Accessibility links

ხელისუფლება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება სტიქიით მიყენებული ზარალის დადგენას ცდილობს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. მიუხედავად იმისა,

რომ წყალდიდობებისა და მეწყრების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს და ზარალის ზუსტი კალკულაცია შეუძლებელია, პრემიერი და ქვეყნის პრეზიდენტი უკვე ამ ეტაპზე ასახელებენ ციფრებს, რომელიც სახელმწიფომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე შეიძლება მიმართოს. რა თანხებზეა საუბარი და საიდან წარიმართება საკომპენსაციო ფული?

მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ზარალის სრული კალკულაცია შეუძლებელია, ხელისუფლება სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასებას ცდილობს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვარაუდით, ზარალმა საქართველოს მასშტაბით, შესაძლოა, 10-15 მილიონი ლარი შეადგინოს.
პრეზიდენტი მოსახლეობას დახმარებასა და თანადგომას ჰპირდება. მისი გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, რომელმაც განსაკუთრებული ზარალი ნახა, კიდევ ერთხელ დაურიგდება დიზელის საწვავი და უფასოდ გამოეყოფა ტექნიკა მიწების დასამუშავებლად. ფინანსთა სამინისტრო 1 მილიონი ლარის ღირებულების დიზელის საწვავის ხელახლა დასარიგებლად სპეციალურ ტენდერსაც ატარებს.
მთავრობა სტიქიით დაზარალებულებისათვის დანგრეული საცხოვრებლებისა და დამეწყრილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კომპენსირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომელიც სარეზერვო ფონდიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით გაიხსნება სპეციალური ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ბიუჯეტში ვაპირებთ ცვლილებებს დაახლოებით 20 მილიონი ლარით, საიდანაც 15 მილიონი მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში გზების აღდგენას, ხიდების ხელახლა მშენებლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას, ვინაიდან დღეს დაახლოებით 30 სოფელია მოწყვეტილი ჩვეულებრივ კომუნიკაციას, რომ აღარაფერი ვთქვათ ლენტეხის რაიონზე. გარდა ამისა, გაიხსნება სპეციალური ანგარიში, რომელზეც მოხდება თანხების აკუმულირება და ეს თანხებიც მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდირებას.”
მთავრობის სპეცანგარიშზე ელიან უცხოურ დახმარებებსაც, რომლის შემოსვლაც უახლოეს დღეებში დაიწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ დრომდე, სანამ წყალდიდობების საშიშროება არ არის ლიკვიდირებული, ბუნებრივია, ზარალის ზუსტი შეფასება შუძლებელია.
[გიგი უგულავას ხმა] “ეს არის დაახლოებითი კალკულაცია, რომელსაც მთავრობის წევრები ამუშავებენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შემოდის მთავრობაში დაზიანებული ადგილებიდან. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის პირობითი ციფრი, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტი.”
სინოპტიკოსების არცთუ დამაიმედებელი პროგნოზებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ სოფელში ელემენტარულად ფიზიკურად მისვლა და აღნუსხვა ვერ ხერხდება, ჯერ შესაძლო ზარალზე მართლაც ზედმეტია საუბარი, თუმცა ამთავითვე ცხადია, რომ 20 მილიონი ლარი სტიქიით მიყენებული შედეგების ლიკვიდირებისათვის საკმარისი არ იქნება, რადგან ერთია მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი და მეორეა ის კოლოსალური თანხები, რომელიც საფუძვლიანად დაზიანებული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას დასჭირდება, და ის დანაკარგი, რაც ამ კომუნიკაციების მოშლით ეკონომიკას მიადგება.
XS
SM
MD
LG