Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ახსოვს საქართველოს ხელისუფლებას 3 წლის წინანდელი მიწისძვრით დაზარალებულები


ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლების წევრები თბილისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებდნენ და მიწისძვრით

დაზარალებულთა დახმარების ღონისძიებებს ამუშავებდნენ. დღეს 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრით დაზარალებულები ხელისუფლებას თავს საპროტესტო აქციის საშუალებით ახსენებენ და მისგან თანადგომას მოითხოვენ. 25 აპრილს საპროტესტო აქცია მათ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გამართეს, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალეს. თბილისის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უფრო დედაქალაქის ცენტრალური, ძველი უბნების ფასადის გადაღებვით არის დაკავებული, ვიდრე ამავე უბნების ამორტიზებული სახლების გამაგრებით. თუ რამდენად და როგორ ახსოვს მას მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემები, ჩემი სიუჟეტიდან შეიტყობთ.


ეს კარი საუკუნეზე მეტია, რაც იღება და იხურება. ზუბალაშვილების 22 ნომერში მდებარე სახლის აგების ზუსტი თარიღი ამ სახლში მცხოვრებლებმა სპეციალურ სამსახურშიც ვერ დაადგინეს. სახლი ძველია, ის ძალიან დიდი ხანია არ შეუკეთებიათ. მის ჭერსა და კედლებზე არსებული ბზარები 3 წლის წინანდელმა მიწისძვრამ კიდევ უფრო გააღრმავა და საშიში გახადა, რის შედეგადაც ზუბალაშვილების ნომერ 22-ის მეორე სართულზე მცხოვრები მარტოხელა ინვალიდი ქალბატონი ნაირა მაკანტალაშვილი საკუთარ სამზარეულოში ყოველდღე შიშით შედის - იქაურობა ყოველ წუთს შეიძლება ჩაინგრეს:

[ნაირა მაკანტალაშვილის ხმა] “ ჩემი სამზარეულო არის ძალიან საშიშ მდგომარეობაში, მის ქვეშ უწევთ სიარული მეზობლებს, მეშინია მათ მთელი სამზარეულო თავზე არ დაეცეთ. რომელ პარტიას არ მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ - არაფერი. გამგეობაშიც დავტოვე წერილი რამდენჯერმე, მაგრამ არავითარი ყურადღება არ გამოუჩენიათ. “

ამ ქალბატონისა და მისი მეზობლების თხოვნას არავინ გამოხმაურებია, დახმარების გაწევის თაობაზე დაპირებაც კი არ ყოფილა. არადა, იმ რაიონების გამგეობებში, რომლებშიც თბილისის ძველი უბნები შედის, შექმნილია ჯგუფები მიწისძვრით დაზარალებულთა აღსარიცხავად, იმის დასადგენად, პირველ რიგში რომელ მათგანს ესაჭიროება დახმარების გაწევა. თბილისის ძველ უბნებში პირველი რიგის დახმარებას ერთდროულად სიძველისა და მიწისძვრისგან დანგრევის პირას მისულ სახლებში მცხოვრები უამრავი ოჯახი საჭიროებს. მარტო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 530 ოჯახი ცხოვრობს მესამე კატეგორიის სახლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობები, სადაც ისინი ცხოვრობენ, შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

2002
წლის 25 აპრილიდან მოყოლებული რა გააკეთა თბილისის ხელმძღვანელობამ მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად? - ამ შეკითხვით თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნანული ქაჩიბაიას მივმართე.

[ნანული ქაჩიბაიას ხმა] “თავშესაფრებში 500 ოჯახამდეა შესახლებული და 365 ბინა არის ნაყიდი. ალბათ, იცით, რომ ეს ბინები უპირობო საკუთრებაში გადავეცით ამ ხალხს. “

ეს რომ ზღვაში წვეთია, ამას ნანული ქაჯიბაიაც აღიარებს და დასძენს, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში გეგმავს მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებული უბნების მცხოვრებთა მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტას. იმედები ინვესტიციების მოზიდვაზე მყარდება, თორემ თბილისის წლევანდელი ბიუჯეტით მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყო და, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების თქმით, ისიც ჩამოიჭრა.



რა თანხა და საიდან ჩამოიჭრა თბილისის ძველი უბნების გზისპირა სახლების გაცხარებული გადაღებვისათვის? ეს შეკითხვა მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღიზიანებთ. ამ სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმისთვის შესაბამისი თანხა თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებისას იქნა გათვალისწინებული და ის, რაც ამ დღეებში თბილისის ცენტრში ხდება (ვგულისხმობთ გზისპირა შენობების ერთბაშად გაფერადებას), არ უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას. ასეა თუ ისე, წინიდან გაფერადებული სახლები გვერდით ხედში ძველებურად უღიმღამოდ გამოიყურება. თბილისის ხელმძღვანელობას ზრუნვა, პირველ რიგში, მათ გამაგრებაზე მართებს.
XS
SM
MD
LG