Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის აშშ-თან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი წესით გაუქმება ვერ მოასწრო

  • ნინო როდონაია

საქართველოს ხელისუფლება თბილისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის აშშ-სა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი წესით გაუქმებას აპირებდა.

ხელისუფლებას გადაწყვეტილება არ შეუცვლია, თუმცა მისი დაკანონება დეპუტატებმა ბუშის ჩამოსვლამდე ვერ მოასწრეს. სხვათა შორის, პარლამენტის ბიუროს მიერ პლენარული სესიის გადადებაც აშშ-ის პრეზიდენტს უკავშირდება, რადგან, როგორც ირკვევა, ბუშის ვიზიტის გამო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებსა და გზის გადაკეტვას დეპუტატებისთვის პარლამენტამდე მისვლის პრობლემა შეუქმნია. რაც შეეხება საქართველოში უცხოელების მიმოსვლას, მათ ნაწილს სავიზო პროცედურას დეპუტატები მომავალი კვირიდან გაუუქმებენ.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თბილისის აეროპორტში საქართველოს ვიზას არავინ მოსთხოვს, თუმცა აშშ-სა და კიდევ 30-მდე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი წესით გაუქმებას პარლამენტი სწორედ ბუშის ჩამოსვლამდე გეგმავდა. ყოველ შემთხვევაში, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტში ამის იმედი ჰქონდათ. სამშაბათს გაირკვა, რომ პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზში მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიკრიბებიან, რადგან რუსთაველის გამზირი დაკეტილია და პარლამენტის შენობამდე მისვლა ჭირს. გარდა ამისა, დეპუტატთა ნაწილი საზღვარგარეთ იმყოფება, ნაწილი რეგიონებიდან არ დაბრუნებულა, კიდევ ერთი ნაწილი კი, რეგიონებში გამგზავრებას ხუთშაბათს აპირებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი წესით გაუქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისას თბილისში დარჩენილთაგან, კერძოდ, კონსერვატორ კახა კუკავასგან შევიტყვეთ, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ჯერჯერობით არ მიუღია:

[კახა კუკავას ხმა] ,,კანონი უცხოელი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და გასვლის წესის შესახებ ინიცირებული არის მთავრობის მიერ. ბიუროზე დაისვა საკითხი, რომ შეტანილი ყოფილიყო დღის წესრიგში, მაგრამ თვითონ კანონპროექტი, ტექსტი, პარლამენტში ჯერჯერობით ოფიციალურად შემოტანილი არ არის. პროცედურები გადაიდო იმის გამო, რომ ამ კვირაში პლენარული სხდომები არ იქნება.” (სტილი დაცულია)

ის, რომ უახლოეს ხანში აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ისრაელისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ვიზების გარეშე ჩამოსვლას შეძლებდნენ, აპრილში, მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ სხდომაზე, გაირკვა. ამ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტროში უწოდეს ,,უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ჟესტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.” ამ ტიპის ჟესტების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება დეპუტატ კახა კუკავას:

[კახა კუკავას ხმა] ,,მე არსად, არც ვერბალურად და არც დაწერილ ტექსტებში და არც ზეპირ განცხადებებში, არ მომისმენია არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების და დიპლომატის რჩევა, რომ ჩვენ გაგვემარტივებინა სავიზო რეჟიმი. ამიტომ ეს არანაირად სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებული არ არის. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ბუშის ვიზიტის წინ ეს, უბრალოდ, კარგი ჟესტია, ეს ნამდვილად ჟესტია, ამაში ვეთანხმები. ოღონდ რამდენად კარგი ჟესტია, ეს დიპლომატიური საკითხი არის, რამდენად ჩვენ ამით მოვიგებთ.” (სტილი დაცულია)

ახალი კანონის დამტკიცებამდე აშშ-ისა და ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 90 დღითაა გაუქმებული. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ჯორჯ ბუშის ვიზიტის გამო თბილისში ჩამოსვლა სურთ, საქართველოს ვიზის მიღება აეროპორტშივე ათი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით შეუძლიათ. რამდენად გაზრდის თბილისში ბუშის ვიზიტი საქართველოს ვიზების მსურველთა რაოდენობას, ამას ქვეყნის საკონსულო სამსახური მოგვიანებით დათვლის. თუმცა ამ უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დიანა ჟღენტი ამბობს, რომ მონაცემები ზოგადი იქნება და ცალკე აშშ-ის პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სტატისტიკას არ ასახავს:

[დიანა ჟღენტის ხმა] ,,დეტალურ ანგარიშს წარმოადგენენ სამ თვეში და იქ იქნება აღწერილი რამდენი ვიზა გაიცა ზოგადად.” (სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველო სავიზო რეჟიმს ცალმხრივი წესით საერთოდ გააუქმებს, ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ 200 ათას ლარს დაკარგავს. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს ,,საქართველო მაინც მოგებული დარჩება ტურისტებისა და ინვესტორების რაოდენობის გაზრდის გამო.” ქვეყანაში მათი ნაკლებობის მთავარი მიზეზი სწორედ სავიზო რეჟიმი ყოფილა.
XS
SM
MD
LG