Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება საქართველოში “ფულის გათეთრების” წინააღმდეგ


ქართული საბანკო სისტემა თუ სადაზღვევო ბაზარი “ფულის გათეთრების” მსურველთათვის ნაკლებად მიმზიდველია თავისი მცირე მოცულობის გამო. მიუხედავად ამისა,

საერთაშორისო ორგანიზაციები მაინც დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს მიერ ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მიმართულია ტრეფიკინგით, ნარკოტიკებით თუ იარაღის ვაჭრობით ნაშოვნი ფულის ლეგალიზების წინააღმდეგ.

საქართველოს სასამართლოს ჯერჯერობით არც ერთ ისეთ საქმეზე არ უმსჯელია, რომელიც “ფულის გათეთრებასთან” იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს იმაზე, ხდება თუ არა საქართველოში “ფულის გათეთრება”. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, სამართალდამცავ ორგანოებში უკვე მუშაობენ საქართველოს ერთ-ერთი ბანკის “ფულის გათეთრებასთან” კავშირის დასადგენად. გამოძიება რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარის წარმომავლობის საკითხითაა დაინტერესებული. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, ეჭვის საფუძველს ეგრეთ წოდებული ”შავი სია” წარმოადგენს.

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ყველგან არსებობს “შავი სია” იმ ორგანიზაციების, რომლებიც შემჩნეული არიან “ფულის გათეთრებაში” და შემჩნეული არიან დანაშაულებრივი ფინანსების მოძრაობაში. თუ რომელიმე კომპანია არის ამ სიის წევრი, საქართველომ და ნებისმიერმა ქართულმა ფირმამ მათთან არ უნდა ითანამშრომლოს, გამომდინარე საერთაშორისო ვალდებულებებიდან.”(სტილი დაცულია)

ეს არის დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული “ფულის გათეთრების” საწინააღმდეგო კანონმდებლობის სრულყოფაში. მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და მთლიანად “ფულის გათეთრების” საწინააღმდეგო კანონმდებლობას კრიტიკულად აფასებს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან სცდება “ფულის გათეთრების” თემას.

[დევი ხეჩინაშვილის ხმა] ”კანონი “ფულის გათეთრების” შესახებ კი არ გამოდიოდა, გამოვიდა კანონი უშრომელი შემოსავლების შესახებ, გადასწვდნენ ყველაფერს. აი, მაგალითად, გადაზღვევის ოპერაციას რომ დაგეგმავ, აქაურ ანტიმანილონდრინგულ ბიუროს უნდა წარმოუდგინო ინფორმაცია შენი გადამზღვევის ანტიმანილონდრინგული პრაქტიკის შესახებ.”

ჯერჯერობით ასეთი ნორმა ძალაში არ შესულა და პარლამენტარი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კანონპროექტი დაიხვეწა, რადგან ბევრი ექსპერტის აზრი იქნა გათვალისწინებული. საერთაშორისო ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ქართულ კანონმდებლობას ჯერ კიდევ ბევრი უკლია საერთაშორისო სტანდარტებამდე.

[კილიან სტრაუსის ხმა] ”მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოსა და გაეროს წევრი, ის შეუერთდა ამ ორგანიზაციების კონვენციებს, რომლებიც აწესებენ გარკვეულ სტანდარტებს. აუცილებელია საქართველომაც გაითვალისწინოს ეს სტანდარტები, რადგან ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ადაპტირებული უნდა იყოს.”

ეს არის კილიან სტრაუსი, ეუთოს წარმომადგენელი. იგი 3 მაისს თბილისში გამართულ სემინარში მონაწილეობდა, რომელიც ეუთოსა და გაეროს ინიციატივით ჩატარდა და რომელზეც ”ფულის გათეთრების” საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაზე იმსჯელეს. ჯერჯერობით საქართველო საერთაშორისო მოთხოვნებს იმით აკმაყოფილებს, რომ შექმნილია ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ამ სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ჩინოვნიკების სწავლების პროცესი, რადგან სწორედ მათ კომპეტენციაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ საეჭვო ტრანზაქციის თუ ფინანსური გარიგების აღმოჩენა.
XS
SM
MD
LG