Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მცხოვრებ სომხებს არ სურთ გენოციდის აღიარების მოთხოვნით ქვეყანას პრობლემები შეუქმნან


ყოველი წლის 24 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხები 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის დღეს აღნიშნავენ.

90 წლის წინ დაღუპული ადამიანების ხსოვნას საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა პატივი თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიაგეს, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად კი სომხეთის დედაქალაქში საქართველოს საპატრიარქოსა და პარლამენტის დელეგაციები ჩავიდნენ.
კვირას თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, ანკარისგან სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა მიტინგი გამართეს. ანალოგიური მოთხოვნა სამცხე-ჯავახეთიდან საქართველოს ხელისუფლებამაც მიიღო.

90 წლის წინანდელი ტრაგედიის აღნიშვნა საქართველოს სომხურმა სათვისტომომ 22 აპრილიდან დაიწყო და თბილისის კინოს სახლში შეკრებილ ადამიანებს სომხური მხატვრული ფილმი ,,ნააპეტი” (,,მთავარსარდალი”) უჩვენა. ეს პროცესი 23 აპრილს თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში სამგლოვიარო კონცერტით გაგრძელდა:

[ვან ბაიბურთის ხმა] ,,ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ თავიანთი ფესვები და ისტორია, განწირული ხალხია. ჩვენ, სომხები, უბრალოდ, ვამბობთ, რომ მოხდა ასეთი რამე. ასეთი რამე არ უნდა განმეორდეს.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის წევრი ვან ბაიბურთი ამბობს, რომ საქართველოში ამჟამად მცხოვრები სომხების თითქმის 60% თურქეთიდან 1915 წელს გამოქცეული სომხების შთამომავალია და 24 აპრილი მათთვის განსაკუთრებული ტრაგედიის დღეა. კვირას თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, გამართული მიტინგის მონაწილეებმა ანკარას სომეხთა გენოციდის აღიარება მოსთხოვეს:

[ვან ბაიბურთის ხმა] ,,ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა დაისაჯოს. ვინ უნდა დაისაჯოს? ის ხალხი აღარ არის. უბრალოდ, გვინდა, რომ აღიარონ, რომ მსოფლიოში მეორედ აღარ მოხდეს ასეთი რამე.” (სტილი დაცულია)

ვან ბაიბურთი სისულელეს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას კომპენსაციის ან ტერიტორიული პრეტენზიები მოჰყვება, და აცხადებს, რომ სომხები თურქებისგან მხოლოდ მათი წინაპრების შეცდომის აღიარებას მოითხოვენ.
მიტინგის შემდეგ საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მსვლელობა ავლაბარში მდებარე ნორ ეჩმიაძინის ეკლესიამდე მოაწყვეს. აქციის მონაწილეებისთვის საგანგებო მიმართვაც კი გაავრცელა სომხეთის თანამშრომლობის ცენტრმა, რომელიც ყველას გლოვის დღისადმი შესაფერისი საქციელისკენ მოუწოდებდა. სომხურ ეკლესიაში გამართული პარაკლისის ერთ-ერთი მონაწილე, ნელი სააკიანი, ამბობს, რომ 90 წლის წინანდელ ტრაგედიას სომეხი ეროვნების ნებისმიერი ადამიანი დღემდე განსაკუთრებულად განიცდის:

[ნელი სააკიანის ხმა] ,,ყველაფერი, რაც მოხდა, ეს ხომ უდიდესი ტკივილია და ამის დავიწყება შეუძლებელია. საქართველოში მცხოვრებმა ყველა სომეხმა იცის, რომ ეს იყო ტრაგედია, რომელმაც სომეხი ხალხი მთელ მსოფლიოში მიმოფანტა.”

დღემდე თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდი მსოფლიოს ათზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. ამ მხრივ, 1965 წელს პირველი ურუგვაი იყო. მათ შორის, ვინც 90 წლის წინანდელი 24 აპრილის მოვლენებს სომეხთა გენოციდად აღიარებს, არიან: რუსეთი, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, პოლონეთი, არგენტინა, კანადა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. სულ ბოლო სახელმწიფო, რომლის პარლამენტმაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო, გერმანიაა. თურქეთისგან სომეხთა გენოციდის აღიარებას მოითხოვს ევროპის კავშირიც. როგორც წესი, 24 აპრილს მსოფლიოში მცხოვრებ სომხებს საგანგებო მიმართვას უგზავნის აშშ-ის პრეზიდენტი, თუმცა ის სიტყვა “გენოციდს” არასდროს ახსენებს. საგულისხმოა, რომ თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდი ამერიკაში აღიარებულია არა ოფიციალურ - სახელმწიფო - დონეზე, არამედ
30-ზე მეტი შტატის მიერ.
გენოციდის აღიარების მოთხოვნით ადგილობრივ სომხებს საქართველოს ხელისუფლებისთვისაც რამდენჯერმე მიუმართავთ. თუმცა, როგორც დეპუტატი ვან ბაიბურთი ამბობს, ყველა გონიერ ადამიანს ესმის, რომ საქართველოსთვის, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს საკმაოდ ფაქიზი საკითხია:

[ვან ბაიბურთის ხმა] ,,ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და პატრიოტები, ყველა. ჩვენ არ გვინდა ლობირება, როგორც ამერიკაში, საფრანგეთში. ჩვენ ამას არ მოვუწოდებთ და ამ ნაბიჯზე ჩვენ არ წავალთ. ჩვენ არ გვინდა შევუქმნათ საქართველოს პრობლემები თურქეთთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს ხელისუფლებას კვირასაც მოსთხოვეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 24 აპრილის ტრაგედიის 90-წლისთავი მიტინგებითა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საეკლესიო პარაკლისებით აღნიშნეს:

[ვან ბაიბურთის ხმა] ,,მე მადლობას ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაგებით ხვდება ამ 24 აპრილის სამგლოვიარო მიტინგებს და პარაკლისებს. აქ ჩვენ არც ერთი პრობლემა არა გვაქვს. ეს არის საქართველოში მცხოვრები სომხების უფლება გამოხატონ ტკივილი. ჩვენ არ ვუქმნით საქართველოს ხელისუფლებას პრობლემას, თუ სადღაც, რომელიმე მიტინგზე მიიღეს რეზოლუცია და მოსთხოვეს ხელისუფლებას, რომ აღიაროს გენოციდი. მე ამაშიც არ ვხედავ არაფერს ცუდს. ეს არის ამ ხალხის, საქართველოს მოქალაქეების, მოსაზრება.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება თავად თურქეთს, მისი მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას საკუთარ ისტორიასთან არანაირი პრობლემა არა აქვს და სომხეთს გენოციდის ბრალდების შემსწავლელი ერთობლივი კომისიის შექმნას სთავაზობს. საპასუხოდ, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გენოციდის აღიარების მოთხოვნაზე უარს არასდროს იტყვის და თურქეთის მიერ ამ ფაქტის ოფიციალურად ცნობის შემდეგ ტერიტორიული პრეტენზიები არ ექნება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG