Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სტიქიის პირისპირ


გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა ლამის მთელ საქართველოში გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი და ცაგერის რაიონი დააზარალა,

რიონისპირა სოფლებიდან ათეულობით ოჯახი გახდა გამოსასახლებელი. მათ და სხვა დაზარალებულებს პირველადი დახმარება რეზერვისტებმა გაუწიეს. ადიდებულმა მდინარეებმა სერიოზული პრობლემები წარმოშვა აღმოსავლეთ საქართველოშიც - მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, თუმცა ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება მაინც დასავლეთ საქართველოსკენ არის მიმართული. სამშაბათს იმერეთის მხარეში შექმნილ პრობლემებს პრემიერ-მინისტრი სწავლობდა, ოთხშაბათს მას წყალდიდობისა და მეწყრისგან დაზიანებულ რაჭა-ლეჩხუმში ელიან.

[ქუთაისის მერი} “ბუნების წინაშე ყველა უძლურია, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობა იყოს დაცული. “

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, სამშაბათს რეზერვისტების მხრადამხარ რიონისპირა სახლებთან ქვიშით სავსე ტომრებს ალაგებდა. ეს იყო ფასადის გამაგრების ღონისძიება, თუმცა, რიონში წყლის კლების პირობებში, მოსახლეობას ფასადის გამაგრებაზე მეტად სახლების პირველი სართულებიდან წლის ამოტუმბვა, ამისთვის კი სპეციალური მოწყობილობა სჭირდებოდა.

დასავლეთ საქართველოში გამძვინვარებულ სტიქიასთან შესაბრძოლებლად რეზერვისტთა საჩხერისა და ოსიაურის ბატალიონები სასწრაფოდ ქუთაისში იქნა გადასროლილი. იქიდან მათმა ნაწილმა წყალტუბოს რაიონს მიაშურა - წყალდიდობამ ყველაზე მეტად სწორედ ამ რაიონის ორი სოფელი, ოფუჩხეთი და ჟონეთი, დააზარალა: ამ სოფლებიდან 30 ოჯახი გახდა გამოსასახლებელი.

[ქალის ხმა] “ ყველაფერი წაიღო წყალმა, საქონელი, ქათმები, ყველაფერი აბსოლუტურად. “

ამას მარტო იმერეთში არ ჩივიან. სვანეთის სოფლებს, ადიდებული მდინარეების გარდა, მეწყერმაც შეუტია.

[სვანი ქალის ხმა] :”სად წავიდეთ, გასაქცევი არსად არა გვაქვს. “

სტიქიამ სვანეთის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოსწყვიტა. სტიქიასთან ბრძოლა იქ იმ ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება, რაც თავად ამ სოფლებში ჰქონდათ, სხვა საშუალება ჯერჯერობით არ გამოჩენილა. წყალმა ცაგერის რაიონის სოფლებიც წალეკა; ცაგერის გარდა, სერიოზული ზარალია რაჭა-ლეჩხუმში. ზარალს ზუგდიდის რაიონშიც ითვლიან. ადიდებულმა ენგურმა განმუხურში, ოტობაიასა და შამგონაში მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა. სტიქიამ მთელ დასავლეთ საქართველოს შეუტია, თუმცა მას არც აღმოსავლეთ საქართველოსთვის დაუკლია ხელი: გორის რიონში დიდი და პატარა ლიახვი კალაპოტიდან გადმოვიდა; დაიტბორა სოფელი ძევერა და შეიქმნა ქალაქ გორის დატბორვის საშიშროებაც. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამშაბათს მდინარეების ნაპირებს ამაგრებდნენ. ხანგრძლივი წვიმების გამო წყლის დონემ იმატა სამცხე-ჯავახეთის მდინარეებშიც, წყალმა წაიღო სოფლებთან მისასვლელი ხიდები და გაანადგურა ნახნავ-ნათესები. წყალდიდობაა დუშეთის რაიონსა და მცხეთა-მთიანეთშიც. ჟინვალის წყალსაცავში ტარდება სამუშაოები წყლის შესაკავებლად. შედარებით სიმშვიდეა თბილისში, თუმცა შეგახსენებთ: შარშან დატბორვას ვერც დედაქალაქი გადაურჩა, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპირო. ამას მაშინ, დიდწილად, სანიაღვრეებისა და წყლის კოლექტორების გაუმართაობამ შეუწყო ხელი. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ ამჯერად ყველაფერი კეთდება ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.


[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] “წყალი არის პირველი მტერი გზის და ვცდილობთ გზაზე წყალი არ დაგვიდგეს. რაც გვაქვს მემკვიდრეობა, რისი მოვლაც შეიძლება, თან ვყვებით და ვაკეთებთ ყველაფერს. “

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის და ამის შემდეგ, როგორც ყოველთვის, დაიწყება დაზარალებულთა აღრიცხვა დასახმარებელთა რიგითობის დასადგენად.
XS
SM
MD
LG