Accessibility links

logo-print

გაუქმებულ კერძო არბიტრაჟზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება

  • ნინო როდონაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დათანხმდა ბიზნესმენთა ინიციატივა გაითვალისწინოს და პარლამენტის მიერ გაუქმებული კერძო არბიტრაჟის პრობლემაზე მსჯელობა

განაახლოს. ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მზად არის დამოუკიდებელ არბიტრაჟთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენელთა წერილობითი წინადადებები შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნა გამოიტანოს.
უკვე გაუქმებული არბიტრაჟის მომავალზე ბიზნესმენები, ექსპერტები და მთავრობა საგანგებო სხდომაზეც იმსჯელებენ.
მინდა პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელი კატეგორიული ტონის შეცვლის თაობაზე მოგითხროთ.

სიჯიუტით სახელგანთქმულმა ზურაბ ნოღაიდელმა ლამის სახელმწიფოს მტრად გამოცხადებული კერძო არბიტრაჟის მიმართ ჯერჯერობით მხოლოდ ტონი შეიცვალა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიზნესს არბიტრაჟისადმი კვლავ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა კონკრეტული წინადადებების შესწავლის პრობლემა არ არსებობს. საგულისხმოა, რომ სულ რაღაც 4 დღის წინ არბიტრაჟთან დაკავშირებული დიალოგი ნოღაიდელს ამოწურულად მიაჩნდა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,ჩვენ ვერ დავუშვებთ ისეთ რისკებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბიუჯეტისა და ქვეყნის მიერ სოციალური ვალდებულებების შესრულებას. ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ამ საკითხზე დიალოგი დამთავრებულია.” (სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას იმავე დღეს საფუძველი გაუმყარა პრეზიდენტმა, რომელმაც არბიტრაჟს ,,თავის დროზე მისი შემოღებული,” ამჟამად კი არაეფექტური უწოდა. სააკაშვილისა და ნოღაიდელის ამ განცხადებებიდან მეორე დღეს პარლამენტმა ხელისუფლებისთვის საამაყო საგადასახადო კოდექსი შეცვალა, ბიზნესისა და სახელმწიფოს სადავო საკითხების განხილვის უფლება კერძო არბიტრაჟს ჩამოართვა და კვლავ სასამართლოებს მიანდო. ბიზნესმენების სერიოზული უკმაყოფილებისა და პრემიერ-მინისტრთან მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბ ნოღაიდელი მზად არის უკვე გაუქმებული არბიტრაჟის მომავალთან დაკავშირებულ წინადადებებს გაეცნოს და მათი განხილვის მიზნით საგანგებო სხდომა მოიწვიოს. ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ, ,,როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა გონიერებას სრულად არ მიუტოვებია”:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,ხვდებიან, რომ არ შეიძლება დაპრესო წყალი და არ შეიძლება შიშველი ძალადობა ბიზნესზე. უბრალოდ, აღარ გექნება ეს ბიზნესი და საბიუჯეტო პრობლემები მერე მოიკითხოს! მე არ ვიცი, ვის თავში მოხდა გამონათება, უშუალოდ პრემიერის თუ ჯერ პრეზიდენტმა იგრძნო ეს ცუდი პერსპექტივა და ზემოქმედება მოახდინა პრემიერზე. მაგრამ ფაქტია, რომ იმდენად ცხადია ეს უსიამოვნო პერსპექტივა მთლიანად ქვეყნისთვის, მათ შორის - ბიუჯეტისთვის, რომ ეს მათთვისაც გახდა ცხადი.” (სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ კერძო არბიტრაჟის არსებობა ხელისუფლებას მას შემდეგ აღარ მოეწონა, რაც დამოუკიდებელმა არბიტრებმა სახელმწიფოსა და ბიზნესის რამდენიმე დავა კერძო სექტორის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ამის გამო მთავრობამ არბიტრაჟი პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადა და ბიუჯეტის საწინააღმდეგო მოქმედებებში დაადანაშაულა, რასაც ნიკო ორველაშვილი სრულ აბსურდს უწოდებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ,,ერთადერთი, რაც ვერ აიტანა ხელისუფლებამ, ეს გახლდათ ის, რომ არბიტრზე ისეთი მძლავრი ზემოქმედების ბერკეტები ხელისუფლებას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, როგორი ბერკეტებიც აქვს ცალკეულ მოსამართლეებზე.” (სტილი დაცულია)

კერძო არბიტრაჟის მომავალზე მსჯელობა უახლოეს ხანში უნდა განახლდეს. მით უმეტეს, რომ პარლამენტის მიერ არბიტრაჟის გაუქმებისას დამტკიცებული გარდამავალი დებულება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ითვალისწინებს ახალი პროექტის წარდგენას და საგადასახადო დავების არბიტრაჟებში განხილვის მოდელის დახვეწას. თუმცა, შესაძლოა, დახვეწაში მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა გულისხმობდნენ მოდავე მხარეთა ნებაყოფლობას. თავის დროზე საგადასახადო კოდექსში ასეთი პუნქტის გამორჩენის გამო დღემდე წუხან იურიდიული კომიტეტის წევრები. ანუ არბიტრაჟი რომელიმე კერძო კომპანიის საჩივრის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ სახელმწიფოც დათანხმდება დამოუკიდებელი არბიტრების მიერ სადავოდ მიჩნეულ საკითხზე იმსჯელოს.
XS
SM
MD
LG