Accessibility links

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 60 წლის შემდეგ რუსეთი გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე ზრუნავს


ვინმეს სიმბოლურადაც შეიძლება მოეჩვენოს,

რომ ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებების ფონზე 10 მაისს მოსკოვში ევროკავშირი-რუსეთის სამიტი გაიმართება. ამ შეხვედრისთვის მზადების პროცესს არაერთხელ შევეხეთ. საქმე ის არის, რომ სამიტის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო კარგავს ფასს დოკუმენტი – შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა მოაწერონ ხელი. ფასს კარგავს იმის გამო, რომ დოკუმენტის მნიშვნელოვან ნაწილზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე გავლენის დაკარგვის შიშის ფონზე აწარმოებს.

სულ რაღაც ორი კვირა რჩება რუსეთ-ევროკავშირის სამიტამდე, რომელსაც აქამდე ისტორიული მნიშვნელობა ენიჭებოდა და რომლისთვის მზადების პროცესიც ჩიხში შევიდა: სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, როგორც ჩანს ცარიელ სიტყვებად დარჩება.

თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად ბრიუსელში სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ მოსკოვის სამიტი მართლაც იქცევა გადამწყვეტ მომენტად რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში.

გასულ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანველ ბაროზო იმყოფებოდა მოსკოვში. ბაროზოსა და პუტინის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. ბაროზოს წარმომადგენლის ფრანსუა ლე ბაილის თანახმად, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის ოთხივე სფეროს შეეხო:

[ლე ბაილის ხმა]
"ვიზიტის დანიშნულებას არ წარმოადგენდა მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ეს პროცესი ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ვიზიტის მიზანი იყო ზოგადი მსჯელობა ურთიერთობათა ოთხ სფეროსა და ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობათა მომავალზე".

ბაროზოს წარმომადგენლის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ფრანსუა ლე ბელი ბაროზო-პუტინის შეხვედრის შეფასებისას საკმაოდ ფრთხილი იყო:

[ლე ბაილის ხმა]
"ორი პრეზიდენტის მსჯელობამ ცხადყო, რომ მაისში შეთანხმების მიღწევა არ არის გამორიცხული".

"რადიო თავისუფლების" წყარო ევროკავშირიდან იტყობინება, რომ რუსეთი კვლავაც უარზეა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც ჩაიწერება, რომ რუსეთი შეწყვეტს გადასახადის დაკისრებას ევროკავშირის იმ საჰაერო კომპანიებისთვის, რომლებიც ციმბირის საჰაერო სივრცის გავლით ახორციელებენ რეისებს. მეორე მოუგვარებელ საკითხს ვიზები წარმოადგენს: ევროკავშირი მზად არის რუსეთის მოქალაქეთა ერთი კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს, სამაგიეროდ კი რუსეთისგან ევროპაში მყოფ უკანონო იმიგრანტთა უკან მიღებაზე თანხმობას ითხოვს.

რაც შეეხება საგარეო უსაფრთხოების სფეროს, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რუსეთი წინააღმდეგია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების პროექტში გაჩნდეს ტერმინი "საერთო სამეზობლო", რითაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევროკავშირის როლის გაზრდის წინააღმდეგია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 25 აპრილის სხდომის დასკვნაში "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ" კი წერია: "საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს სომხეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, საქართველოსა და ლიბანის როგორც ევროკავშირის მეზობლების და პარტნიორების მნიშვნელობას. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს ხუთი ქვეყანა შეეცდება მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას ბლოკთან...". მოგვიანებით კი დასკვნაში აღნიშნულია: "რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული თანამშრომლობისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით, საბჭო მიესალმება სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მზადყოფნას მათი სამოქმედო გეგმების რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის გამოსაყენებლად".

იმას, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევროკავშირის როლის გააქტიურებას არ მიესალმება, ცხადყოფს საქართველო-რუსეთის საზღვრის მონიტორინგის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსია: როგორც იცით, გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს ამ საკითხში დახმარების გასაწევად. ამ თემას 25 აპრილს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეეხნენ, შეძლებისდაგვარად კორექტულად, თუმცა, ნათელი იყო, რომ საქართველო მართლაც ითხოვს ევროკავშირისგან მსგავსი მისიის ორგანიზებას, მაგრამ ჯერ გარკვეული პასუხი არ არის, თუმცა, პასუხამდე რაღაც მაინც არის. სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინოთ:

[ზურაბიშვილის ხმა]
"ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც უკვე მიღებული არის ევროკავშირის მიერ, ეს არის შექმნას სამკაციანი თბილისში მისიის, რომელსაც ეკისრება ამ დამკვირვებელთა პირველი მისიის შესრულება, სანამ სხვა რამე არ გადაწყდება. ეს არის დღევანდელი სიტუაცია."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი უპირველეს ყოვლისა ორი ქვეყნის ზრუნვის საგანია. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე კომენტარისგან კი თავი შეიკავა:

[ლავროვის ხმა]
"დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის ეფექტიანობის ამაღლება უპირველეს ყოვლისა ორი მეზობელი ქვეყნის საქმეა: რუსეთისა და საქართველოსი. მხარს ვუჭერთ იმას, რომ ჩვენს სასაზღვრო სამსახურებს შორის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და როგორც ვიცი, ამისათვის მზად არის საქართველოს მხარეც. ცხადია, მე კომენტარს არ ვუკეთებ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ეს ცალკე თემაა – ორმხრივი მოლაპარაკებებისა და იმ პასუხისმგებლობის თემა, რომელსაც ამ მოლაპარაკებათა შედეგად აიღებენ მხარეები".

რადგან ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევროკავშირის პოზიციების გამყარებას შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ ორშაბათს ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში ბულგარეთისა და რუმინეთის კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. ეს ორი ქვეყანა ოფიციალურად 2007 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება ევროკავშირს და ამით დასრულდება კიდეც ევროკავშირის გაფართოების მეხუთე და ყველაზე მასშტაბური ტალღა.
XS
SM
MD
LG