Accessibility links

შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა თბილისში გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს


თითქმის 2 კვირაა სახალხო დამცველის ოფისთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ინვალიდთა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიმშილობენ.

ისინი ამ ფორმით პროტესტს გამოთქვამენ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ინვალიდების მიმართ საქართველოს მთავრობა ახორციელებს. პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის, მიუხედავად, ხელისუფლება დიდი ყურადღებით არ მოჰკიდებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების მოთხოვნებს. ინვალიდებმა საპროტესტო აქცია 25 აპრილს თბილისში გაეროს ოფისთანაც გამართეს.

თბილისში გაეროს სახლთან შეკრებილმა 50-მდე ინვალიდმა ხელები ჯაჭვით შეიკრა და გაეროს დროშას მიეჯაჭვა, რამაც ოფისის დაცვის უკმაყოფილება გამოიწვია.

[ისმის ხმაური] ”...ეს არის პროტესტის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ხელებიც შეგვიკრა - ჩვენ გაეროს ვაჩვენებთ, რომ ხელისუფლებამ ხელები შეგვიკრა...”

ინვალიდთა კოალიციის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების სიმწირეს აპროტესტებენ. მათივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად იკლო ინტეგრაციის პროგრამებისთვის გამოყოფილმა თანხამ. განსხვავებული აზრი აქვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მეგრელიშვილს:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა] ”პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ წინა წლებში დაფინანსება სახელმწიფოსგან, მაგრამ ეს თანხები არ იყო გამიზნული ძირითადი სერვისისათვის. ანუ იყო სპორტული ღონისძიებები, კულტურული ღონისძიებები, რაც თავისთავად საჭიროა, მაგრამ, პირველ რიგში, ინვალიდს სჭირდება საბაზისო სერვისი.”

თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის გაუმართლებლად მიაჩნიათ, როდესაც საქმე საქართველოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო კონვენციებსა და კანონებს ეხება:

[დათო მაისურაძის ხმა] ”ჩვენ გაეროსთან იმიტომ მოვედით, რომ არსებობს გაეროს სტანდარტული წესები, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რომელიც ჩადებულია ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ კანონში და რაკი გაერომ ეს წესები სავალდებულო გახადა, კეთილი ინებოს გაეროს აქაურმა ოფისმა დაიცვას ეს წესები საქართველოში.”

ეს კონვენცია და, შესაბამისად, ინვალიდთა კანონი ხელისუფლებას ავალდებულებს შექმნას პრეზიდენტთან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. ხელისუფლება ამ მოთხოვნებს იმით დაუპირისპირდა, რომ ინვალიდების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ძნელაძეს, პროკურატურა ესტუმრა და 2000 წელს დახურული საქმე გაუხსენა:

[გიორგი ძნელაძის ხმა] ”იმის მაგივრად, რომ პრობლემა გადაწყვეტილიყო, 10 დღის შიმშილობის შემდეგ პროკურატურა მოგვიგზავნეს. ეს ადრე იყო ლაპარაკი კემულარიაზე, ტელეაპარატურაზე. ის 2000 წლის საქმეები გადააკეთა პროკურატურამ და მე წამიყენეს ბრალი და სასამართლომ მომისაჯა თბილისიდან გაუსვლელობა.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, ამ საქმეს შევარდნაძის ხელისუფლება იყენებდა იმდროინდელი ოპოზიციონერის, ახლა კი იუსტიციის მინისტრის, კოტე კემულარიას წინააღმდეგ, რომელიც ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციებს იურიდიულ მომსახურებას უწევდა. როგორც გიორგი ძნელაძემ მითხრა, ახლანდელ საქმეში კოტე კემულარია აღარ ფიგურირებს.
XS
SM
MD
LG