Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტები საქართველოს კვლავაც სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2004 წლის "ანგარიში ტერორიზმზე ქვეყნების

მიხედვით". დოკუმენტში მოცემული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინების შემთხვევები რამდენჯერმეა გაზრდილი. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ წლევანდელი სტატისტიკა სრულებით არ ნიშნავს საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერებას და მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევათა აღნუსხვის სისტემის გაუმჯობესების შედეგია. ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება მიიქცია ანგარიშის ნაწილმა საქართველოს შესახებ.

თავდაპირველად, ერთი ტექნიკური ინფორმაცია: 2004 წლის ივლისში 11 სექტემბრის ტერაქტის შემსწავლელმა კომისიამ "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური ცენტრის" შექმნა მოითხოვა, ცენტრის ფუნქციად კი გლობალური ტერორიზმის შესახებ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მიღება-ანალიზი დაასახელა. სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიში ტერორიზმზე დიდწილად სწორედ ამ ცენტრის ინფორმაციას ეფუძნება. ცენტრის დროებითი დირექტორი ჯონ ბრენანი განმარტავს, რომ მისი უწყება თანდათან ძალას იკრებს და დღეს თავდაპირველი სამი უშტატო თანამშრომლოს ნაცვლად ათი შტატიანი თანამშრომელი ჰყავს. სწორედ ეს არგუმენტი მოყავს მას იმ შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად, რომ ტერორისტული აქტების შესახებ მონაცემთა ზრდა, ანუ მათი რიცხვის ზრდა ქაღალდზე არ ნიშნავს მაინცდამაინც ტერორიზმის გაძლიერებას, არამედ სტატისტიკის ზრდა ანტიტერორისტული ცენტრის მუშაობს გააქტიურების შედეგია.

დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ თქმულმა გარკვეული რეაქცია გამოიწვია თავად საქართველოში. იმაზე, თუ რა წერია დოკუმენტში საქართველოს შესახებ, მოგახსენებთ, მანამდე კი ზოგადი ვითარების აღსაქმელად გეტყვით, რომ ანგარიშში საუბარია მსოფლიოს ყველა კუთხეზე და ტერორისტებისა და მათი ხელშემწყობების ყოფნასა და მოღვაწეობაზე ისეთ ქვეყნებშიც როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ჩეხეთი, ავსტრალია და ა.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ ზელიკოვმა, რომელიც ჯონ ბრენანთან ერთად მონაწილეობდა 27 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგში, განაცხადა, რომ ვაშინგტონის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კუბის, ჩრდილოეთი კორეის, სუდანის, ლიბიის, სირიისა და განსაკუთრებით – ირანის მიერ ტერორიზმის, როგორც სახელმწიფო იარაღის გამოყენება. ოთხშაბათს ზელიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა:

[ზელიკოვის ხმა]
"ირანი და სირია განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ პირდაპირ, ღიად და აშკარად უწყობენ ხელს ჰეზბოლასა და პალესტინელ ტერორისტთა დაჯგუფებებს; იმის გამო, რომ არ გვეხმარებიან ერაყში; ირანის შემთხვევაში კი იმის გამო, რომ არ იჩენს 2003 წელს დაკავებული ალ-ყაიდის წევრების გასამართლების ნებას".

ირანი წარსულში არ უარყოფდა, რომ მორალურად და პოლიტიკურად მხარს უჭერს ისეთ დაჯგუფებებს, როგორიც ჰეზბოლა და ჰამასია, მაგრამ არ აღიარებდა მათთვის ფინანსურ მხარდაჭერას. ვაშინგტონს კი რეგულარულად ადანაშაულებდა პალესტინელთა წინააღმდეგ მიმართულ ისრაელის სახელმწიფო ტერორის დაფინანსებაში.

საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ მომზადებულ ვრცელ ანგარიშში საქართველოს ორი აბზაცი ეთმობა. პირველ აბზაცში წერია: "საქართველოს მთავრობა 2004 წელსაც ძალიან აქტიურად განაგრძობდა საერთაშორისო და საშინაო ტერორიზმთან ბრძოლას და სისტემატურად და სახალხოდ გმობდა ტერორისტულ აქტებს. საქართველო კვლავაც შეზღუდულად, მაგრამ მაინც გამოიყენება ტერორსიტთა სატრანზიტო ქვეყნად, თუმცა, ბევრად ნაკლებად 2002 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ პანკისში სათანადო ზომები გაატარა. მომძლავრებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2004 წელს, ბესლანის მოვლენების შემდეგ პანკისში ჩატარებულმა ოპერაციებმა კიდევ უფრო შეასუსტა საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების მიერ პანკისის ხეობის სატრანზიტო ზონად გამოყენების შესაძლებლობა", - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საქართველოს ნაწილის მეორე აბზაცში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შეზღუდული საშუალებები აქვთ. აღნიშნულია აგრეთვე, რომ მიმდინარე რეფორმების პარალელურად კადრების ხშირი ცვლა სამართალდამცავ უწყებებში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს და ხელს უშლის ანტიტერორისტული პოლიტიკის გაძლიერებას ზოგადად. დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოში გრძელდება "სასაზღვრო და საბაჟო უწყებების რეფორმა და ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა საზღვაო, საჰარეო და ინფორმაციის გაცვლის სფეროები".

დასასრულ კვლავ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ფილიპ ზელიკოვის ნათქვამს გთავაზობთ, რომელიც დღეს არსებულ ტერორიზმის საფრთხეს ასე აფასებს:

[ზელიკოვის ხმა]
"ტერორიზმი კვლავაც რჩება გლობალურ საფრთხედ, რომლიეგან დაცულიც ჯერ არავინ არის. შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, მეამბოხეთა და ტერორისტთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ანტი-ტერორისტული თანამშრომლობის მიუხედავად, საერთაშორისო ტერორიზმი 2004 წელსაც წარმოადგენდა არსებით საფრთხეს როგორც შეერთებული შტატების, ისე მისი პარტნიორებისთვის".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG