Accessibility links

logo-print

შოთა შურღაია - საბჭოთა კავშირის ერთადერთი ცოცხალი გმირი


საბჭოთა კავშირის გმირი, გერმანელების რისხვა, მფრინავი შოთა შურღაია ფაშიზმზე გამარჯვების მე-60 წლისთავს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მოსკოვში აღნიშნავს.

პოლკოვნიკი 9 მაისს რუსეთის დედაქალაქში უკვე მესამედ ხვდება. წინა ორ ჩასვლაზე (2002 და 2003 წლებში) შოთა შურღაიამ შანსი არ გაუშვა და რუსეთის პრეზიდენტს, როგორც თავად ამბობს, სათქმელი პირდაპირ უთხრა. მართალია, ვლადიმირ პუტინის დიპლომატიური პასუხებით ის მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ (როგორც კი საშუალება მიეცემა) აპირებს, რომ კიდევ სცადოს. სათქმელი მას შეერთებული შტატების პრეზიდენტთანაც აქვს და, თუკი მოსკოვში ჩასულ ჯორჯ ბუშს სადმე პირისპირ შეხვდება, აუცილებლად ეტყვის კიდეც. საჭოთა კავშირის გმირს მოსკოვში გამგზავრებამდე სახლში ვესაუბრე.

(ისმის ომის სიმღერა)

85 წლის შოთა შურღაია, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთადერთი ცოცხალი გმირია საქართველოში, ფაშიზმზე გამარჯვების მე-60 წლისთავს, კიდევ 4 ვეტერანთან ერთად, მოსკოვში აღნიშნავს. და თუკი რუსეთის პრეზიდენტს წელსაც შეხვდება, ზუსტად იცის, რაც უნდა ჰკითხოს:

(შოთა შურღაიას ხმა) ”დევნილების საკითხს აუცილებლად ვეტყვი. უსამართლობას ხომ არ ვითხოვ, მე ვითხოვ სამართლიანობის დაცვას. გაწვალდა ხალხი, კაცო.” (სტილი დაცულია)

(ისმის საბჭოთა კავშირის ჰიმნი)

კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილების საკითხზე საუბარი ვლადიმირ პუტინს შოთა შურღაიამ ჯერ კიდევ 2003 წელს ჩამოუგდო, ანუ მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ომის დამთავრების 58-ე წლისთავზე მოსკოვში ჩასულ ვეტერანებს ხვდებოდა. პუტინის პასუხი მას მაშინ არ მოეწონა:

(შოთა შურღაიას ხმა) ”ეს არისო თქვენი ხელმძღვანელობისო, ესე იგი აფხაზეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობის, შეუთანხმებლობის ბრალიო. არც ერთს არ გინდათ ერთმანეთს დაუთმოთო და ჩვენ რა გავაკეთოთო. ახლა ამხელა პიროვნებასთან ეს შურღაია ვინ არის, იმას კამათი დოუწყოს იქანე. ნუ, ახლა მე ქე ვიცი, მაგას აზრად რა აქვს - მაგი ჩვენ მხარეს, ქართულ მხარეს, არ უჭერს მხარს.” (სტილი დაცულია)

(ისმის საბჭოთა კავშირის ჰიმნი)

ვლადიმირ პუტინის დიპლომატიურ და უსაგნო პასუხს შოთა შურღაია კმაყოფილი არც 2002 წელს, ვეტერანებთან მოსკოვში საცხრამაისოდ გამართული ანალოგიური შეხვედრის დროს, დაუტოვებია. ქართველმა გმირმა მაშინ რუსეთის პრეზიდენტის წინაშე თავისუფალი მიმოსვლისა და მეგობრობის გაფრთხილების თემა წამოჭრა:

(შოთა შურღაიას ხმა) ”რატომ დავისაჯეთ ჩვენ ასე, რომ ჩვენთან არსებობს სავიზო რეჟიმი-მეთქი. ეს ჩვენ გვაშორებს ერთმანეთთან, ჩვენს მეგობრობას ეს ხელს არ შეუწყობს-მეთქი და გული მტკივა-მეთქი, მე ვუთხარი. რატომ უნდა მჭირდებოდეს მე ვიზა, რომ წავიდე რუსეთში-მეთქი, მე ვუთხარი. მაშინ კი თქვა, თქვენ არ გჭირდებათ ეს ვიზაო, მაგრამ ვის გულისხმობდა ამ ”თქვენში” - როგორც საბჭოთა კავშირის გმირს თუ ისე, ომის მონაწილეს, არ ვიცი...”. (სტილი დაცულია)

წელს კი, თბილისიდან გამგზავრებამდე, ქართველმა გმირმა ზუსტად არ იცოდა, რას ჰკითხავდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუმცა ზუსტად იცოდა ის, რომ მოსკოვში ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემთხვევაში გასაუბრების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა:

(შოთა შურღაიას ხმა) ”მოვნახავ რაღაცის თქმას (იცინის)... რატომ არა?! იმიტომ კი არა, რომ შურღაიას გაიცნობს. ვინ არის შურღაია, კაცო, მარა... საქართველოს ხომ გაიცნობს?! საქართველოს ინტერესების დამცველი ადამიანები ხომ უნდა იცოდეს მაგან?! ” (სტილი დაცულია)

მეორე მსოფლიო ომში შოთა შურღაიას ამერიკელებთან შეხება პრაქტიკულად არ ჰქონია. 44-ში მან ერთადერთი ამერიკელი ნახა და ისიც სრულიად შემთხვევით. ამერიკელების მიერ მოწოდებულ ტექნიკას ძალიან აფასებდა, თუმცა უკვირდა, რომ ისინი საომარ ხასიათზე ძალიან გვიან მოვიდნენ.

(ისმის მუსიკა)

მისთვის ომი ცხოვრების ყველაზე მძაფრი მოგონებაა. იმდენად მძაფრი, რომ ომის ამბებს ის, ძირითადად, აწმყო დროში ჰყვება:

(შოთა შურღაიას ხმა) ”როგორც ”ვეერი”, ასე ვიშლებით და თითეული ცალკე აწარმოებს დამიზნებას, სროლას და დაბომბვას.” (სტილი დაცულია)

(ისმის საბრძოლო თვითმფრინავის ხმა)

(შოთა შურღაიას ხმა) ”ჩვენ ისე ვართ, რომე ერთმანეთი ყოველთვის მხედველობის არეში გვყავს - მე ვყავარ სხვას, ვინც ჩემს უკან მოდის, და მე მყავს, ვინც ჩემს წინ მიდის. რომ იმას არ შეუძვრეს მტრის თვითმფრინავი და არ ჩამოაგდოს იგი.” (სტილი დაცულია)

საბჭოთა კავშირის გმირმა ზუსტად იცის, რომ ძალა ყოველთვის ერთობაშია - მიწაზეც და ცაშიც. და რომ ომში საკუთარ თავს ღალატობს ის, ვინც ერთობის პრინციპს ღალატობს:

(ისმის საბრძოლო თვითმფრინავის ხმა)

გამოცდილ მფრინავს 80-მდე საბრძოლო დავალებაზე დაახლოებით 500 ეკიპაჟი ჰყავს წაყვანილი, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი დაეღუპა. გარდა ამისა, პოლკოვნიკის სათვალავზე 135 ინდივიდუალური საბრძოლო ფრენა და მტრისთვის განადგურებული უამრავი სტრატეგიული ობიექტი მოდის:

(ისმის საბრძოლო თვითმფრინავის ხმა)

(შოთა შურღაიას ხმა) ”ბომბების ჩამოყრას დამიზნება უნდა. ისე კი არა, რომ მოიქნიო, გადაყარო საღაცა, კაცო. ხოდა, როგორც წესი, 30 წუთი მაინც უნდა იტრიალო მტრის თავზე, აი, ასე - მიდიხარ ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით სულ. აბა რა, ისე რაფერ გინდა. თავი არ უნდა ააწევინო მტერს, რომ იგენმა არ გაუწიოს წინააღმდეგობა შენს ქვეით ჯარებს, რომელიც წინ მიიწევს.” (სტილი დაცულია)

(ისმის საბრძოლო თვითმფრინავის ხმა)

(შოთა შურღაიას ხმა) ”მწყენდა, რომ, აი, სხვა გოუშვეს დავალების შესასრულებლად და მე არ გამიშვეს. სხვებიც ასე იყვენ - აი, მე რომ წავიდოდი, იმათ წყენოდათ. ტყუილად კი არ ამბობდა სტალინი - ”ჩუდოტვორნი სავეტსკი პატრიოტიზმ” – ”სასწაულმოქმედი საბჭოთა პატრიოტიზმი.” (სტილი დაცულია)

(ისმის ომის სიმღერა)

ქალაქ ფოთში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდა კაცი ომში 1943 წლის 3 სექტემბრს გაიწვიეს. იმ დროს 23 წლის შოთა შურღაია სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო და, პარალელურად, თბილისის აეროკლუბიც ჰქონდა დამთავრებული. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მფრინაობა მას მაინცდამაინც არ იზიდავდა. ბრძოლა უკრაინიდან დაიწყო, შემდეგ კი ბელორუსიაში გააგრძელა და ასე ჩავიდა გერმანიამდე.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე სიმამაცით გამორჩეული მფრინავი 1945 წლის 10 თებერვალს წარადგინეს. მანამდე კი მძიმე გზაზე ფოთელმა ახალგაზრდამ ბევრი ქება და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.

(ისმის მუსიკა)

მერე მეორე მსოფლიო ომიც დამთავრდა. ”დიდმა სამშობლომ” ომის ვეტერანების ამაგი არცთუ ურიგოდ დააფასა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის გმირს, შოთა შურღაიას, სახელმწიფოს მიერ ნაბოძები კეთილდღეობის მეათედითაც კი არ უსარგებლია. და ხმა არც მაშინ ამოუღია, როცა მას, დედის გარდაცვალების შემდეგ, ფოთში მშობლების ბინაც ჩამოართვეს.

მიუხედავად ყველაფრისა, პოლკოვნიკი თავისი განვლილი ცხოვრებით მაინც კმაყოფილია. მისი მთავარი სიმდიდრე ახლა შვილი, შვილიშვილი და პატარა შვილთაშვილია.

(ისმის მუსიკა)
XS
SM
MD
LG