Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რა არის ეს ჯვარი? ეს არის ის განსაცდელი, ის სიმძიმე


“რა არის ეს ჯვარი? ეს არის ის განსაცდელი, ის სიმძიმე,

რომელიც ყოველ ადამიანს თავისი ცხოვრების გზაზე ხვდება. მაგრამ, გარდა სიმძიმისა, ჯვარი არის ჩვენი მფარველი, იგი არის ჩვენი შემწე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც გვაძლევს ჯვარს, ასევე გვაძლევს ძალას, რომ ბოლომდე მივიტანოთ იგი. ჯვარი არის საიდუმლოებით მოცული უდიდესი ძალა! “

ეს არის ციტატა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებიდან. “ჯვრის” მეტაფორაზე პატრიარქმა 3 აპრილს ისაუბრა... თუმცა ამ მეტაფორის ინტერპრეტაციის ნიშნები აქტიურად წარმოჩნდება ბოლო დროის ქართულ კულტურაში – კინოში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში, ლიტერატურაში... რაც სავსებით ბუნებრივია: კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ. “ჯვრის” სახე ეროვნული კულტურის ატრიბუტი გახდა - არცთუ ისე ხშირად, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში, გაუაზრებელი... დაახლოებით ისეთი სამკაულის მსგავსი, რომელსაც ესტრადის ვარსკვლავები ატარებენ ხოლმე, უფრო სწორად, “აფიშირებენ” თავიანთ კონცერტებზე... თუმცა ბოლო დროს ქართულმა კულტურამ დაიწყო რელიგიის ფორმალური გაგების, საეკლესიო რიტუალის თეატრალიზაციის და, რაც მთავარია, სულიერების თემით სპეკულაციის კრიტიკული გააზრება. ლაშა ბუღაძის რომანი “ბოლო ზარი”, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ბოლო დროის ქართული ლიტერატურული ბესტსელერი, ამ ახალი ტენდენციის მანიშნებელია... ერთი ცნობილი ფრაზა ლაშას რომანიდან “ნანუკამ ქვითინ-ქვითინით ჩააბარა აღსარება მამა თორნიკეს, ღმერთი ჩვენი ცოდვების გამო ჯვარს აცვეს და მე კი, შუა მარხვაში, კურთხევის გარეშე ჩავიცვი კუპალნიკიო”... ნაკლებად ჰგავს ქილიკს... ვისაც წაკითხული აქვს “ბოლო ზარი”, უთუოდ დაგვეთანხმება, ალბათ, რომ ლაშა ბუღაძემ მოახერხა თინეიჯერების სამყარო წარმოეჩინა, ასე ვთქვათ, “შიგნიდან”, მათი ენით, მათი სტილით და, ამავე დროს, გამიჯვნოდა ამ ინფანტილიზმს, გამოეხატა წუხილიც თავისი, სულიერებისგან სრულიად დაცლილი, მაგრამ მაინც ცოცხალი პერსონაჟების ცხოვრების წესის გამო.

წუხილი ქართულ ლიტერატურაში ნელ-ნელა ცვლის თვითტკბობასა და დიდაქტიკურ ინტონაციებს... წუხილი ცვლის პროვოკაციის ვნებასაც, სკანდალის სურვილს... იმ სკანდალისა, რომელმაც მწერალი პოპულარულ ადამიანად შეიძლება აქციოს და, შესაბამისად, მისი წიგნების გაყიდვაც შესაძლებელი გახადოს.... როგორც ჩანს, სერიოზული მწერლები ხვდებიან, რომ სკანდალისთვის დღეს დიდი ძალისხმევა საჭირო არ არის – შეგიძლია პირდაპირ ეთერში მოიქცე არაკორექტულად ან თქვა რაღაც არაკორექტული და შენ მიმართ ინტერესი გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მწერლებს ძალიან უჭირთ, ავტორი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, იაფფასიან სარეკლამო ტრიუკს ერიდება.

ასეთი ავტორია ზაზა ბურჭულაძე... უფრო სწორად, ასეთი მწერალი გახდა “სიმფსონებისა” და “წერილი დედას” ავტორი, ასეთია მისი ახალი რომანი “ვირის სახარება”. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ზაზას ჰკითხეს, როგორ გგონია, გამოიწვევს თუ არა ეს წიგნი საზოგადოების გაღიზიანებასო. მწერალი უპასუხებს, რომ არ აინტერესებს ამ ხალხის აზრი... თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ წიგნის სათაურმა მრავალი ადამიანი გააღიზიანა, ზოგიერთ მაღაზიაში ვერ ბედავენ “ვირის სახარების” გამოსაჩენ ადგილზე დადებას... რომანის სათაური კი, მართლაც, პროვოკაციულია, თუმცა არა მარტო მორწმუნეს, ოდნავ განათლებულ ადამიანსაც კი უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ ვირზე ამხედრებული შევიდა იესო ქრისტე იერუსალიმში, როგორც მეფე “მართალი და მშვიდი”... ქართულად გამოცემულ ბიბლიის ენციკლოპედიაში “ვირის” მრავალნაირ ინტერპრეტაციას ამოიკითხავთ... ეტყობა, შემთხვევით არ მიუძღვნა თავისი წიგნი ზაზამ “ბიბლიის ენციკლოპედიის” ერთ-ერთ რედაქტორს, ზურაბ კიკნაძეს... “ფრიად დარბაისელ ბატონ ზურაბ კიკნაძეს, ჩემს პატივცემულ მოძღვარსო” – წერს ზაზა ბურჭულაძე წიგნის დასაწყისში... თუმცა მკითხველი, რომელიც “ლოგოს პრესის” მიერ გამოცემულ ზაზა ბურჭულაძის ახალ რომანს გაეცნობა, გაეცნობა ამ ბიბლიური სიმბოლოს სხვა ინტერპრეტაციასაც - “ინტერპრეტაციებსაც” - გაგა ლომიძის კომენტარებში, რომელიც თან ერთვის “ვირის სახარებას”... ვინაიდან ეს კომენტარები ტექსტის ორგანული ნაწილია, ზაზა ბურჭულაძეს ვკითხეთ, საიდან გაჩნდა წიგნის სტრუქტურის იდეა.

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] ”თვითონ ტექსტმა მოითხოვა კომენტირება. შემეძლო მეც გამეკეთებინა, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე დავკავშირებოდი ვინმეს. ასე ავირჩიე გაგა ლომიძე, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი ტექსტის კომენტირებას. რამდენად ერთობლივი იყო? მოდი, ამ შეკითხვას არ ვუპასუხებ, რათა ინტრიგა შევინარჩუნოთ.
ის ადგილები, სადაც შეიძლებოდა სქოლიოების ჩასმა, აუტანელი გახდებოდა, რადგან სქოლიოებიანი წიგნი უფრო მეცნიერული ნაშრომისკენ მიგვითითებს, თუკი ”რომანი” არ წერია, დღეს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, წიგნის საქმე, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, სრულიად დაიღუპებოდა.”

გამოდის, რომ ზაზამ მაინც გაითვალისწინა “საბაზრო ეკონომიკის” მოთხოვნები. რომანის გამოცემამდე მწერალი ამბობდა, რომ “ვირის სახარებას” გალაკტიონის შესახებ წერს. ზაზას წინა რომანს “მინერალური ჯაზი” დიდი წარმატება ჰქონდა – სახელმწიფო პრემიაზეც კი იყო წარდგენილი... ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, რას დაწერს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქართველი მწერალი გალაკტიონის შესახებ... მაგრამ “ვირის სახარებაში” გალაკტიონს მხოლოდ ერთ-ერთი ადგილი უკავია. მე გალაკტიონზე არ დამიწერია, გალაკტიონით დავწერეო... ამბობს ზაზა ჩვენთან საუბარში:

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] ”მინდა გავიხსენო მაიაკოვსკის სიტყვები: ”ღამეზე” კი არ უნდა წერო, ”ღამე” უნდა წერო, ”ვაშლზე” კი არ უნდა წერო, ”ვაშლი” უნდა წერო, გალაკტიონზე კი არ უნდა წერო, უნდა წერო გალაკტიონი... გალაკტიონი იმდენად გადაღეჭილია, რომ საშიშროება იყო პათეტიკაში არ გადაზრდილიყო ეს ყველაფერი. რა დასამალია, გალაქტიონი გამოვიყენე როგორც სამელნე... ჩემს წინა წიგნში სულ ”შემოქმედებით კლიმაქსზეა” ლაპარაკი. რაღაც სამელნე მჭირდებოდა, რაც შემაქმნევინებდა ტექსტს, ცარიელი ვიყავი, - ვამბობ პირდაპირ, - არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. გალაკტიონი დამეხმარა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ არა გალაკტიონი, საერთოდ არ დაიწერებოდა ეს წიგნი.”

ზაზას ვკითხე, იმოქმედა თუ არა გალაკტიონის ტექსტების, მისი ბიოგრაფიის დეტალების საფუძვლიანმა შესწავლამ მასზე, როგორც მწერალზე... თუკი გალაკტიონი მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის წამებული გმირია (პოეტის სწორედ ასეთი სახე იქმნება “ვირის სახარებაში”), იმოქმედა თუ არა ასეთ პოეტთან შეხებამ თავად მწერლის ენაზე, მის სტილზე და, გნებავთ, მის მსოფლმხედველობაზე?

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] ”რა თქმა უნდა, რაღაც ცვლილებები მოხდა ჩემში...ის იერი ამ ადამიანისა, რომელიც ჩემში იყო, სახეცვლილია დღეს... გალაკტიონი უფრო იყო მითოლოგიზებული. როდესაც გავეცანი მის დოკუმენტებს, შევეცადე მის დემითოლოგიზაციას, მაგრამ ტექსტმა მოახდინა მისი რემითოლოგიზაცია.”

წიგნის ბოლოს საბჭოთა პოეტები, რომელთაც არ მოსწონთ გალაკტიონის ლექსის სტრიქონი “მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს”, ჯერ პოეტის სიზმრების “ახსნას” ცდილობენ (კარგი ფსიქოანალიტიკოსებივით), მერე კი გალაკტიონის ჯვარცმისთვის ემზადებიან. ზაზამ თავისი რომანი ჯვარცმით არ დაასრულა... შესაძლოა, ბანალურობას გაექცა, შესაძლოა, ერთმანეთისგან გამიჯნა იმ ადამიანის ჯვარზე გაკვრის ვნება, რომელიც “არაჩვენებურ სიზმრებს” ხედავს, და ამ ვნების რეალიზაციის უნარი; შესაძლებელია, უბრალოდ, დაინდო საბჭოთა მწერლები... ან მართლა არ მოინდომა გალაკტიონისგან ახალი მითის შექმნა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ახალი ქართული რომანი, რომელსაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ლიტერატურულ პრემია “საბას” უწინასწარმეტყველებს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, მაგრამ ადამიანები ისევ ცდილობენ “აკონტროლონ” ერთმანეთის აზრები, სიზმრები... და თუკი რაიმე არ მოეწონათ, ჯვარს აცვან იგი... ახალი, უფრო დახვეწილი ტექნიკით აცვან ჯვარს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG