Accessibility links

logo-print

საქართველოში სტიქია ჩაცხრა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა


საქართველოს უმეტეს ნაწილში გამოიდარა და ადიდებულ მდინარეებში წყლის დონემაც იკლო - მაგალითად, მტკვარმა 2 მეტრით დაიწია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს,

რომ მდგომარეობა გამოდარებასთან ერთად რადიკალურად შეიცვალა. კვლავ მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მეწყრის ჩამოწოლის საშიშროება არ ნელდება და თავს იჩენს სტიქიით მიყენებული ზარალის თანმდევი პრობლემები. ასობით მოქალაქე უსახლკაროდაა დარჩენილი, რასაც თან ერთვის სასმელი წყლისა და სურსათის უკმარისობა.

[დაზარალებული ხალხის ხმა] ”ოთხი დღეა ქუჩაში ვათევთ ღამეს...”

”მთელი ღამე გარეთ გავათენე და ჩემი თვალებით ვუყურებდი, როგორ ჩაიტანა ჩემი სახლი მდინარეში. გადავიტანე ბარგი მეორე ოჯახში - ახლა იმასაც ემუქრება...”

ესენი არიან ლენტეხის რაიონის მცხოვრებნი. ამ რაიონში თითქმის ყველა მდინარე კალაპოტიდანაა გადმოსული და კვლავ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უფრო მძიმე მდგომარეობაა ლენტეხს ზევით, მესტიის რაიონში. მესტიის გამგებლის ნინო ჯაფარიძის განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია სახნავ-სათესი ნაკვეთები და საძოვრებიც კი.

[ნინო ჯაფარიძის ხმა] ”სარჩო-საბადებლის გარეშე რჩება მოსახლეობა. შიდა მეურნეობის ხარჯზე ცხოვრობდა ეს მოსახლეობა დღემდე. ამ გრძელი ზამთრის გამო მარაგიც არა აქვთ უკვე და ახლა საძოვარზე თუ ვერ გავა პირუტყვი... ხვნა-თესვაზე ლაპარაკი ზედმეტია, უშველებელი ლოდებით არის დაფარული ყანები.”

ნინო ჯაფარიძის თქმით, ასეთი სტიქია ყველაზე უხუცეს სვანებსაც კი არ ახსოვთ. სვანეთში თითქმის არ დარჩენილა სოფელი, სადაც მეწყერი არ ჩამოწვა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ დაახლოებითი ციფრები, რომლის მიხედვითაც მესტიის რაიონში 500-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. მათგან 200-მდე საცხოვრებლად უვარგისია. გარდა ამისა, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გარე სამყაროსგანაც მოწყვეტილი აღმოჩნდა. მეწყერმა ცენტრალური ხიდები დაანგრია და მოსახლეობა ვერ ახერხებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლას. არადა, მეწყრის საშიშროება კვლავაც არსებობს.

[ნინო ჯაფარიძის ხმა] ”ელემენტარული წვიმაც კი ძალიან სერიოზულ ზარალს მოიტანს, ისეა დაძრული ეს ქანები. მესტიის თავზე, იქ, ზემოთ, დიდი ნაპრალია გაჩენილი და ივსება წყლით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი მთის მასივი შეიძლება მოწყდეს და წალეკოს 150-მდე ოჯახი.”

მეწყრის გამო გარე სამყაროს მოსწყდა ზემო აჭარის, ხულოს რაიონის, ოთხი სოფლის მოსახლეობა. იქ მეწყრის განმეორების საშიშროება კვლავ არსებობს, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია უგზოობისა და უამინდობის გამო ვერ ხერხდება. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ თავართქილაძის კომენტარი:

[რამაზ თავართქილაძის ხმა] ”გზა არ არსებობს პრაქტიკულად და არანაირი სურსათი არ მიეწოდება მოსახლეობას...”

ისევე როგორც სვანეთის, ხულოს მოსახლეობაც სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი - ისინი, ძირითადად, მთის ღელის წყალს იყენებენ სასმელად. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას ჯერჯერობით ვერც ცენტრალური ხელისუფლება ეხმარება, უგზოობისა და არასაფრენი ამინდის გამო. მთავრობაში თავს იმით იმშვიდებენ, რომ ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის.

[გიგი უგულავას ხმა] ”გარდაცვლილები არ არიან, საბედნიეროდ. მოსახლეობამ დაკარგა საქონელი, რომელიც, ბუნებრივია, მძიმე მატერიალური ზარალია, მაგრამ, საბედნიეროდ, მინდა აღვნიშნო, და ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების მწყობრი მუშაობის დამსახურება, რომ ჩვენ შევძელით და ავიცილეთ თავიდან ადამიანური მსხვერპლი.”

ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა. მის მიერ ნახსენები ადგილობრივი ხელისუფლების მწყობრი მუშაობა იმაში გამოიხატება, რომ, მაგალითად, მესტიის რაიონის ხელმძღვანელობა საგზაო დეპარტამენტისგან დაქირავებული მხოლოდ ერთი ტრაქტორით ებრძვის მეწყერს და ასეთი მწირი რესურსებით უკვე 50-მდე ოჯახი გადაარჩინა.
XS
SM
MD
LG