Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერთაგანი რუსეთისაგან მოითხოვს, აღიაროს საბჭოთა რეჟიმის მიერ ბალტიის ქვეყნებისათვის მიყენებული ზარალი


გუშინ ტალინში ვიზიტად მყოფმა გიუნტერ ფერჰოიგენმა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილეა, რუსეთს მოუწოდა, აღიაროს ზარალი, ბალტიის ქვეყნებს რომ მიადგა

საბჭოთა ოკუპაციის წლებში. როგორც იუწყებიან, ფერჰოიგენი არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელსაც ოდესმე მოუთხოვია რუსეთისაგან საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივი ქმედებების აღიარება.

რამდენად საჩოთირო საკითხს შეეხო ფერჰოიგენი, შემდეგი გარემოებით ჩანს: 10 მაისს, როცა თბილისში მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა იქნება, მოსკოვში - რუსეთ-ევროკავშირის სამიტი უნდა გაიმართოს. ახლა კი ზოგი შიშობს, რომ ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებული მოთხოვნის გამო სამიტის ატმოსფერო დამძიმდება.

დღეს ევროკომისია ფერჰოიგენის განცხადებას, გარკვეულწილ, გაემიჯნა კიდეც: ბრიუსელში ორი ოფიციალური პირის პრეს-მდივნებმა აღნიშნეს (მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა), რომ მთავარია მომავლისაკენ, და არა წარსულისაკენ მიმართული მზერა.

მეორე მხრივ, ფერჰოიგენის განცხადებას ზურგი გაუმაგრეს: ორშაბათსვე ტალინში დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თქვა - მოსკოვმა უნდა აღიაროს საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები - მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ამ დანაშაულთა პასუხსმგებლობა ვერ დაეკისრებაო.

რა იგულისხმება მოთხოვნით, რუსეთმა აღიაროს, სცნოს ზარალი, რომელიც ბალტიის სახელმწიფოებს კომუნისტურმა რეჟიმმა მიაყენა? ნიშნავს ეს რუსეთის მიერ თქმას: კი, ასეთი რამ მოხდა? თუ ნიშნავს ეს ბოდიშის მოხდას?

[კესტუტის გირნიუსის ხმა] “არა მგონია, ოფიციალური ბოდიში იგუსლიმხებოდეს - რადგან არა მგონია, ამას შეიძლება მსხვილი სახელმწიფოსაგან მოელოდე. ვფქრობ, იგულისხმება აღიარება - თქმა იმისა, რომ,დიახ, ბალტიის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოკუპირებული იყო, რომ ოკუპაცია იყო მძიმე და გამოიწვია დიდი ზარალი”, - ასე გვიპასუხა ჩვენმა ლიტველმა კოლეგამ, ჩვენი რადიოს ინგლისურენოვანი საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა კესტუტის გირნიუსმა.

აქ უნდა ითქვას: ბალტიის სამი სახელმწიფოს ლიდერები დიდი ხანია მოითხოვენ მოსკოვისაგან საბჭოთა ოკუპაციის წლების დანაშაულთა აღიარებას. ამაოდ... ამის გამო ესტონეთის და ლიტვის პრეზიდნეტბემა, წელს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე უარიც კი თქვეს. მოსკოვში ჩავა მხოლოდ ლატვიის პრეზიდენტი, რომელიც პირობას დებს, რომ საბჭოური ოკუპაციის საკითხს შეეხება.

მაგრამ, ვეკითხებით კესტუტის გირნიუსს, რატომ შეეხო ამ საკითხს მაინცდამაინც გუნტერ ფერჰოიგენი? ის მართალია, ადრე, 2004 წლის მიწურულამდე იყო ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მაგრამ ახლა არ ხელმძღვანელობს არც ამ კომისიას და არც ევროკავშირის საგარეო უწყებას - არის ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში...

[კესტუტის გირნიუსის ხმა] “ვფიქრობ, ორი მიზეზით: პირველ რიგში, ის მონაწილეობდა ევროკავშირის გაფართოების პროცესში - კარგად იცნობს ამ საკითხებს. და მეორე: ის ტალინში იმყოფებოდა! როცა რომელიმე ქვეყანაში ხარ, ცდილობ, შეეხო ამ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. და კიდევ - მოახლოვდა მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებები. ესტონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები არ აპირებენ იქ ჩასვლას. ეს ნიშნავს, ფერჰოიგენი ეხება ამ ქვეყნისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს.”

როგორ ფიქრობთ, შეასრულებს მოსკოვი ამ მოთხოვნას?

[კესტუტის გირნიუსის ხმა] “არ ვიცი... ფერჰოიგენმა თქვა: რუსეთმა უნდა აღიაროს ეს, თუ სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროკავშირთანო. მაგრამ ეს არის ევროკავშირის ახალი მოთხოვნა და არა მგონია, თუნდაც თვით ევროკავშირი მოელოდეს, რომ რუსეთი დღეს-ხვალ აღიარებს ბალტიის ქვეყნებისათვის ზარალის მიყენებას. მაგრამ ეს საკითხი შესაძლოა იქცეს განხილვის საგნად, რომელსაც ისევ და ისევ დაუბრუნდებიან. მაგრამ რუსეთის მხრივ ამ მოთხოვნის მალე შესრულება მოსალოდნელი არ არის.”

დაბოლოს ერთი ვარაუდი - შესაძლოა, შორეულ მომავალთან დაკავშირებით. საიდუმლო, ალბათ, არავისთვისაა, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ზარალი მიაყენა არა მარტო ბალტიის ქვეყნებს- მან სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც დააზარალა.

შეიძლება მოველოდეთ, რომ ბალტიისათვის ზარალის მიყენების აღიარებას (თუ რუსეთმა, რასაკვირველია, ეს ნაბიჯი გადადგა) სხვა ყოვილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს ზრალის აღიარება მოჰყვება? აი, რას ამბობს ამ საკითხზე კესტუტის გირნიუსი: [კესტუტის გირნიუსის ხმა] “იცით, წარმოდგენა არა მაქვს. მაგრამ შეიძლება მოხდეს ის, რომ როცა კრემლში რუსეთის ხელისუფლების წევრები იმსჯელებენ ამ საკითხზე (უნდა აღიარონ თუ არა ბალტიის ქვეყნებისათვის კომუნისტური ოკუპაციისას მიყენებული ზარალი), გაითვალისწინებენ, რომ სხვა ქვეყნებმაც შეიძლება წამოაყენონ მსგავის მოთხოვნა - ბოდიშის, თუ აღიარების. და ამის გამო კრემლში დიდ სიფრთხილეს გამოიჩენენ პოზიციის ჩამოყალიბებისას.”
XS
SM
MD
LG