Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთარი სახელმწიფოს მიერ სასიკვდილოდ განწირული პაციენტები


სახელმწიფო, რომელმაც დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა აკრძალა, სასიკვდილოდ თავის უდანაშაულო მოქალაქეებს იმეტებს. და ეს რომ ასეა, ჩვენი სიუჟეტის გმირის,

ირინე ბაქრაძის ისტორიიდანაც შესანიშნავად ჩანს. ავადმყოფობა საქართველოში ნამდვილ ბედისწერად იქცა - თუ ფული არ გაქვს, შეიძლება სიცოცხლესაც მარტივად გამოესალმო. ასეთ დროს პატიოსანი ადამიანები ლამის ნანობენ, რომ თავის დროზე არ მოპარეს ფული იმ სახელმწიფოს, რომელიც მათ გაჭირვების დროს არაფრით ეხმარება. ერთი პაციენტისა და მისი ოჯახის ისტორიას ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

2004 წლის თებერვალში საშუალო სკოლის მასწავლებელს, 57 წლის ირინე ბაქრაძეს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ოდნავ მოგვიანებით კი, ბერლინის კლინიკაში გაირკვა, რომ პაციენტს ძვლის ტვინის გადანერგვის გარდა ვერაფერი უშველიდა:

(გენადი იოსავას ხმა) ”საერთოდ, ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება. ეს არის ძალიან ძვირადღირებული პროცედურა”. (სტილი დაცულია)

ეს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი-ჰემატოლოგი გენადი იოსავაა, რომელმაც ამის შესახებ დასკვნაც დაწერა. დასკვნა ბერლინის კლინიკამ მოითხოვა. საქმე ისაა, რომ გერმანიის მხარე ამგვარი დასკვნის გარეშე უცხოელ პაციენტს არ დაეხმარებოდა. თუმცა, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, გაჭირვებაში ჩავარდნილი პაციენტისადმი გერმანიამ უფრო დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, ვიდრე მშობლიურმა საქართველომ.

ვიდრე ეს ასე მოხდებოდა, მეუღლის დიაგნოზით შეშფოთებულმა გიორგი ბაქანიძემ, პირველ რიგში, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა. თავდაპირველი კალკულაციით, ირინე ბაქრაძის მკურნალობა 30 ათასი ევრო უნდა დამჯდარიყო. გიორგი ბაქანიძეს ურჩიეს, რომ:

(გიორგი ბაქანიძის ხმა) ”მთელი თანხის მოთხოვნა არ მოიტანდა ჩვენთვის სასურველ შედეგს და, შეიძლებოდა, საერთოდ უარი მიგვეღო ამ თანხაზე. ამიტომ - მოვითხოვეთ 10 ათასი”. (სტილი დაცულია)

სასოწარკვეთილი მეუღლე ასეც მოიქცა, თუმცა მოთხოვნილი 10-დან ფონდისთვის, რის ვაი-ვაგლახით, მხოლოდ 5 ათასი ევროს გამორთმევა მოხერხდა. ამასობაში კი, ბერლინის ბენჟამენ ფრანკლინის სახელობის კლინიკაში უკვე ხსენებული ოპერაციის, ანუ ძვლის ტვინის გადანერგვის აუცილებლობის საკითხი დადგინდა და შედეგად - თავდაპირველად ნაანგარიშევი 30 ათასი - 110 ათას ევრომდე გაიზარდა. გიორგი ბაქანიძემ სადაზღვევო ფონდს ამის შემდეგაც არაერთხელ მიმართა, თუმცა - ამაოდ:

(გიორგი ბაქანიძის ხმა) ”მეორე განცხადებაში ჩვენ მოვითხოვეთ თავდაპირველი თანხის, ანუ 10 ათასის ის დარჩენილი ნახევარი, რომელიც ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ, უარი მივიღეთ ამ მეორე განცხადებაზე, იმ მოტივით, რომ - ფონდმა ერთხელ უკვე გაგიწიათ დახმარებაო. მესამე განცხადება ბოლოსდაბოლოს დაიკარგა, გაუგებარი მიზეზებით. ხოლო მეოთხე განცხადება, რომელიც უკვე წლის ბოლოს იყო, აქაც სამწუხაროდ უარი მივიღეთ, ისიც - ზეპირი უარი. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა ბიუჯეტში თითქოს უკეთესობა ჩანდა, ეს გვესმოდა - ტელევიზიიდან, რადიოდან...”. (სტილი დაცულია)

2004 წელს უმწეოთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამისთვის 10 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა. ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სურგულაძე, რომელიც იმხანად ხსენებული დახმარების გამცემი საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე იყო, პრიორიტეტულ კატეგორიებზე საუბრობს:

(ვახტანგ სურგულაძის ხმა) ”პრიორიტეტი იყო გაკეთებული: ბავშვებზე, პენსიონერებზე და ინვალიდებზე”. (სტილი დაცულია)

რა უნდა გააკეთონ სხვებმა? სურგულაძეს მიაჩნია, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანების გარდა, ამ ქვეყანაში ყველამ თავის უნდა მიხედოს:

(ვახტანგ სურგულაძის ხმა) ”უნდა მიხედოს სახელმწიფომ ბავშვებს, პენსიონერებს, ინვალიდებს. და კიდევ რამდენიმე მიმართულებაა, ეს არის ფსიქიატრია, ფთიზიატრია, ინფექციური სნეულებები. დანარჩენმა, მაპატიეთ, თავის თავს უნდა მიხედოს”. (სტილი დაცულია)

მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, თუკი სამსახური არ გაქვს - სურგულაძემ ეს ნამდვილად არ იცის.

თავად წარმოიდგინეთ ბაქანიძეების ოჯახში შექმნილი ვითარება, სადაც, ოჯახის ყველა წევრის უმაღლესი განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის მიუხედავად, ამჟამად მხოლოდ ერთი (უმცროსი ვაჟი) მუშაობს და ისიც, პროფესიით ექიმი, ექიმის დაბალი ხელფასის გამო, იძულებულია კომპიუტერული სერვისის ინჟინრად იმუშაოს და მთელი ოჯახი 400 ლარად არჩინოს. კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო ადგილი ვერც ოჯახის მამამ - გიორგი ბაქანიძემ იპოვა. არადა, ის სოლიდური სამუშაო სტაჟის მქონე სპეციალისტია ინფორმატიკისა და კომპიუტერიზაციის დარგში:

(გიორგი ბაქანიძის ხმა) ”გამოდის, რომ 4 ჯანმრთელი პიროვნება (ამ შემთხვევაში - მე და ჩემი სამი შვილი) ვერ უვლის და ვერ უზრუნველყოფს ერთი ავადმყოფის მკურნალობას. იმის გამო, რომ შრომითი საკითხები მოუგვარებელია საერთოდ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რომ გვქონდეს ადექვატური ანაზღაურება, ალბათ, ასეთი პრობლემები გაცილებით იოლად დასაძლევი იქნებოდა”. (სტილი დაცულია)

გიორგი ბაქანიძისა და ირინე ბაქრაძის ერთ-ერთი ვაჟი ამჟამადაც გერმანიაში სწავლობს და სწორედ მის უნივერსიტეტს ეკუთვნის ბერლინის ბენჟამენ ფრანკლინის სახელობის კლინიკა. პირადი ურთიერთობების და ოჯახის და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გერმანელმა ექიმებმა გადასახდელი 110 ათასი ევრო 80 ათასამდე შეამცირეს. პარალელურად, გერმანიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, 6 ათასი ევროს შეგროვება მოხერხდა, ანუ იმაზე მეტის, რაც საკუთარი მძიმე ავადმყოფისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გაიმეტა. 35 ათასი ევრო ოჯახმა, ნათესავებისა და მეგობრების წყალობით, დიდი გაჭირვებით შეაგროვა , ნაწილიც - ვალად აიღო და ასე მოხერხდა მთლიანი საფასურის 57 პროცენტის გადახდა. თუმცა დიდი მოთმინების მიუხედავად, გერმანული კლინიკა დარჩენილ 34 ათას ევროს, ბუნებრივია, კვლავაც მოელის.

გიორგი ბაქანიძემ დახმარებისთვის სამინისტროსაც მიმართა:

(გიორგი ბაქანიძის ხმა) ”რომელსაც სახელად ჰქვია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ანუ სამი მომენტია აღნიშნული თვით დასახელებაში. ჩვენ შემთხვევაში ვერ მივიღეთ ვერც ჯანმრთელობის დაცვა, ვერც - სოციალური რაიმე უზრუნველყოფა და შრომის საკითხიც მოუგვარებელი გვაქვს. სამინისტროში შეტანილი განცხადების შედეგად, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ეს სამინისტროს პრეროგატივა აღარ არის და ეს არის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების პრეროგატივა”. (სტილი დაცულია)

საქართველოში ინდივიდუალური დახმარების პროგრამა მართლაც გაუქმდა და უმწეო ავადმყოფებზე მზრუნველობის მისია, თითქოსდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაელოცათ. თუმცა როგორც ჩანს, ეს სრული ფორმალობაა, რადგანაც გიორგი ბაქანიძემ მათაც მიმართა და 15 მარტით დათარიღებული უარიც მიიღო - ეს ჩვენი პრეროგატივა არ არისო. ვაკე-საბურთალოს გამგეობაში გიორგი ბაქანიძის განცხადება, ეტყობა, არც წაიკითხეს, თორემ აუცილებლად გაიგებდნენ, რომ ავტორი მათგან არა - 34 ათასი ევროს გადახდას, არამედ შეძლებისდაგვარ დახმარებას ითხოვდა.

ერთი სიტყვით, გერმანული კლინიკის წინაშე სირცხვილის გრძნობამ ბაქანიძეების ოჯახს ქალბატონი ირინეს გადარჩენის სიხარული, რომ იტყვიან, არ შეარგო. ჩვენს სახელმწიფოს კი, როგორც ჩანს, სულაც არ რცხვენია და ვერც იმას აცნობიერებს, რომ მკურნალობის საფასურის გადაუხდელობა (გერმანიამ სულაც რომ აპატიოს ამ კონკრეტულ ოჯახს), მომავალში, საქართველოდან ჩასული პაციენტებისადმი ნდობა დაიკარგება.

სახელმწიფო, რომელიც თითქოს საერთაშორისო სტანდარტებისკენ მიიწევს და ათას ცივილურ კონვენციას აწერს ხელს, საკუთარ მოქალაქეებს პრაქტიკულად სასიკვდილოდ იმეტებს. ირინე ბაქრაძისადმი (და მისი მსგავსი ათასობით ადამიანისადმი) მოპყრობას სხვა სახელს, სამწუხაროდ, ვერ მოვუძებნით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG