Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მეორე გამოფენა ჩატარდა


თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა GeorgiaTel 2005 (ჯორჯიატელ 2005). სასტუმრო შერეტონ

მეტეხის საკონფერენციო დარბაზში 27-დან 29 აპრილის ჩათვლით გამოფენილი იყო მსოფლიოს 11 ქვეყნის 28 კომპანიის პროდუქცია. გამოფენის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იყო საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

[მუსიკა]

ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ქართული ეკონომიკის თითქმის ყველაზე წარმატებული და მზარდი სფეროა. ერთი წლის წინ სწორედ ამ ფაქტმა უკარნახა გამოფენის მოწყობის აუცილებლობა ”აი-ტი-ი ჯგუფს” და მის პარტნიორს საქართველოში ”იტეკა კავკასიას”. წელს გამოფენაში მონაწილეობის სურვილი უფრო მეტმა კომპანიამ გამოთქვა, ვიდრე შარშან. გამოფენის ორგანიზატორის ნინო ხარებავას კომენტარი:

[ნინო ხარებავას ხმა] ”წლევანდელი უფრო დატვირთული იყო სემინარებით და პრეზენტაციებით. 3 დღის განმავლობაში ტარდებოდა სემინარები. წლევანდელი გამოფენა უფრო საინტერესოა, ვიდრე შარშანდელი. ჯერჯერობით ნაადრევია შედეგებზე საუბარი, რადგან გამოკვლევა ახლა ჩავატარეთ.”

ნინო ხარებავასვე თქმით, გამოკითხვისას მონაწილე კომპანიების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ გამოფენის მსვლელობისას საქმიანი წინადადებები მიიღო. მე იმის გასარკვევად, თუ რას სთავაზობენ მომხმარებლებს და რამდენად შედეგიანი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების წლევანდელი გამოფენა, რამდენიმე საგამოფენო სტენდს მივაშურე და მონაწილეებს გავესაუბრე.

ბიზნესეთიკის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ტარიელ ზივზივაძე:

[ტარიელ ზივზივაძის ხმა] ”ბიზნესეთიკა ყველა სფეროსთან კავშირშია, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ახლა რაც შეეხება საქმიან წინადადებებს, ძირითადში არის უფრო ზეპირი აზრის გაზიარება, საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა. შემდეგ ჩვენ ვუკავშირდებით და ვაწვდით ინფორმაციას, რა ხდება ჩვენთან.”

კომპანია ”იუ-ჯი-ტის” წარმომადგენელი ირაკლი ბეროშვილი:

[ირაკლი ბეროშვილის ხმა] ”ჩვენ ვთავაზობთ არქივაციის სისტემას ლენტურ დამაგროვებლებზე და მერე არის კლასტერინგი. და იყვნენ სერიოზული კლიენტები, ლენტური მონაცემებით დაინტერესდა მეტეოროლოგიური სადგური, რომლებსაც ძალიან დიდი მონაცემები აქვთ და უნდათ ეს მონაცემები დააარქივონ, შეინახონ.”

ეს და კიდევ სხვა მონაწილენი იმედს გამოთქვამდნენ, რომ მათი კომპანიისათვის გამოფენა შედეგიანი იქნება. უფრო კრიტიკული აღმოჩნდა შარშანდელი გამოფენის მონაწილე კომპანია ”გრინნეტის” წარმომადგენელი ნატალია დავითაშვილი:

[ნატალია დავითაშვილის ხმა] ”შარშანდელი გამოფენა გაცილებით უფრო შედეგიანი იყო, ვიდრე წლევანდელი. წელს, გარკვეული მიზეზების გამო, გზები ყველგან გადაკეტილია და, ფაქტობრივად, ფორსმაჟორული სიტუაციაა საქართველოში. დამთვალიერებელთა რაოდენობა გაცილებით უფრო დაბალი იყო, ვიდრე შარშან და ამიტომ წლევანდელი გამოფენა უფრო დაბალეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე შარშანდელი.”

ნატალია დავითაშვილის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უკაბელო ქსელებსა და ”ეპლის” ”მაკებს”, რომელთა ღირებულება უკვე ხელმისაწვდომია ქართველებისთვის. მაგრამ, როგორც “გრინნეტის” წარმომადგენელმა აღნიშნა, ინტერესი დაბალია დამთვალიერებელთა სიმცირის გამო, რაც ბოლო დღეებში გამძვინვარებულმა სტიქიამ გამოიწვია. არადა, ტელეკომუნიკაციებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებულ ბუნების ცვალებადობასა და სტიქიურ მოვლენებზე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG