Accessibility links

როგორ ხვდება საქართველოში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლას ხელისუფლების ოპოზიცია


სულ რამდენიმე დღეც და თბილისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მასპინძელი იქნება. საქართველოს დედაქალაქში უკვე დასრულებულია იმ შენობათა ფასადების გადაღებვა,

რომლებსაც ჯორჯ ბუში თბილისში გავლისას მოჰკრავს თვალს. დასრულებულია აგრეთვე მერიის შენობის წინ აგება სამიარუსიანი რკინის კონსტრუქციისა, საიდანაც მომღერლები ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნს სამ ხმაში შეასრულებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს 800-მდე უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს. ლეიბორისტული პარტია 10 მაისს მათი ყურადღების მიქცევას შეეცდება - ბუშის ვიზიტის დღეს ლეიბორისტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, თუმცა საეჭვოა, ისინი პარლამენტის შენობასთან მიუშვან. როგორ ხვდება საქართველოში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლას ოპოზიცია?

თბილისში ჯორჯ ბუშის მოლოდინმა ზოგიერთი ოპოზიციური ძალა საპროტესტო აქციების ორგანიზების გუნება-განწყობილებაზე მოიყვანა. ლეიბორისტულმა პარტიამ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გააცნო საკუთარი გეგმა ბუშის ვიზიტის დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ.

[ლეიბორისტული პარტიის პრეს-მდივნის ხმა] “ აქცია დაგეგმილია 10 მაისს, ბუშის ვიზიტის დღეს, პარლამენტის შენობასთან 1 საათზე. მთავარი მიზანი ამ აქციის არის, მსოფლიოს დავანახვოთ, როგორი დიქტატორი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს. “

ლეიბორისტული პარტიის პრეს-მდივანი განმარტავს, რომ პარტიის გეგმის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო..
საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტის მოახლოებამ საპროტესტო მუხტი ეროვნულ ძალთა გაერთიანებაშიც გააღვივა. ამ გაერთიანებამ, ზვიად გამსახურდიას ქვრივის მეთაურობით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ მდუმარე აქცია წამოიწყო - ის რამდენიმე დღეს გასტანს. აქციის მონაწილეები 1991-92 წლების მოვლენების შეფასებას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამოძიებას მოითხოვენ. მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც თავს საქართველოს პრემიერად მიიჩნევს, არ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრას. ის ფიქრობს, რომ ჯორჯ ბუში თავად უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეხვედრით.

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] “ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ცნო და კანონიერად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უნდა შეგვხვდეს და არა ხუნტას. “

10 მაისამდე - მით უფრო, 10 მაისს - არანაირ საპროტესტო აქციას არ გეგმავს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერთელი. ის ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელზე გაგზავნეს მიმართვა, თბილისში მასთან შეხვედრის მოთხოვნით:

[ირაკლი წერეთლის ხმა] “ვინაიდან პასუხი არ მოვიდა, ჩვენ იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ ის ჩამოდის საქართველოში. “

“ჩვენ პირველები გამოვდიოდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობის ინიციატივით,” - აღნიშნავს ირაკლი წერეთელი და დასძენს: “შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩამოსვლა აქ ისტორიული მოვლენა იქნება და ის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის.” ასევე ფიქრობს მოძრაობა “წინ, საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი. ჯორჯ ბუშის სახელზე ვაშინგტონში წერილი მისმა ორგანიზაციამ გაგზავნა. მიზანი იყო ერთი - თეთრ სახლში შექმნოდათ ობიექტური წარმოდგენა საქართველოს რეალობაზე.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “იციან რეალური ვითარება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, თუ რა უდიდესი პრობლემები და მანკიერებები არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში. უპირველეს ყოვლისა, ის, რაც ეხება დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი უფლებების ხელყოფას. “

“წინ, საქართველოს” მიერ თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო ისიც, რომ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ოპოზიციურ პარტიებთან მისი შეხვედრა. შედგება თუ არა გაფართოებული შეხვედრა ოპოზიციასთან, უცნობია. თუმცა არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა ერთ ჯგუფს შეახვედრებს და ამ ჯგუფში იქნება წარმოდგენილი ოპოზიციური ფრაქციაც.
XS
SM
MD
LG