Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის პუბლიკაციები აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსულ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი.

ეს, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროს ეხება, თუმცა, არც სხვაგან არის სანიმუშო ვითარება შექმნილი, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

”ფარული გარიგება საქართველოს წინააღმდეგ”. ამ სათაურით ბეჭდავს 19-20 აპრილის გაზეთი ”ალია” წერილს, რომლის მიხედვით, ”საქაერონავიგაციაში” წლების წინათ დატრიალებული განუკითხაობა იმით დასრულდა, რომ ახლა აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამსახურები საქართველოს საჰაერო სივრცეს ედავებიან. ლაპარაკია საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საჰაერო სივრცის მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მხარე აკონტროლებდა და, შესაბამისად, უცხოური ავიაკომპანიები ფულს საქართველოს უხდიდნენ”.

გაზეთი წერს: ”საქართველო-აზერბაიჯანის საჰაერო სასაზღვრო სივრცეში არსებობს ორი მონაკვეთი: ბარად-დისკა (112კმ) და ლეგვი-კოტანი (56კმ). აღნიშნული მონაკვეთები დელეგირებული ჰქონდა საქართველოს მხარეს. აზერბაჯანლებს ადრე არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ საქართველო ამ მონაკვეთებს აკონტროლებდა. თუმცა, ”საქაერონავიგაციის” ყოფილი ხელმძღვანელები საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ, აზებაიჯანის მხარეს დასთანხმდნენ დელეგირების შეწყვეტაზე და ის აზერბაჯანის მხარემ უნდა აკონტროლოს. რაც ყველაზე უარესია, ამ საჰაერო ტრასების აზერბაიჯანული ვარიანტები უკვე გამოქვეყნდა ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ”იკაოს” ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, რაც ამ ტრასების ფაქტობრივ დაკანონებას ნიშნავს”.

რაც შეეხება საქართველო-სომხეთის საჰაერო სასაზღვრო სივრცის მონაკვეთს.
”საქაერონავიგაციის” მოძრაობის სამსახურის ფრენების ხელმძღვანელმა, თენგიზ ოქროპირიძემ გაზეთს უთხრა, რომ სომხეთის ახალი საჰაერო ტრასა პირდაპირ ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას”.

”ალია” წერს: ”...დელეგირებული საჰაერო ტრასების შეწყვეტამ საქართველოს უკვე მოუტანა მილინობით ზარალი. მარტო აზერბაიჯანის მონაკვეთის წართმევამ - 1,5 მილიონი დოლარი. სომხეთის ტრასა თუ ამოქმედდება, მაშინ ზარალი ბევრად მეტი იქნება”.

”...ყოველგვარი კანონის ავლით განხორციელებული, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სტრუქტურებში ჩანერგილმა რუსეთის აგენტურამ შეთანხმებული მოქმედებებით მიიღო”.

”ამ ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ ახალი სომხური ტრასა არა მარტო ფინანსურად აზარალებს საქართველოს, არამედ, ფაქტობრივად, ბლოკავს მარნეულის სამხედრო აეროპორტს, რომელიც ნატოს სტანდარტების ერთადერთი აეროდრომია საქართველოში”.

ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას ეძღვნება 20-21 აპრილის გაზეთ ”ახალი ვერსიის” წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ”კულუარებში გავრცელებული ვერსიით, პრეზიდენტი ახალი და ორიგინალური ”კარუსელის” დატრიალებას გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილი მალე ქალაქის მერის კაბინეტს გამოემშვიდობება და საზოგადოებრივი ტელევიზიის შეფის სავარძელში ჩაჯდება. მის პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. აქცენტები ძირითადად დეპუტატებზე კეთდება”.
გაზეთი წერს:

”ასევე გადაწყვეტილად მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთავარი დიპლომატის პორტფელს ჩამოართმევენ და ხელში ელჩის რწმუნებათა სიგელს გადასცემენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გამხმოვანებელი კი იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და ამჟამდ უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე გახდება. ”ალმა მატერის” თავკაცობას კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი შეფის, გიგი უგულავას მამას ჩააბარებენ.
ხელისუფლების ”საკადრო შიმშილი” უკვე კულმინაციას აღწევს. ბანალური გახდა იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების აქილევსის ქუსლი სწორედ საკადრო პოლიტიკაა. პრეზიდენტი ხშირი საკადრო გადაადგილებებით ამ სისუსტეს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ რევოლუციური ხელისუფლება პროფესიონალების დიდ ნაკლებობას განიცდის და მის იმიჯს ”კარუსელები” ვერ უშველის”.

21 აპრილის გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რომ ”ინვალიდთა ლიგის წევრები ხელისუფლებას კუთვნილ 600 ათას ლარს ისევ უშედეგოდ სთხოვენ”.

გაზეთის ინფორმაციით, ”რამდენიმე მოშიმშილე ინვალიდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების გამო გამოეთიშა აქციას, თუმცა, როგორც ჩანს, ამას დიდად არც ფინანასთა სამინისტროში შეუწუხებია ვინმე და არც პროკურატურაში. ყრუთა კავშირი კი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ბანკირ ზაზა სიორიძის ძმის მერაბ სიორიძის მიერ მითვისებული 246 ათასი ლარის დაბრუნებას მოითხოვს. მერაბ სიორიძეს, ინვალიდების გარდა, რუსეთის ფირმა ”კრონას” ვალიც აქვს - 10 მილიონი რუბლი, რომელიც მან ჯერ კიდევ 1991 წელს მიიღო.

ინვალიდთა ლიგა დღემდე უშედეგოდ მოითხოვს სახელმწიფოსგან იმ 600 ათასი ლარის დაბრუნებას, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ინვალიდებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიაკუთვნა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროსგან კუთვნილი თანხის დაბრუნებაზე ინვალიდებმა ვერც თანხმობა მიიღეს და ვერც უარი. მიზნის მისაღწევად მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართეს”.

22 აპრილის გაზეთი ”24 საათი” იტყობინება, რომ ”2004 წელს გაწეული მუშაობის შესახებ პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას, ომბუდსმენმა არა მხოლოდ ცალკეულ მაღალჩინოსან პირებს შეუტია, არამედ ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული სტრუქტურის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა”. მაგალითად, სოზარ სუბარის თქმით, ”საპატრულო პოლიცია ხშირად უმიზეზოდ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს”.
სახალო დამცველმა მწვავედ ისაუბრა პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებეზე.

გაზეთი აგრეთვე წერს: ”ომბუდსმენი მასმედიაში დღეს შექმნილ მდგომარეობასაც მიმოიხილავს და ასეთ დასკვნას აკეთებს: ”შევარდნაძის დროს მედია-მფლობელები და ჟურნალისტები ერთად უპირისპირდებოდნენ არსებულ ხელისუფლებას, დღეს კი სხვაგვარი სიტუაციაა: მედია-მფლობელები ხელისუფლების გვერდით დადგნენ, ჟურნალისტები კი ცალკე დარჩნენ”.

რაც შეეხება ომბუდსმენის მიერ ფინანსთა მინისტრის კრიტიკას, იგი შემდეგმა ფაქტმა განაპირობა: სახალხო დამცველის ოფისში მოშიმშილე ინვალიდებმა უზენაეს სასამართლოში საქმე მოიგეს და ფინანსთა სამინისტროს მათთვის 600 ათასი ლარის გახდა დაეკისრა, მაგრამ ვალერი ჩეჩელაშვილის აცხადებს (თანაც წერილობით!), რომ ვიდრე ”ინვალიდთა ლიგის” მიმართ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული, თანხის გადახდა არ მოხდება”.
სოზარ სუბარის განცხადებით, ”ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდა უფლება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოეხდინა”.

გაზეთ ”24 საათის” წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ ”სახალხო დამცველის ოფისის მიერ 2004 წელს გაწეული საქმიანობა პარლამენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა”.

დაბოლოს უშუალოდ ეკონომიკასთან დაკავშირებული ორიოდე წერილის შესახებ.

22-24 აპრილის გაზეთ ”ახალი ვერსიის” თქმით, ”მთავრობამ ბიზნესი კიდევ ერთხელ გაწირა. ნოღაიდელის ინიციატივით, მეწარმემ ხელისუფლებასთან სადავო საკითხები მხოლოდ სასამართლოში შეიძლება გაარჩიოს. სასამართლოში, რომელიც, ექსპერტთა განცხადებით, დღემდე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონაა. ალტერნატიული გზა - დამოუკიდებელი არბიტრაჟი, პრემიერს არ მოეწონა და მისი ”გაუქმება ბრძანა”.

როგორც გაზეთი გვამცნობს: ”ეკონომიკური ექსპერტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში სხვა საფრთხესაც ხედავენ. დარჩება მხოლოდ ის ბიზნესმენი, ვისაც სამთვარობო ”კრიშა” ჰყავს და სადავო საქმის გარჩევა არსადაც არ სჭირდება. დანარჩენებმა კი ქუდი უნდა დაიხურონ და თავიანთი საარმოებიც დახურონ, რადგან მთავრობა საქართველოში ბიზნესს განვითარების შანსს არ უტოვებს”.

22 აპრილის გაზეთ ”ხვალინდელი დღის” ინფორმაციით, ”ექსპერტები ქვეყანაში ინფლაციური პროცესების გაძლიერებას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, სამომხმარებლო ფასები მალე თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე მოიმატებს, რაც განსაკუთრებით მტკივნეული დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის აღმოჩნდება”.

გაზეთი წერს: ”ინფლაციის მაჩვენებელმა 2005 წლის დასაწყისიდან 9,6 პროცენტით მოიმატა. ეს შარშანდელ მონაცემზე თითქმის 4 პროცენტით მაღალია. როგორც ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება და მოკლე ხანში სამომხმარებლო პროდუქციის თითქმის ყველა სახეობის გაძვირებას გამოიწვევს. იმის გამო, რომ შემოსავლების ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე უმნიშვნელოდ იმატებს, ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველ ფენებს დააწვება ტვირთად. იმისათვის, რომ ფასების ზრდამ დიდ მასშტაბებს არ მიაღწიოს, ექსპერტები ხელისუფლებას, ამ პროცესის რეგულირების მიზნით, აქციზურ საქონელზე საგადასახადო განაკვეთის შემცირებას ურჩევენ”.
XS
SM
MD
LG