Accessibility links

logo-print

სირია-ლიბანი: 29 წლიანი ოკუპაციის დასასრული


26 აპრილის დღე მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება: სამშაბათს სირიამ ოფიციალურად შეწყვიტა ლიბანში სამხედრო ყოფნა, რომელიც 29 წელს გრძელდებოდა.

ოკუპაციის დასასრული ლიბანში ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას ემთხვევა. მაისში ლიბანში ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელიც, ლიბანელების ვარაუდით, თავისუფალი იქნება სირიის გავლენისაგან.

26 აპრილს სირიის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ფეისალ მექდათმა განცხადება გააკეთა. იგი დიდხანს ემახსოვრება ლიბანელ ხალხს, რომელიც 29 წლის განმავლობაში ელოდა სირიის ოკუპაციის დასასრულს. გაეროს უშიშროების საბჭოს 1559 -ე რეზოლუციის თანახმად, სირიის უკანასკნელმა ჯარისკაცმა დატოვა ლიბანის ტერიტორიაო, განაცხადა ელჩმა ინგლისურ ენაზე.

[ფეისალ მექდათის ხმა] ”მე ეს წუთია გადავეცი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს. წერილში სირია ადასტურებს ლიბანიდან ჯარებისა და სადაზვერვო სამსახურების გაყვანის ფაქტს. ეს პროცესი საბოლოოდ დასრულებულია.”

ოფიციალური დამასკო ლიბანიდან ჯარების გაყვანაზე თვე-ნახევრის წინ დათანხმდა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად. თუმცა სირიის საოკუპაციო კორპუსი მაინც საზეიმო მარშით ტოვებდა ოკუპირებულ ლიბანს და ასევე საზეიმო მარშით ბრუნდებოდა საკუთარ სამშობლოში.
[საზეიმო მარშის ხმა]

მაგრამ ლიბანის ჭეშმარიტი გათავისუფლება სირიის ჯარების გაყვანით არ მთავრდება. ახლა საჭიროა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რომელიც, გაეროს რეზოლუციის თანახმად, მაისის თვეში უნდა გაიმართოს. ოთხშაბათს ლიბანის მოქმედ პარლამენტში არჩევნების თარიღზე ბჭობა საკმაოდ ცხარე კამათში გადაიზარდა. ხოლო პროსირიული პარლამენტის სპიკერმა ნაბიჰ ბერიმ განაცხადა, რომ კატეგორიულად მოითხოვს, არჩევნები 29 მაისს გაიმართოს:

[ნაბიჰ ბერის ხმა] ” თავისუფლებისა და აღორძინების ბლოკი მხარს უჭერს არჩევნებს. და არჩევნების თარიღი არის 29 მაისი. ეს თარიღი არის საბოლოო და პარლამენტის სპიკერი არაფერ სხვას არ დასთანხმდება. თავისუფლებისა და აღორძინების ბლოკი, რომელმაც თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის წამოყენებისაგან, მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, თუ არჩევნები 29 მაისს გაიმართება.”

ნაჰიბ ბერის შეთანხმებას მხარი დაუჭირა პარლამენტში წარმოდგენილმა სამმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული რაფიკ ჰარირის, პარტიამ. 14 თებერვალს ჰარირის მკვლელობა გახდა სწორედ ის საბოლოო წვეთი, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო სირიის წინააღმდეგ, რომელსაც ამ მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.

სირიის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ დამასკოს გავლენა ლიბანის შიდა საქმეებში ნელ-ნელა დაიკლებს. თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიბანის საქმეთა მკვლევარის ნადიმ შეჰადის თქმით, ერთი თავისუფალი არჩევნებით პოლიტიკური სიტუაცია ლიბანში არ შეიცვლება. მით უფრო, რომ პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია პარამილიტარისტული ჯგუფების განიარაღება. ლიბანში კვლავინდებურად დიდი გავლენით სარგებლობს ექსტრემისტული დაჯგუფება ”ჰესბოლა”, რომლის განიარაღებასაც ასევე მოითხოვს გაეროს რეზოლუცია და რომელიც შეერთებული შტატების მთავრობას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.
XS
SM
MD
LG