Accessibility links

ვლადიმირ პუტინი: ''საბჭოთა კავშირის დაშლა რუსი ხალხისთვის ნამდვილ დრამად იქცა''


რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატოსა და ევროკავშირს არა აქვთ უფლება რუსეთს ადამიანის უფლებათა დაცვაზე

მიუთითონ, თუკი თავად ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას. ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური გამოსვლა რუსეთის ფედერალური სათათბიროს წინაშე, ინტონაციით თუ ვიმსჯელებთ, სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. მსგავსი მიმართვით ის ორშაბათს მეექვსედ წარდგა დეპუტატების წინაშე.

ის, რომ რუსეთის ხელისუფალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის მნიშვნელობაზე საუბრობს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თემა რუსეთისთვის კვლავ პრიორიტეტულია. ვლადიმირ პუტინის წლევანდელი გამოსვლაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. საბჭოთა იმპერიის დაშლა პუტინმა ამჯერად ასეთ კონტექსტში გაიხსენა:

[პუტინის ხმა]
"საბჭოთა კავშირის ნგრევა საუკუნის უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. რუსი ხალხისთვის კი ის ნამდვილ დრამად იქცა. ათეულობით მილიონი ჩვენი თანამემამულე რუსეთის ტერიტორიის გარეთ აღმოჩნდა. დანაწევრების ეპიდემია თავად რუსეთსაც მოედო".

რუსების დაჩაგრული მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა პუტინის გამოსვლის ერთ-ერთი ლაიტმოტივი იყო, რომლის ფონზეც მან მარჯვედ ტყორცნა განახორციელა დასავლეთის კარში. სათქმელი რომ მოკლედ ეთქვა ნატო და ევროკავშირი გააერთიანა და ასე შეუტია მათ:

[პუტინის ხმა]
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში და ეს არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური ვაჭრობის საგანი არ არის [აპლოდისმენტები]. იმედი გვაქვს, რომ ნატოსა და ევროკავშირის ახალი წევრები პოსტ-საბჭოთა სივრციდან საქმით დაამტკიცებენ თავიანთ პატივისცემას ადამიანის უფლებების, მათ შორის ეროვნულ უმცირესობათა უფლებების მიმართ. იმათ, ვინც თავად არ სცემს პატივს, არ იცავს და ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას, არა აქვთ უფლება სხვისგან მოითხოვონ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა [აპლოდისმენტები]."

რაც შეეხება ქვეყნის საშინაო საქმეებს, საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, ვლადიმირ პუტინსაც პრიორიტეტულად მიაჩნია სამართალდამცავთა პრესტიჟის ამაღლება. პუტინი ამბობს, რომ ადამიანებს უნდა ეამაყებოდეთ თავიანთი სამართალდამცავების:

[პუტინის ხმა]
"ჩვენ გვჭირდება ისეთი სამართალდამცავი უწყებების ქონა, რომელთა მუშაობითაც კანონმორჩილი მოქალაქეები იამაყებენ და სამხრეებიანი ადამიანის დანახვაზე ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას არ ამჯობინებენ. სამართალდამცავ სისტემაში არ უნდა იყვნენ ისეთები, რომლებიც კანონის დაცვის ნაცვლად პირადი სარგებლის ნახვას ისახავენ მიზნად".

საშინაო ვითარებაზე საუბრისას კრემლში, ბუნებრივია, რუსეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გულის მოსაგებადაც ითქვა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:

[პუტინის ხმა]
"თუკი რუსეთის სახელმწიფოს სურს იყოს სამართლიანი, ის უნდა დაეხმაროს შრომისუუნარო და ღარიბ მოქალაქეებს: ინვალიდებს, პენსიონერებს, ობლებს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ და ძირითადი სიკეთეები მათთვის მისაწვდომი იყოს. ყველა ეს ფუნქცია საზოგადოებამ სახელმწიფოს დააკისრა".

რუსეთის პრეზიდენტს აღნიშვნის ღირსად მიაჩნია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. მეტიც, მის მოსაგვარებლად საიმიგრაციო პოლიტიკის განსაზღვრა-მობილიზებასაც საჭიროდ მიიჩნევს. დემოგრაფიის პრობლემაზე კი ამბობს:

[პუტინის ხმა]
"ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ რუსეთში ქალები თითქმის 10 წლით, მამაკაცები კი თითქმის 16 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე დასავლეთი ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ამასთან, სიკვდილიანობის ბევრი მიზეზის აღმოფხვრა არათუ შესაძლებელია, დიდ ხარჯებსაც არ მოითხოვს".

რუსეთის პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის თემით დაასრულა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო მოახლოებული თარიღის გათვალისწინებით. ეგ არის, რომ კონტექსტი იყო საყურადღებო:

[პუტინის ხმა]
"ჩვენმა ჯარისკაცებმა მსოფლიო იხსნეს კაცთმოძულეობრივი იდეოლოგიის მქონე ადამიანისგან და ტირანიისგან; დაიცვეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვეს მისი დამოუკიდებლობა. ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენი ხალხი იბრძოდა მონობის წინააღმდეგ, საკუთარ მიწაზე ცხოვრების, საკუთარ ენაზე ლაპარაკის უფლების დასაცავად; საკუთარი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ტრადიციის დასაცავად; ის იბრძოდა სამართლიანობისთვისა და თავისუფლებისთვის; მან დაიცვა დამოუკიდებლად განვითარების უფლება. მან მაშინ ჩვენ სამშობლოს მისცა მომავალი და ახლანდელ თაობაზე – ჩვენზე და თქვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს მომავალი."

პუტინის სიტყვის დასასრულის სულისკვეთება სრულიად ჰარმონიაში გახლდათ რუსეთის ჰიმნთან, რომლის მელოდიაც ჩვენში ისეთივე მრავალმხრივ გრძნობებს აღძრავს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, რომელიც გაუგებარია რომელ ხალხს გულისხმობდა, როცა ამბობდა "ჩვენი ხალხი" და რომელ ქვეყანაზე, როცა ამბობდა "ჩვენი სამშობლო" და "ჩვენი მომავალი".
XS
SM
MD
LG