Accessibility links

logo-print

სააღდგომოდ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა არმიის მშენებლობის პროცესისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება


საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უმთავრეს ამოცანად რომ განიხილავს, ეს სააღდგომოდაც დადასტურდა. მიხეილ სააკაშვილმა ღამე

ახალციხის რაიონში, ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე, ერთ-ერთ სამხედრო კარავში გაათია, იქ მიმდინარე საარტილერიო წვრთნის შედეგები ჩაიბარა, ჩვეულებისამებრ, ჯარისკაცების სამხედრო ულუფა დააგემოვნა და სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს მოდერნიზებული სამხედრო არმია. მინდა არმიის მშენებლობის საქმისადმი პრეზიდენტის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე გესაუბროთ.


ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო წვრთნა “ცეცხლოვანი მუშტი - 2005” დასრულდა. ჯარისკაცების სამხედრო მომზადების დონე წვრთნის შემდეგ პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის მეთაურთან ერთად შეამოწმა და ნანახით კმაყოფილიც დარჩა. კმაყოფილმა მთავარსარდალმა ძალის დემონსტრირების მოთხოვნა ვერ მოთოკა და კიდევ ერთხელ თქვა ის, რაც არაერთხელ უთქვამს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა ] “რა თქმა უნდა, ჩვენ პირველი არ დავიწყებთ არაფერს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, ყველა შესაძლო ამრევს, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული არგუმენტებიც. ჩვენი მთავარი იარაღი არის პოლიტიკა, ჩვენი მთავარი იარაღი არის სიფრთხილე და წინდახედულობა, მაგრამ ის, რომ საქართველოს უკვე ჰყავს მოდერნიზებული სამხედრო ძალები - ეს ისტორიული გარღვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. “

ისტორიული გარღვევის პირობებში პრეზიდენტს სჭირდება კანონის გამკაცრება სამხედრო ნაწილების თვითნებურად მიტოვების ფაქტების აღსაკვეთად, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამხედრო ნაწილებში საქმე მაინცდამაინც კარგად არ უნდა იყოს. სააგენტო “ინტერპრესის” ცნობით, პრეზიდენტმა პარლამენტში უკვე გადაგზავნა კანონპროექტი, რომლის მიხედვით 24 საათიდან 5 დღემდე ვადით სამხედრო ნაწილის ან მიმაგრების სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება 6 თვემდე პატიმრობით ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთით ისჯება. თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილს 5-დან 10 დღემდე მიატოვებს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება და ასე შემდეგ. ჯარისკაცების უფლებების დამცველის შალვა თადუმაძის აზრით, თუ ასეთი ჩანაფიქრი არსებობს, მისი რეალიზაცია ჯარში ნებაყოფლობით სამსახურს ჩაკლავს და დამოუკიდებელი საქართველოს არმიას საბჭოთა არმიას დაამსგავსებს. დამოუკიდებელი ქვეყნის სამსახურში მყოფ სამხედრო ნაწილებს ჯარისკაცები თვითნებურად არცთუ იშვიათად ტოვებენ. ამ მხრივ, პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა, შალვა თადუმაძის აზრით, მიზეზი ჯარისკაცებში არ მდგომარეობს.

[შალვა თადუმაძის ხმა] “მხოლოდ ხელფასი არ არის ჯარისკაცის სოციალური უზრუნველყოფა, სხვა პერსპექტიული მხარეები უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახურში ყოფნას. მოწესრიგებული უნდა იყოს ურთიერთობა სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მეთაურებსა და ქვეშევრდომებს შორის, რაც ქმნის მთლიან პრობლემას სამხედრო სამსახურში. “

ჯარისკაცთა უფლებების დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯარისკაცის ცემაში პირადად თავდაცვის მინისტრს დასდო ბრალი. ოქრუაშვილმა ნათქვამს ცილისწამება უწოდა, თუმცა ამით ეჭვები ვერ გაფანტა. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავდაცვის მინისტრად გამწესებისას პრეზიდენტმა მას 2005 წლის ბოლოსთვის საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა. ნატო კი, როგორც არაერთხელ თქმულა, ღირებულებებზე ორიენტირებული გაერთიანებაა - ღირებულებებზე, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი ადამიანის უფლებებს უკავია.

საქართველოს პრეზიდენტი ამაყოფს იმით, რომ საქართველოს უკვე ჰყავს მოდერნიზებული სამხედრო არმია. მას სჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი უახლოეს წლებში გახდება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას სააკაშვილი ნომერ პირველ ამოცანად სახავს, სამხედრო ნაწილს ის ხშირად გაუფრთხილებად სტუმრობს და ჯარისკაცების ულუფას სინჯავს . ეს ყველაფერი მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულის გაღვიძების მიზანს ესადაგება, თუმცა ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი არმიის მშენებლობისთვის გაცილებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
XS
SM
MD
LG