Accessibility links

logo-print

ყველასგან მივიწყებული ესპანელ კომუნისტთა ლიდერი ხოსე დიასი


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი 26 აპრილს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ხალხმრავლობა იყო ვაკის სასაფლაოზე. თბილისიდან სევილიაში ესპანელი კომუნისტის ხოსე დიასის ნეშტის გადასასვენებლად თბილისში

სევილიის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ჩამოვიდა - აქვე გეტყვით, რომ დიქტატორ ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი კომუნისტის გადასვენების ხარჯის ნაწილი თბილისის მერიამაც გამოყო.
ვინ იყო ხოსე დიასი, როგორ აღმოჩნდა თბილისში და რა ვითარებაში დაიღუპა?


[ხმა კინოჟურნალიდან] “ხოსე დიასი გარდაიცვალა საბჭოთა საქართველოში, რომლის ბუნებაც მას მოაგონებდა მშობლიურ სევილიას, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მგზნებარე რევოლუციონერი გახდა.”

ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ხოსე დიასი უკვე 60 წელზე მეტია თბილისში, ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი საფლავი ამ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე.

[გოგი დემეტრაძის ხმა] “უცბად ხალხი მოდის და ყვირის: დესანტი, დესანტი! ხოსე დიასმა თავი მოიკლა იმიტომ, რომ ეტყობა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ისკუპა ზემოდან. და რომ ისკუპა, ხალხი პურის რიგში დგას და ხედავენ ზემოდან კაცი მოდის. მაშინ მოდაში იყო პარაშუტისტები. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, დესანტიო. პროვოკაციით არ დაიძახებდა. ჩვენც გავიქეცით. (სტილი დაცულია)

ხოსე დიასის დაღუპვის ფაქტს ისტორიკოსი გოგი დემეტრაძე იხსენებდა. იგი 1942 წლის 20 მარტს ექვსი წლისა იყო. ხოსე დიასმა სიცოცხლე სასტუმრო “თბილისიდან” გადმოხტომით დაასრულა. დაღუპვიდან მეორე დღეს საბჭოთა გაზეთებმა თვითმკვლელობის ფაქტი დამალეს, ”პრავდა”, “იზვესტია”, “კომუნისტი” და “ზარია ვოსტოკა” იუწყებოდნენ, რომ ესპანეთის მშრომელთა ბელადი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ალბათ, სწორედ ამის გამო ხალხში ენკავედეს მიერ მკვლელობის ვერსია გავრცელდა. ეს ვარაუდი დღემდე ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია ვერის სასაფლაოს თანამშრომელს საბირ აბიბოვსაც:

[საბირ აბიბოვის ხმა] “მაღალი ძეგლი იდგა, კაცი დროშით. ქვაში კაცი იდგა. ბიუსტი არ იყო. ცარიელი კი არა, ქვაში იყო კაცი დამდგარი. ჩვენ კიდე, ბავშვებს, გვიხაროდა. რა ვიცოდით, ხოსე დიასი იყო თუ სხვა ვინმე. ბევრი ხალხი ერთად რო დავინახეთ, გვიხაროდა.” (სტილი დაცულია)

საბირ აბიბოვისაგან განსხვავებით, ისტორიკოსი გივი ბოლოთაშვილი გამორიცხავს ხოსე დიასის დაღუპვასთან ლავრენტი ბერიას უწყების კავშირს.

[გივი ბოლოთაშვილის ხმა] “მე, მაგალითად, ამ ვესრიას გამოვრიცხავ - რომ, ვთქვათ, ენკავედემ და მაშინდელმა რუსეთის დაზვერვამ მოიცილა ხოსე დიასი. ის ძალიან იყო ავად, ძალიან მძიმე ფორმებში. იმ დამარცხებამ სამოქალაქო ომში მასზე დიდი დეპრესიული გავლენა მოახდინა. ბერიას თავისი ცოდვები ეყოფა და, მოდით, ამასაც ნუ ავკიდებთ მას.”

მართლაც, ხოსე დიასთან დაკავშირებით კომინტერნის ყოფილ საიდუმლო არქივებში ვერაფერი აღმოვაჩინეთ იმის დამამტკიცებელი, რომ იგი თავიდან მოიშორეს. პირიქით, ყველა დოკუმენტი ადასტურებს მის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების ზრუნვას. მადრიდიდან მოსკოვში დიასის ჩამოყვანის მიზეზიც, გენერალ ფრანკოსთან მარცხის გარდა, მისი მძიმე ავადმყოფობა იყო. ჭეშმარიტ რევოლუციონერთა დაავადება, კუჭის წყლული, ხოსე დიასს წლების მანძილზე აწუხებდა. მოგვიანებით წყლული სიმსივნედ გადაექცა. კრემლის ქირურგებმა რამდენიმე ოპერაციაც გაუკეთეს, თუმცა - ამაოდ. საბოლოოდ, იგი თბილისში გამოგზავნეს. საქართველოში ესპანეთის კომპარტიის ლიდერი 7 თვის მანძილზე იმყოფებოდა. 1942 წლის 20 მარტს, შუადღისას, იგი მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა.

[დოლორეს იბარურის ხმა] “კამარადა ხოსე დიას .........

ეს სიტყვები ხოსე დიასის დაკრძალვაზე ლეგენდარულმა დოლორეს იბარურიმ წარმოთქვა. დიასის გარდაცვალების შემდეგ სწორედ მან გადაიბარა ესპანეთის კომპარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა. დაკრძალვის შემდეგ იბარური არაერთხელ ჩამოვიდა ხელმძღვანელისა და თანამებრძოლის საფლავზე. განსაკუთრებული იყო 1961 წლის 25 აპრილი. ამ დღეს საზეიმოდ გაიხსნა მოქანდაკე მორის თალაკვაძის მიერ შესრულებული ხოსე დიასის ქანდაკება. ეს ძეგლი ვერის სასაფლაოს თანამშრომლებს კარგად ახსოვთ.

[მუშების - რობერტ პაპიადისა და საბორ აბიბოვის - ხმები ]

ახლა ეს ქანდაკება საფლავზე აღარ დგას. იგი 90-იანი წლების დასაწყისში გაუჩინარდა. უზარმაზარი ქანდაკებიდან დღეს შემორჩენილია მხოლოდ მარმარილოს ფილის ნატეხი, რომელსაც ესპანურად აწერია, რომ აქ განისვენებს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის ერთ-ერთი ბელადი და ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ხოსე დიასი.

[ხმა კინოჟურნალიდან] “მოვა დრო, როცა ესპანელი ხალხი უდიდესი მოკრძალებით გადაასვენებს თავისი ერთგული შვილისა და პირველი ჯარისკაცის ნეშტს გმირული მადრიდის ყველაზე დიდ, ვრცელ მოედანზე.”

ის დრო, რომელზეც 40-იანი წლების კინოქრონიკის დიქტორი საუბრობს, ხოსე დიასის გარდაცვალებიდან 63 წლის შემდეგ დადგა. შეგახსენებთ: 26 აპრილს ხოსე დიასის ცხედარი თბილისიდან სევილიაში გადაასვენეს.
XS
SM
MD
LG