Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის ასი დღე


სამშაბათს უკრაინის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ პრეზიდენტობის პირველი ასი დღე აღნიშნა. ამ დროის განმავლობაში იუშჩენკომ დიდ წარმატებას მიაღწია

საერთაშორისო ასპარეზზე და ერთიორად გაიზარდა მისი პოპულარობა ქვეყნის შიგნითაც. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მზარდი პრობლემები ეკონომიკაში პოსტრევოლუციური უკრაინის მთავარ გამოწვევად რჩება. მინდა ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის ასი დღის ზოგიერთი შეფასება გაგაცნოთ.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის ხელისუფლების სათავეში ”ნარინჯისფერ რევოლუციად” სახელდებული სახალხო მოძრაობის შედეგად მოვიდა და პრეზიდენტობის ასი დღის შემდეგაც ის უკრაინაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, რომელიც დემოკრატიული ინიციატივების ფონდმა ჩაატარა, იუშჩენკოს პოპულარობა 60 პროცენტს უახლოვდება. და როგორც კიევში არსებული ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ვოლოდიმერ ჰორბახმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, იუშჩენკოს პოპულარობა განუხრელად მიიწევს მაღლა:

[ჰორბახის ხმა] ”პრეზიდენტის პოპულარობა იზრდებოდა მთელი მისი პრეზიდენტობის ასი დღის განმავლობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის ენდოს ამ პრეზიდენტს და ენდოს იმ პოლიტიკურ სტანდარტებს, რომელსაც იგი წამოაყენებს.”

იუშჩენკოს პირველი ასი დღე აჩვენებს, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები, - რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება მისი წინამორბედისაგან მრავალი განზომილებით განსხვავდება. ლონდონში არსებული ”ეკონომიკ ინტელიგენს იუნიტის” წარმომადგენელი სტიუარტ ჰენსელი ამბობს, რომ იუშჩენკომ მოღვაწეობის მძლავრი სტარტი ასპარეზზე კარგი გუნდის გამოყვანით დაიწყო:

[სტიუარტ ჰენსელის ხმა] ” მან ძლიერი მინიშნება გააკეთა, რომ იგი და მისი ახალი გუნდი მზად არიან სერიოზულად მოჰკიდონ ხელი იმ მემკვიდრეობას, რომელიც მათ ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმასგან ხვდათ წილად.”

ვიქტორ იუშჩენკო ცდილობს ძლიოს კორუფცია, გააუმჯობესოს პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და ეს სწორედ ის ნაბიჯებია, რისი დანახვაც, ანალიტკოსების თქმით, უკრაინელ ხალხს სურს. ახალი მთავრობა დაპირებას იძლევა, რომ გამოიძიებს კუჩმას ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობას, ზოგიერთი მათგანის მიმართ კი უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან, საერთო შეფასებით, იუშჩენკოს პრეზიდენტობის ყველაზე დიდ მიღწევად მისი საგარეო პოლიტიკა რჩება. უკრაინის პრეზიდენტმა 100 დღიანი მოღვაწეობის განმავლობაში 29 დღე ვიზიტებში დაყო და მკაფიოდ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. სტიუარტ ჰენსელის თქმით, ვიქტორ იუშჩენკომ მიზნად დაისახა, მოახდინოს გარღვევა დასავლეთთან ურთიერთობაში:

[სტიუარტ ჰენსელის ხმა] ”ვფიქრობ, ის ძალიან წარმატებულად ახერხებს შეცვალოს წარმოდგენები ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ორგანიზაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პარტნიორი შეიძლება ჰყავდეთ მათ უკრაინის სახით. მე ვფიქრობ, მან შეძლო შეექმნა საერთაშორისო პოლიტიკის მრჩეველთა გუნდი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება და შეიმუშავებს ვალდებულებებს, რომელთაც, ევროკავშირის აზრით, უკრაინა პატივისცემით მოეკიდება, რაც უმთავრესია, კუჩმას შემდეგ არსებული ვითარების შესაცვლელად.”

ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იუშჩენკო ცდილობს მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასული წლის ნოემბრის არჩევნებზე მხარს იუშჩენკოს მეტოქეს , ვიქტორ იანუკოვიჩს, უჭერდა. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ივნისში ევროკავშირი უკრაინას ”საბაზრო ეკონომიკის” ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ხოლო წლის ბოლოსთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც გაწევრიანდება.

თუმცა უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ საწვავსა და საკვებზე ფასების დასარეგულირებლად განხორციელებული ადმინისტრაციული ზომები სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება როგორც ოპოზიციის, ისე ეკონომისტების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ასეთი ნაბიჯები ზედმეტად აგრესიულია და, საბოლოო ჯამში, არაეფექტურიც.

ეკონომიკის ექსპერტის სტიუარტ ჰენსელის თქმით, ასეთი ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია:

[სტიუარტ ჰენსელის ხმა] ”აქ არის ტენდენცია, რომ გამოყენებული იქნეს ისეთი ადმინისტრაციული ზომები და ინსტრუმენტები, რომელსაც წინა რეჟიმის დროსაც ხშირად იყენებდნენ და რისთვისაც მას ოპოზიცია აკრიტიკებდა. და მე ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლება ზოგჯერ ამჟღავნებს ტენდენციას, იგივე აკეთოს.”

უკრაინის ახალ ბიუჯეტში, რომელიც მარტში დაამტკიცეს, 24 პროცენტით არის გაზრდილი პენსიების და 57 პროცენტით -სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო ფონდის დაფინანსება. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი შემოსავლები გაიზარდა 24 პროცენტით. მაგრამ სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდის პარალელურად, უკრაინაში იზრდება ინფლაცია, რომელიც ამა წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იუშჩენკოს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, რადგან იგი ამომრჩევლებს უკეთეს მომავალს დაჰპირდა. უკრაინა ჯერ ვერც ადმინისტრაციული ზომების გამოყენებაზე იტყვის უარს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ბაზრის რეგულირება ცოტაოდენ დროს საჭიროებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG