Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა" საქართველოში ერთგვარი კატალიზატორია"


მაშინ, როცა საქართველო ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება - მზადება მიმდინარეობს თვით აშშ-შიც. ოღონდ ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ მზადებას ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისთვის:

საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ მრავალმილიონიან დახმარებაზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მალე, სავარაუდოდ, ზაფხულში დაამტკიცებს. ასეთ დახმარებას ითვალისწინებს ე.წ. “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა”. დღეს მის არსს შეგახსენებთ და გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიპოვა ვაშინგტონში საქართველოსადმი და მისი ფინანსური დახმარებისადმი დამოკიდებულების შესახებ.

“ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა” არის აშშ-ში შემუშავებული დახმარების პროგრამაა, რომელიც ეხება ღარიბ ქვეყნებს - კერძოდ, ღარიბ ქვეყნებს შორის იმათ, მმართველობის, განვითარების კურსის თვალსაზრისით რომ აკმაყოფილებს ვაშინგტონს.

მიმდინარე თვეში მადაგასკარმა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის შესაბამისად, 110 მილიონ დოლარს მიიღებს სხვადასხვა ინიციატივის დასაფინანსებლად. ახლა, “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამიდან” დაფინანსების მიღების კანდიდატებს შორის დარჩა 16 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას სთხოვეს, კონკრეტული გეგმით წარმოსახონ, რაში აპირებენ ფულის დახარჯვას, დახმარების მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოს - გეგმა მან საკონსულტაციო პროცესის საფუძველზე შეიმუშავა: გეგმა ითვალისწინებს 600-ზე მეტ პროექტს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის ხელშეწყობაც.

როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი იუწყება, საქართველოს, 200-ს მილიონამდე დოლარის მიღების შანსი აქვს...

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ხელმძღვანელი პოლ აპელგარტი ამ კვირაში შეერთებული შტატების კონგრესის კომისიის წინაშე გამოვიდა და საქართველოზეც ილაპარაკა. აპელგარტის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა. [აპელგარტის ხმა] “ადგილზეა ხელისუფლება, რომელიც მართლაც ანხორციელებს “ათასწლეულის გამოწვევის” პრინციპებს - კორუფციასთან ბრძოლით, მთავრობაში წესრიგის დამყარებით, ეფექტიანი პროცესების ამოქმედებით”...

საქართველოს მხრივ ლაშა შანიძე ხელმძღვანელობს პროცესს, რომლის მიზანიცაა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” შეთანხმების მიღწევა. ეს პროცესი - ეს კამპანია - თითქმის წელიწადია, გრძელდება: წელი, რომლის მანძილზე საქართველოს განვითარების საკითხზე ახლებური ხედვა წარმოიშვა. [ლაშა შანიძის ხმა] “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” საქართველოში ერთგვარი კატალიზატორია არა მარტო კონკრეტული პროექტების ორგანიზების მხრივ, არამედ საქართველოში მეტი უცხოური დაფინანსების მოზიდვის გამო. ეს იგრძნობა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” ხელშეკრულების დადების გარეშეც. ხალხი რიგში დგას პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან სჯერა, რომ ეს ყველაფერი მოვა”.

ლაშა შანიძეს, რომელიც ვაშინგტონში “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ხელმძღვანელებს შეხვდა, ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში არ დაუმალავს თავისი ოპტიმისტური ხედვა - რომ საქართველო მოიპოვებს 5-წლიან დაფინანსებას, 200 მილიონი დოლარის პაკეტს.

და თუ ეს იმედი გამართლდა, ფული მოხმარდება მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის რუსეთიდან მომავალი გაზსადენის რეაბილიტაციას: ეს ის გაზსადენია, რომლის “გაზპრომისთვის” მიყიდვის ვერსიაზეც იყო ლაპარაკი. მაგრამ, შანიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა “გაზპრომის” ვარიანტს აღარ განიხილავს და გადაწყვეტილი აქვს, თვითონ გაარემონტოს გაზსადენი ამერიკული პროგრამის მეშვეობით. [ლაშა შანიძის ხმა] “ეს პრობლემური საკითხია. ჩვენ ბევრ გაზს ვკარგვათ. ამ მილსადენში გამავალ გაზზე სომხეთია დამოკიდებული. ჩვენი ბევრი კომპანიაც დამოკიდებულია ამ გაზზე და საერთოდ, ინვესტორები (ჩვენ კი საქართველოში მსხვილი უცხოელი ინვესტორების მოზიდვა გვსურს) დაინტერესებული არიან სანდო გაზმომარაგებით. ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, ერთი ჯაჭვია, რომელიც უნდა აეწყოს. და, რასაკვირველია, სჯობს ის ჩვენ ავაწყოთ და ჩვენსავე მფლობელობაში გვქონდეს”, უთხრა საქართველოს წარმომადგენელმა ამერიკულ ორგანიზაცია “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” მოლაპარაკებაში ჩვენს ვაშინგტონელ კორესპონდენტს.

ეს კორესპონდენტი საქართველოს შესახებ ამერიკელ ექსპერტსაც ესაუბრა: საქართველოს საკითხებში მსოფლიო ბანკის მენეჯერს, როი საუსვორთს. მისგანაც ოპტიმისტური შეფასება მოისმინა: [საუსვორთის ხმა]
“გულუბრყვილობა იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველომ ერთ წელიწადში შეძლო კორუფციის აღმოფხვრა - წინა ხელისუფლების წლებში კორუფციას ხომ ეპიდემიის მასშტაბი ჰქონდა მიღებული. მაგრამ ახალ ხელისუფლებას აქვს, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერა კორუფციასთან ბრძოლაში და ამ ერთი წლის განმავლობაში მათ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ წინსვლას მიაღწიეს”.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის შეფასება აქ შემთხვევით არ მოგვიყვანია: ამ ბანკის ერთ-ერთი ფონდი (მუნიციპალური განვითარების ფონდი) სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს პროექტებში “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG