Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის შემოტევა, დედაქალაქის იერსახის განახლების ცდა, რუსეთის ბაზები და საქართველოს


დავით პაიჭაძე, თბილისი სტიქიის შემოტევა, დედაქალაქის იერსახის განახლების ცდა, რუსეთის ბაზები და საქართველოს რეგიონული პოლიტიკა, უსისტემო მმართველობის ნიშნები - ამ თემებზე გაამახვილებს

თქვენს ყურადღებას ქართული პრესის დღევანდელი მიმოხილვა.

გასული კვირის მანძილზე საქართველოში პრობლემას, ძირითადად, სტიქია ქმნიდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ქართული პრესა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში სწორედ წყალდიდობით გამოწვეულ წუხილსა და ზარალზე წერდა. აი, ზოგიერთი სათაური: “30 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია”; “რას აუნაზღაურებს ხელისუფლება და რას – არა წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას”; “წყალდიდობით დაზარალებულებს სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯერ არ მიუმართავთ”; “წყალწაღებულნი: ტყის განადგურება, ნიადაგის ეროზია და აღუდგენელი ჯებირები სტიქიის შემოტევას ამძაფრებს”; “წყალწაღებული საქართველო: ენგურის წყალსაცავი ნახევარ საქართველოს წალეკვით ემუქრება”. ეს უკანასკნელი სათაური გახლავთ გაზეთ “ახალი ვერსიიდან”, სადაც წაიკითხავთ: “საჭირო იყო მდინარეების ადიდებამდე ლიახვისა და მტკვრის სანაპიროებზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ყოველდღიურად მტკვარსა და ლიახვს სანაპიროებზე ახალი ნაშალი მიწა მიაქვს. რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის წყალსაცავიდან წყლის გაშვება არის დაგეგმილი. ეს ისედაც ადიდებულ ენგურში წყლის დონეს ერთიორად ასწევს. თავის მხრივ, კაშხალში წყლის დაგროვებამ შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს.”

გასული კვირის დასაწყისში განახლდა საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკება ამ ქვეყნის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ. “რუსეთის ბაზები გადის, მაგრამ ჯერ არ გადის” – ამგვარად ასათაურებს წერილს გაზეთი “ხვალინდელი დღე” და მოჰყავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის, სიტყვები: “თეორიულად შესაძლებელია, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გაყვანა 2005 წელს დავიწყოთ. თუმცა ჯერ არავითარი კონკრეტული დოკუმენტი არ არსებობს, რომლის თანახმადაც პროცესის დაწყება იქნებოდა შესაძლებელი.” აქვე წაიკითხავთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ რურუას კომენტარს: “რუსეთის ბაზები საქართველოში 2008 წლის 1 იანვარს უკვე აღარ უნდა იყვნენ. მოვითხოვთ, შეთანხმებაში არ ჩაიდოს სხვადასხვა წინაპირობები, რომ ბაზები ანტიტერორისტულმა ცენტრმა არ ჩაანაცვლოს, არ შემოიღონ ბაზების გაყვანისა და ანტიტერორისტული ცენტრის დაარსების პარალელური რეჟიმი. ჯერ უნდა გავიდნენ ბაზები და შემდეგ დაარსდეს ცენტრი. ანტიტერორისტული ცენტრი და სამხედრო ბაზა ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული სტრუქტურებია. ეს ნიშნავს, რომ ცენტრი ბაზის ტერიტორიაზე არ უნდა განთავსდეს. ამ პირობათა განხილვისას ქართული მხარე არავითარ კომპრომისზე არ წავა”, – წაიკითხავთ გაზეთ “ხვალინდელ დღეში”.

გაზეთი “რეზონანსი” კი სწორედ ბაზების გაყვანას უკავშირებს მნიშვნელოვან ძვრას ქართულ პოლიტიკაში. “ნინო ბურჯანაძემ თბილისში სტუმრად მყოფ თავის სომეხ კოლეგას დიდი სიურპრიზი დაახვედრა”, – წერს გაზეთი. – “საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხში პოზიცია შეიცვალა.” სპეციალისტები აცხადებენ, რომ სწორედ ეს გახლავთ საფასური, რასაც საქართველოს ხელისუფლება რუსული ბაზების გაყვანის სანაცვლოდ გაიღებს. “როგორც ჩანს, - აგრძელებს “რეზონანსი”, - ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ე.წ. არაოფიციალური შეხვედრისას ბევრი რამ გაირკვა. მით უმეტეს, რომ ამის შემდეგ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ პოზიციას რუსეთის ხელისუფლებაც იცვლის. მაგრამ რას იღებს საქართველო ამდენი დათმობის სანაცვლოდ, ამაზე ხელისუფლება ჯერ არ ლაპარაკობს. რკინიგზის ხაზი ეკონომიკური ბლოკადის ელემენტი იყო. მთავრობას შეუძლია თქვას, რომ ეკონომიკური ბლოკადის სტრატეგიიდან თანამშრომლობაზე გადავდივართ. ეს ლოგიკა სხვა ფაქტორებშიც უნდა გამოვლინდეს, პოლიტიკური ხაზი საბოლოოდ გაცხადდეს და ხელისუფლებამ უნდა ახსნას, რომ ეს ხაზი უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე პოლიტიკური ბლოკადა”, – წერს “რეზონანსი”.

მოქალაქეთა ყურადღებას ერთი თაოსნობაც იქცევს – შენობათა ფასადების განახლება თბილისში. გაზეთი “ალია” ცდილობს გაარკვიოს, რამდენს ხარჯავს მერია ფასადების შეღებვაში და რამდენი ფირმა მონაწილეობს სამუშაოებში. “ალიას” ცნობით, რემონტებისათვის მერია 3 მილიონ 500 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. “ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული შპს “დავითთან”, რომელსაც 800 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი და ღებავს ფასადებს ღვინის აღმართზე, ბოჭორმის ქუჩაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილზე. ამ ფირმამ 115 ათას ლარად შეაკეთა რუსთაველზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფასადი. ყველა მიმწოდებელი ტენდერის გარეშე, ფორსმაჟორული წესით არის დაქირავებული და ასეთი 7 ფირმაა”. ამ ინფორმაციის შემდეგ “ალია” ბეჭდავს თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის, კომენტარს: “ყველა შენობაზე ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს, თუმცა ჩემთვის მიუღებელია, როცა ერთმანეთის გვერდით ორი მკვეთრად განსხვავებული ფერის შენობაა. საერთოდ, თბილისი ძველი ქალაქია და მკვეთრ ფერებს ვერ იტანს, უფრო პასტელის ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. სიძველის გამო ის ვერც თეთრ ფერს იტანს, ისევე როგორც რომი. ამიტომ მარიოტის შენობაც ქალაქის არქიტექტურიდან ამ მხრივ ამოვარდნილია.”

თუ თბილისში აზრთა სხვადასხვაობას შენობათა ფასადები იწვევს, ქუთაისში დავა ადგილობრივ ხელისუფლებას განწვალავს. გაზეთი “ახალი 7 დღე” მოგვითხრობს იმერეთის რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობის, უფრო ზუსტად, რწმუნებულ ზურაბ ქაჯაიასა და ქუთაისის მერის ბესო გულორდავას დაპირისპირებაზე. ბესო გულორდავა, გოჩა ჩხეტია და კახა გვანცელაძე არ არიან რეფორმატორები. ისინი ვერ შეძლებენ საქმის კეთებას. ეს გუნდი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. – რწმუნებულ ზურაბ ქაჯაიას კატეგორიული მოთხოვნის ციტირებას ახდენს “ახალი 7 დღე” და იქვე მოჰყავს ჩამოთვლილი სამი პიროვნების მოთხოვნა, თანამდებობა ზურაბ ქაჯაიამ დატოვოს. მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესო გულორდავა ულტიმატუმს აყენებს: თუ პრეზიდენტი არ დაშლის საკრებულოს და არ დაითხოვს ზურაბ ქაჯაიას, პროტესტის ნიშნად მე წავალო. “სავარაუდოდ, გულორდავას საკუთარი სურვილით პოსტის დატოვება არ მოუწევს, – წერს გაზეთი. – ხუთშაბათს საღამოს ის კანცელარიაში დაიბარეს და თუ თანამდებობას არ დატოვებს, ორშაბათიდან ქუთაისის საკრებულო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას დაიწყებს.”

საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკას სთავაზობს მკითხველს გაზეთი “24 საათი”. “აუცილებელია კურსის კორექტირება” - ასე ჰქვია წერილს, სადაც წაიკითხავთ: “საქმიანობის ნორმალური დაგეგმარებისა და რიტმის შემთხვევაში მთავრობა მუდმივ ფორსმაჟორში არ უნდა იმყოფებოდეს, ხოლო თუ პრეზიდენტი მას ამის საშუალებას აძლევს და სათანადოდ არ რეაგირებს, პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტს ეკისრება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი კარგავს არბიტრის ფუნქციას და ხშირად საკუთარი ინიციატივით იღებს პასუხისმგებლობას ისეთ საკითხებზე, რაც პრემიერისა და მთავრობის პრეროგატივაა. მეტიც, არბიტრის ფუნქცია თანდათან მთავრობის ადვოკატობაში ტრანსფორმირდება. ეს კი არც უმაღლეს ხელისუფალს წაადგება და არც ქვეყანას. ამას ემატება საკადრო შიმშილიც. აუცილებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ერთობლივი მუშაობა, რათა უმოკლეს დროში შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ჩამოყალიბდეს კადრების შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების ერთიანი სისტემა. შექმნილ ვითარებაში კონკურსების ჩატარებაც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, არსებითად, ის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთ ელემენტად შეიძლება იქნეს მიჩნეული და არა ჩამოყალიბებული საკადრო სისტემის საფუძვლად”, - წერს გაზეთი “24 საათი”.
XS
SM
MD
LG