Accessibility links

logo-print

საქართველოში გაზოტურბინების ტექნოლოგია დაინერგება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოში გაზოტურბინების ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, აშშ-ში მიემგზავრება, სადაც, ამ ტექნოლოგიით

დაკავებული კომპანიების გარდა, პოტენციურ ინვესტორებთანაც ექნება შეხვედრა. ქართულ ენერგოსისტემაში ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვისა და მისი შესაძლო ეფექტის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგოსისტემაში ახალი ტექნოლოგიის - გაზოტურბინების - დანერგვას აპირებს და ამ მიზნით იმ კომპანიებთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლებიც ამ ტურბინების შექმნითა და მონტაჟით არიან დაკავებულნი. გაზოტურბინები ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის აშშ-ში ვიზიტის მთავარი თემა იქნება. გილაური ამ ტექნოლოგიების მფლობელ ორ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიასა და ამ პროექტის შესაძლო ინვესტორებთან გამართავს მოლაპარაკებას.
[ნიკა გილაურის ხმა] „გაზის ტურბინებთან დაკავშირებით ჩვენ შეხვედრები გვექნება როგორც ”პრატენ ვიტნისთან”, ისე ”ჯენერალ ელექტრიკთან”. ესენი გახლავთ კომპანიები, რომელთა ტექნოლოგიები დაინერგება საქართველოში, გაზოტურბინების სახით. დაფინანსებასთან დაკავშირებით ასევე გვექნება შეხვედრები ”ექსიმბანკთან” და შეხვედრა გვექნება ასევე მსოფლიო ბანკთან.”(სტილი დაცულია)
საინტერესოა, რომ ამერიკული გაზოტურბინების ადგილობრივ სისტემაში ადაპტირებით, ამერიკელი ინვესტორებისა და მსოფლიო ბანკის გარდა, რუსულმა ”ვნეშტორგბანკმაც” გამოთქვა დაინტერესება.
ნიკა გილაურის განცხადებით, ”ვნეშტორგბანკი“ მზად არის სახელმწიფო ბლოკების ტერიტორიაზე ახალი გაზოტურბინა დაამონტაჟოს და ამისათვის 100-დან 150 მლნ. დოლარამდე გაიღოს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, ”ვნეშტორგბანკის“ გარდა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს სხვა ალტერნატიული ინვესტორებიც მოძებნოს. ამიტომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო ბლოკების პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აგრძელებს.
გაზოტურბინების ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვის იდეა გახმოვანდა დაახლოებით 2 თვის წინ, როდესაც პრეზიდენტმა ენერგოკრიზისთან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. ამავე სხდომაზე მთავრობამ მოსახლეობას ”ახარა”, რომ ენერგოკრიზისი საქართველოში ვერც მიმდინარე წელს და ვერც მომავალი წლის შემოდგომამდე ვერ აღმოიფხვრება. იმის გამო, რომ ქვეყანას ახალი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების აშენებისათვის რესურსიც და დროც შეზღუდული აქვს, გადაწყდა შედარებით სწრაფ ენერგოპროექტზე – გაზის ტურბინებზე - გაეკეთებინათ აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიით წარმოებული ელექტროენერგია, ჰიდროსადგურებთან შედარებით, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ენერგოკრიზისის უმოკლეს ვადაში დაძლევის მიზნით, ამ ეტაპზე არჩევანი სწორედ გაზოტურბინაზე შეჩერდა. ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ, აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს დამატებით 300 მეგავატი სიმძლავრე ექნება გაზოტურბინებით გამომუშავებული ენერგიის, ჰიდროელექტროსადგურებზე დაწყებული და დასაწყები სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამ გზით დამატებითი სიმძლავრეების მიღების შემდეგ. მთავრობა გვპირდება, რომ საქართველო მომავალი წლის შემოდგომიდან ენერგოწყვდიადს თავს დააღწევს.
XS
SM
MD
LG