Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ უპენსიოდ დარჩენილი ომის ვეტერანების სარჩელი მიიღო


ამ ბოლო დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სულ უფრო გახშირდა ისეთი სარჩელები, სადაც მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას კონსტიტუციური

უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის გამო უჩივიან. ერთი ასეთი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 26 აპრილს გადაწყვიტა. საქმის მიხედვით, ომის ვეტერანის სტატუსის მქონე 4 მოქალაქე უჩივის საქართველოს პარლამენტს, რომელმაც 2003 წლის დეკემბერში ომის მონაწილე პირებისთვის პენსიის დანიშვნის პროცედურა შეაჩერა.

2003 წლის დეკემბერში, როგორც კი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, პარლამენტში მთავრობის ინიციატივა შევიდა მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მონაწილეთათვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის შეჩერების თაობაზე. საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობა არ გაუწევია “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსული მთავრობისთვის და სასწრაფოდ მიიღო ცვლილება ”სამხედრო ძალებისა და ვეტერანთა შესახებ კანონში”.

[მარინა ცუცქირიძის ხმა] ”ესე იგი ვინც ვერ მოასწრო მანამ პენსიის დანიშვნა, შეღავათების მიღება, სანამ ბურჯანაძე გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დღესაც ვერ იღებს პენსიას და შეღავათებს; ვინც მოასწრო, ისინი შეღავათებით სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ერთნაირი სოციალური ფენის წარმომადგენლები.”(სტილი დაცულია)

ეს არის მარინა ცუცქირიძე, ლეიბორისტული პარტიის იურისტი. იგი იმ ოთხი მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებით თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევენ. მე ერთ-ერთ მათგანს, ირაკლი მჭედლიშვილს, გავესაუბრე.

[ირაკლი მჭედლიშვილის ხმა] ”ამოდენა ჭრილობები მაქვს... პენსიას არ მაძლევენ კიდევ. სად არის ჩემი პენსია? ყაჩაღების ქვეყანაა ეს თუ რა...”

აი, ასე ემოციურად რეაგირებს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები და აფხაზეთში ნაომარი ირაკლი მჭედლიშვილი კითხვაზე, თუ რატომ არ დაუნიშნეს ვეტერანის პენსია. ის და კიდევ ასობით ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ვეტერანი არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმავე სტატუსის მქონე მოქალაქეებთან, მათთან, ვისაც 2003 წლის დეკემბრამდე დაენიშნათ ვეტერანის პენსია.

ადვოკატი მარინა ცუცქირიძე სამართლებრივად ასე აფასებს დაზარალებულთა მდგომარეობას:

[მარინა ცუცქირიძის ხმა] ”აშკარად ირღვევა კონსტიტუციის მუხლები 14, 38, სადაც წერია, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. სასამართლომ მიიღო წარმოებაში, ცნო, რომ ნამდვილად დარღვეულია კონსტიტუცია და ახლა დაიწყება ამ საკითხის განხილვა.”

ომის ვეტერანებს ხელისუფლება რამდენჯერმე დაჰპირდ პენსიების დანიშვნის პროცესის განახლებას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარებისგან და სასამართლო განხილვის დაწყებას ელოდებიან. აი, რა განაცხადა მოკლე კომენტარში პარლამენტის ინტერესების დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში იოსებ ლომაშვილმა:

[იოსებ ლომაშვილის ხმა] ”ჩვენ არ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ სასამართლოს სამართლიანობაზე. ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ მაშინ, როცა სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყება.”

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, არსებითი განხილვა სარჩელის მიღებიდან 15 დღის შემდეგ დაიწყება. ამ პროცესზე იქნება დამოკიდებული ომის 650-მდე ვეტერანის პენსიის დანიშვნის ბედი. მათ შორის ერთი ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაციცაა.
XS
SM
MD
LG