Accessibility links

თბილისში ჯორჯ ბუშის დახვედრისათვის სამზადისი კიდევ უფრო ძლიერდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში” - ქართულ და ინგლისურ ენებზე ამგვარი შინაარსის ბილბორდებით შეეგებება აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თბილისი.

იმავდროულად, თბილისელებს დღეიდან იმავე ზომის ბილბორდები შეახსენებს, რომ 10 მაისს, დილის 9 საათზე, თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვა. დედაქალაქის შენობათა ფასადების გამალებული ღებვა, გზების დაგება და ახალი სარეკლამო აბრების გამოჩენა მოსახლეობის ნაწილს საბჭოთა წარსულს აგონებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის ჩამოსვლისა და მისი სიტყვით გამოსვლის მაუწყებელი სარეკლამო აბრების განთავსება აეროპორტის გზაზე და ცენტრალურ ქუჩებზე პარასკევს დილიდან დაიწყო. ბოლბორდები ქართული და ამერიკული დროშებითა და წითელი ვარდებითაა გაფორმებული. სულ მთელ თბილისში 30 მსგავსი ბილბორდი იქნება. დედაქალაქის მოსახლეობას სარეკლამო აბრების გამოჩენა არ გაჰკვირვებია. ნაწილს მიაჩნია, რომ ბუშის დახვედრის სამზადისი ეფექტურად მიმდინარეობს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შელამაზებაზე ზრუნვას რეალური სახის ჩვენება სჯობს:

[მოსახლეობის ხმები] ქალის ხმა - “ჩვენი ტრადიციისამებრ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სტუმარს თავი მოვაწონოთ. საჭიროა თუ არა, არ ვიცი. ჩემი აზრით, ცუდი არ არის.” კაცი - “რომ ჩამოვიდეს და რეალურად ნახოს ეს ყველაფერი, ის ჯობია, ვიდრე, რომ რაღაცა ვაჩვენოთ დროებით და მერე ისეთები დავრჩეთ, როგორებიც ვიყავით. ჯობია რეალურები ვიყოთ.”

რით შეიძლება მოიხიბლოს ბატონი ბუში საქართველოში სტუმრობის დროს? - ჩვენმა ამ შეკითხვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო მოახერხებს ამერიკის პრეზიდენტისათვის თავის მოწონებას:

[მოსახლეობის ხმები] კაცი - “იგივე ის, რომ ნახოს ჩვენი ზეზვა და ზვიადი და ის უთხრა, რომ პირველი ევროპელები ჩვენა ვართ და რაღაც პატარა რაღაცა. მთებში ჩაკარგული პატარა რაღაც ლანდშაფტი. შეიძლება მცხეთაში აიყვანონ. თუნდაც იგივე სამზარეულო, ერთხელ ხომ უნდა ჭამოს იმ კაცმა და, ბუნებრივია, ქართული კერძების უმაღლესი დონე იქნება. საცივს გაუკეთებენ ან რაღაცას.” ქალი - “მოეწონება, ალბათ, ბუნება, თბილი დახვედრა. საჭმელებზე
რა ვთქვა, გურმანია თუ არა ჯორჯ ბუში, არ ვიცი.” (სტილი დაცულია)

მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებსაც ამჟამად თბილისში მიმდინარე გამალებული მზადება საბჭოთა დროს აგონებთ და მიაჩნიათ, რომ, ხრუშჩოვის, ბრეჟნევისა და თუნდაც ჩერნენკოსაგან განსხვავებით, ჯორჯ ბუშის რაიმეთი გაკვირვება რთული იქნება:

[მოსახლეობის ხმები] “მთავარი ის კი არ არის, რომ აქედან დაანახვო, მთავარია, აქით რა ხდება, უკან, უკან. ეს ”პაკაზუხობა” ქართველებს მოგვდევს თავიდან. რა უნდა მოეწონოს, ბუში რითი უნდა გააკვირვო, კაცო. ბუშს გააკვირვებ იმით, თუ ადამიანების კეთილდღეობა იქნება.”(სტილი დაცულია)

ერთი ფაქტია - ამერიკის ლიდერს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობით ნამდვილად ვერ გააკვირვებ. ჯორჯ ბუშს, ალბათ, არც სახელდახელოდ მისი ვიზიტისათვის გალამაზებული აეროპორტის გზატკეცილი და ფასადებშეღებილი შენობები გაუკვირდება. ნორმალურ ქვეყნებში ამას ხელისუფლება ისედაც ხომ უნდა აკეთებდეს. ასეა თუ ისე, ახლა უკვე სარეკლამო ბილბორდებიც გვამცნობენ, რომ 10 მაისს, ზუსტად 9 საათზე, თავისუფლების მოედანზე ამერიკის პრეზიდენტი სიტყვას წარმოთქვამს.
XS
SM
MD
LG