Accessibility links

logo-print

ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში ცხოვრებას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ და მესამე ქვეყანაში გადასახლებას მოითხოვენ

  • ნინო როდონაია

საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი დევნილები დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ისგან ითხოვენ. ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭო აცხადებს,

რომ საქართველოში, რომელსაც თავად აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა პრობლემა, ჩეჩენი ლტოლვილები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.
საკოორდინაციო საბჭო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობას ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაში ადანაშაულებს და ამ სტრუქტურის საქმიანობის შემოწმებას მოითხოვს.

ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს მიმართვის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო დეპარტამენტი არიან.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ამჟამინდელი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, მათთვის საქართველოში ცხოვრება უპერსპექტივოა. რუსეთის მუდმივი მუქარისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეურაცხმყოფელი მოქმედების გამო, ჩეჩენი დევნილები მესამე ქვეყანაში მათ გადასახლებას ითხოვენ. საკოორდინაციო საბჭო განსაკუთრებულ პრეტენზიას სწორედ კომისარიატის მიმართ გამოთქვამს:

[საიფუდინ ელენბაევის ხმა] ,,ჩვენ წერილი მივწერეთ ჟენევაში, მივმართეთ სამთავრობო ორგანიზაციებსაც, თუმცა ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ჩვენ პასუხის გარეშე დავრჩით. პირიქით, ამის შემდეგ ისე მოხდა, თითქოს რაღაც თამაში წავაგეთ და ჩვენი შეურაცხყოფა უკვე აშკარად დაიწყეს.”

ჩეჩენ ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე საიფუდინ ელენბაევი ამბობს, რომ ჟენევისთვის დახმარების თხოვნის შემდეგ კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ დევნილებს რამდენიმე ჰუმანიტარული პროგრამა შეუწყვიტა, ამ სტრუქტურის ეგიდით მიღებული მინიმალური რაოდენობით საკვები პროდუქტები კი, როგორც წესი, უვარგისია.
თბილისში, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ოფისთან, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ ჩეჩენი ქალები და ბავშვები, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვენ. ,,კავკასიური სახლის” წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს დაცვამ სკამები წაართვა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ:

[მექა ხანგოშვილის ხმა] ,,გამოდიან გაეროს თანამშრომლები მათთან და აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომ თქვენ ვინ ხართ, ვის სჭირდებით, ვის უყვარხართ. ყველამ იცის, როგორია თქვენი იმიჯი მსოფლიოში - გქონდათ თუ არა იარაღი ხელში, თქვენ ჩვენთვის ყველანი ტერორისტები ხართ და ასე შემდეგ. ხდება მათი უფლებების დარღვევა, თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც კი.” (სტილი დაცულია)

ჩეჩენ დევნილთა ინფორმაციით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით აქციის მონაწილეებს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის იურიდიული განყოფილების თანამშრომელმა, ბელორუსმა ვიტალი მასლოვსკიმ მიმართა. ლტოლვილები იმასაც ამბობენ, რომ მათ ნაცვლად მესამე ქვეყნებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გზავნიან, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებს ჯერჯერობით არ ფლობენ. ჩეჩენი დევნილები გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ მათი უფლებების დაცვას, საქართველოში ამ უწყების საქმიანობის შემოწმებასა და ლტოლვილთა გადასახლების პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენი დევნილები თავიანთ ბოლო მიმართვას გარკვეული იმედით უყურებენ, საიფუდინ ელენბაევი არც უკუშედეგს გამორიცხავს:

[საიფუდინ ელენბაევის ხმა] ,, სიმართლე თუ გინდათ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისგან, შესაძლოა, ზეწოლა გაძლიერდეს. დღემდეც ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართვის გარკვეული იმედი გვაქვს, კონკრეტულ შედეგში დარწმუნებული არ ვარ.”

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 2500 ჩეჩენი ლტოლვილი. საკოორდინაციო საბჭო აცხადებს, რომ მათი რაოდენობა 486-ია, რადგან, კანონმდებლობით, ლტოლვილებად მიჩნეულნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვთ. მათი ძირითადი ნაწილი ცხოვრობს პანკისში, რომელსაც დევნილები რეზერვაციად მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ ხეობაში ისინი თავს მსოფლიოს მოქალაქეებად ვერც დე ფაქტო გრძნობენ. ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, რეალური დევნილებისთვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად მთავრობას ყოველთვიურად 12 ათასი დოლარი დასჭირდება, თუმცა მთავარი, რასაც ჩეჩენი დევნილები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, მესამე ქვეყნებში მათი გადასახლებისთვის ხელშეწყობაა.
XS
SM
MD
LG