Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფრიდომ ჰაუსის” ახალი გამოკვლევის შედეგებით, საქართველოში პრესა კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია


3 მაისს საერთაშორისო მედიის დღე აღინიშნება. ტრადიციულად, ამ თარიღის წინ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა

მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი ახალი მონაცემი, რომელიც 2004 წელს ჩატარებულ გამოკვლევებს ეყრდნობა. დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა კვლავ ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც არ არსებობს თავისუფალი და მიუკერძოებელი საინფორმაციო საშუალებები. გამოკვლევის მიხედვით, საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიგში აღმოჩნდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, შარშანდელი პოზიციიდან ორი საფეხურით ჩამოქვეითდა.


”ფრიდომ ჰაუსი” - 60 წლის წინ ელეონორა რუზველტის, ვენდელ ვილკისისა და სხვა ამერიკელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებასაც მსოფლიო პრესის განვითარებისა და მისი თავისუფლების ხარისხის შესწავლა წარმოადგენს. ამ მხრივ, ორგანიზაციის მიერ 2004 წელს ჩატარებული გამოკვლევა, საერთო ჯამში, მხოლოდ რამდენიმე მონაცემით განსხვავდება შარშანდელისაგან. მსოფლიოს 75 ქვეყანაში პრესა თავისუფალია, 50-ში - სანახევროდ თავისუფალი, ხოლო 69-ში - არათავისუფალი. საქართველო წელსაც სანახევროდ თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნების რიცხვში, 56-ე ადგილზე, აღმოჩნდა. თანაც, თუ ”ფრიდომ ჰაუსს” დავუჯერებთ, თავისუფალი პრესისათვის ოქროს ხანა საქართველოსთვის ყოფილა 2000 წელი, როდესაც ქვეყანა 47-ე ადგილზე გავიდა. დაღმა სვლის ასეთ ტენდენციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის, ”გორბის”, დირექტორი მერაბ ფაჩულია, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების დონე კვლავაც ძალიან მაღალია. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, მერაბ ფაჩულია საქართველოს პრესის თავისუფლებაში ცოტა ხნის წინაც დარწმუნდა, როდესაც საქართველოს მთავრობის თითქმის განახევრებული რეიტინგის შესახებ გამოკვლევა ყველა ძირითად საინფორმაციო საშუალებაში დაუბრკოლებლად გამოაქვეყნა:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”პრაქტიკულად მედიის ყველა საშუალებამ გამოაქვეყნა და მე საშუალება მომცეს, რომ ”პრაიმ-თაიმსში”, ტელევიზიით, საათ-ნახევარი გამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ შენმა კოლეგებმა, რამდენიმემ, თავიდან ეჭვი გამოთქვა, რომ ამ მასალას არ გამოაქვეყნებდნენ.”[სტილი დაცულია]

თუმცა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება გაუარესდა და ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ ჩატარებული გამოკვლევა ერთგვარად შერბილებულია. ასე ფიქრობს დამოუკიდებელ გაზეთ ”ჯორჯიან თაიმსის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ასლანიკაშვილი და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს:
[თამარ ასლანიკაშვილის ხმა] ”იმის გამო, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მამხილებელი მასალები იბეჭდებოდა, - არგუმენტირებული, დადასტურებული, დოკუმენტებით განმტკიცებული, - რასაც ის მოჰყვა, რომ ფინანსური პოლიცია შემოიჭრა რედაქციაში, რაღაც ყურით მოთრეული ფაქტებით, მაგრამ მერე თავად გახდნენ იძულებულნი უკან დაეხიათ, ვერაფერი რომ ვერ ნახეს ხელჩასაჭიდი.”(სტილი დაცულია)


თუმცა ”ფრიდომ ჰაუსის” ინდექსში, რომელიც 2004 წლის კვლევათა შედეგებს ეყრდნობა, საქართველოს აღწერაში, პრესის შეზღუდვის ფაქტებიც კი, შესაძლოა, მოძველებულად გამოიყურებოდეს - ბასილ მკალავიშვილის მომხრეთა ძალმომრეობა და რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის აკაკი ჩხაიძის მიერ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სასამართლოში ჩივილი. მაგრამ ერთი რამ ძალიან საყურადღებოა: ”ფრიდომ ჰაუსის” გამოკვლევის თანახმად, ”ნარინჯისფერი რევოლუციიის” შემდეგ უკრაინამ ორი საფეხურით მაღლა აიწია და არათავისუფალიდან სანახევროდ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიგში მოექცა, საქართველოს ინდექსმა 2 საფეხურით დაიკლო და მსოფლიო კლასიფიკაციაში 54-დან 56-ე ადგილზე აღმოჩნდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG