Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ირან-საქართველოს ბიზნესფორუმი დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რუსი და თურქი ბიზნესმენების სტუმრობის შემდეგ საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე ბიზნესფორუმს მასპინძლობს. 25 აპრილიდან თბილისში

ირანელი ბიზნესმენები სტუმრობენ. ფორუმი საქართველოში ირანის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ემთხვევა და ეს ფაქტი მას მეტ სოლიდურობას სძენს. როგორ ვითარდებოდა საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობები და რა პერსპექტივები არსებობს ამ მხრივ?

ენერგეტიკული პროექტები, საფინანსო სფერო, ტურისტული და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა – ეს გახლავთ იმ თემების ნაწილი, რომელიც თბილისში მიმდინარე ირან-საქართველოს ბიზნესფორუმზე განიხილება. ირანული დელეგაციის სოლიდურობას ამაგრებს ”მძიმე არტილერიაც” - ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი მუჰამედ რეზა არეფი, რომელმაც პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან უკვე გამართა შეხვედრები და რამდენიმე ხელშეკრულებაც გააფორმა. ამ ხელშეკრულებებს შორისაა ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმი, აგრეთვე მემორანდუმი საბაჟო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.

ხელმოწერილია აგრეთვე ხელშეკრულება პარიზის კრედიტორთა კლუბის პირობებით საქართველოს იმ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც ამჟამად 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. რესტრუქტურიზაციის შედეგად, 2006 წლის 1 დეკემბრამდე საქართველომ უნდა დაფაროს მილიონ 67 ათასი დოლარი. ხოლო 2016 წლიდან ძირითადი თანხის დაფარვა დაიწყება.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წელს სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 19 მილიონი დოლარი, რაც 88%-ით აღემატება 2003 წლის მაჩვენებლებს. აქედან საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 4.5 მილიონის პროდუქცია. ირანული იმპორტის მსხვილ მუხლებს წარმოადგენს მზესუმზირისა და სხვა ზეთები და სარეცხი საშუალებები, ქართული ექსპორტი კი ტრადიციულია და ალუმინისა და სპილენძის ჯართისა და ხე-ტყისაგან შედგება.

ირან-საქართველოს ბიზნესფორუმზე ცნობილი გახდა, რომ ირანული საერთაშორისო განვითარების ბანკი 20 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზს გამოყოფს, რაც ენერგოსექტორზე წარიმართება. საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობას პერსპექტიულად მიიჩნევს:

[ჯემალ ინაიშვილის ხმა] ”20 მილიონი ევრო გამოყო ირანის განვითარების ბანკმა, რომელიც უნდა მოხმარდეს პროექტებს საქართველოში. ეს არის გარდა იმისა, რაც ირანის ბიზნესმენებს აქვთ განზრახული კერძო ინვესტიციების სახით განახორციელონ. ლაპარაკია ენერგეტიკის სფეროზე, რაც ჩვენ გვჭირდება და რითაც მდიდარია ირანი.”

ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების და თანამშრომლობის გარდა საქართველოსათვის ყველაზე საინტერესო ირანიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საკითხი გახლავთ. ირანი მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მომპოვებელია, თუმცა მასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტს ახლავს ერთი უხერხულობა, საქართველო-ამერიკისა და ამერიკა-ირანის ურთიერთობასთან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ხანია ეძებს რუსული გაზის ალტერნატივას, ირანული გაზი საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და თანაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ორ ქვეყანას შორის ჯერ არ არსებობს. ამდენად, ბუნებრივი აირის ტრანზიტის პერსპექტივა ამ ეტაპზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანად გამოიყურება.
XS
SM
MD
LG