ადამიანის კლონის შექმნა?

[ტროხის ხმა] “ურთიერთკავშირი რელიგიებს შორის, ურთიერთკავშირი კულტურებს შორის და ფიქრი ეთიკურ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი პლანეტის დაღუპვისაგან გადარჩენას ეხება - ვფიქრობ, ეს არის სამი მთავარი საკითხი, რომელიც მეცნიერთა და რელიგიურ მოღვაწეთა ყურადღებას ითხოვს. კულტურა, რელიგიები და ეთიკური საკითხები”,
ასე ფიქრობს ჰოლანდიელი მეცნიერი, ნიმეგენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლივე ტროხი. ის შეგვახსენებს: ომებს გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ვიდრე აბორტს და ევთანაზიას... [ტროხის ხმა] “როცა ვლაპარაკობთ აბორტზე, ევთანაზიასა და მსგავს საკითხებზე - გვავიწყდება ხოლმე, რა ხდება ჩვენს გარშემო ომებში, როგორ ისპობა ადამიანების სიცოცხლე.”

ომები, და როგორ სპობს ძალადობა ადამიანების სიცოცხლეს - რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს. და სწორედ ეს არის, ალბათ, საკითხი, რომელიც ცოდნასა და რწმენას შორის არანაირ წინააღმდეგობას არ იწვევს.
XS
SM
MD
LG