Accessibility links

logo-print

ვინ ხვდება და ვინ ვერ ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თბილისში


თბილისში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლამდე დღეები რჩება. საქართველოს ხელისუფლება მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დახვედრის სამზადისშია.

უკვე გარკვეულია ისიც, თბილისში ვინ შეხვდება და ვინ ვერ შეხვდება ესოდენ საპატიო სტუმარს. გარკვეულია, რომ ჯორჯ ბუში საქართველოში ვიზიტისას ხანმოკლე შეხვედრებს ხელისუფლების ვიწრო წრეებთან გამართავს. არ არის დაგეგმილი მისი შეხვედრა ოპოზიციურ ძალებთან, არც სამოქალაქო სექტორის ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან. იქნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ორგანიზაციიდან “მრავალეროვანი საქართველო.” სხვა შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს.

პრეზიდენტ ბუშს საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების, გნებავთ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დეტალები არ აინტერესებს, ის საქართველოში სხვა ინტერესებით ჩამოდის, - ხელისუფლების წარმომადგენლები ასე უპასუხებენ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის, ასე თუ ისე, ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან.

[გიორგი არველაძის ხმა] “პროტოკოლით დგება განრიგი. თვითონ პრეზიდენტები ათანხმებენ ღონისძიებებს, ყველაფერი ხდება შეთანხმებით. ასე არ არის, რომ ცალმხრივად წყვეტდეს ვინმე რამეს. “

ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებას სპეციალური შტაბი ახდენს. გიორგი არველაძე (ჩვენ სწორედ მისი კომენტარი მოვისმინეთ) ამ შტაბის წარმომადგენელია. 10 მაისისთვის დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მას არა აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დაგეგმილია ჯორჯ ბუშის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ორგანიზაციიდან “მრავალეროვანი საქართველო.“ პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამართავს ხანმოკლე შეხვედრას ჯგუფთან, რომელშიც შევლენ კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები. ამდენად, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ოპოზიციიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება მარტო დავით გამყრელიძეს მიეცემა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელს. იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა შემოიფარგლოს ჯორჯ ბუში საქართველოში ვიზიტისას ვიწრო წრეებთან ხანმოკლე შეხევდრებით, პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს ასეთი მოსაზრება აქვს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ის, რომ ხანმოკლე შეხვედრებია და არ არის ბევრი შეხვედრა, გასაგებია. საქართველო ღია ქვეყანაა, საერთაშორისო ტერორიზმი ჯერ არ დამცხრალა, ამდენად, უსაფრთხოების ფაქტორი მუშაობს. რაც შეეხება ამ შეხვედრებს, როგორც ჩანს, მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ. “

თბილისში გასამართ შეხვედრებზე ამერიკელებს რომ თავიანთი მოსაზრებები ექნებოდათ, ცხადია, თუმცა იურისტი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები არ გამოვიდოდნენ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის ან, პირიქით, შეუხვედრელობის მოთხოვნით და, თუ საქართველოს მხარე ასეთი შეხვედრის წინადადებით გამოვიდოდა, უპრობლემოდ მიიღებდნენ მას.

[თინა ხიდაშელის ხმა] “როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი, სახლში, ტელევიზორთან, ვჩხუბობ რატომ არავინ არ იხსენებს ბრატისლავას. ეს ასე არ ხდება. შეხვედრებს ადგენს და ათანხმებს ორივე მხარე.”(სტილი დაცულია)

ბრატისლავაში ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე თინა ხიდაშელი სწორედ ამერიკული მხარის ინიციატივით მოხვდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩამოსვლა გადაწყდა, მას არ გასჩენია იმის ილუზია, რომ ჯორჯ ბუშთან გასაუბრების საშუალება თბილისშიც მიეცემოდა.

[თინა ხიდაშელის ხმა ] “მე სულ ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ბუშს არ აინტერესებს შიდა პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ აინტერესებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა. ეს ვიზიტი არის სწორედ დემოკრატიის მხარდამჭერი ვიზიტი. “ (სტილი დაცულია)

“ბუშთან შეხვედრის შემთხვევაში ჩვენ ვიტყოდით: კი, საქართვლო უნდა დატოვოს რუსეთის სამხედრო ბაზებმა, მაგრამ მთელი ყურადღების ამ საკითხზე გადატანის პირობებში მეორეხარისხოვანი არ უნდა იყოს პრობლემები, რომელიც დემოკრატიის გამტკიცებას უშლის ხელსო, “- ამბობს თინა ხიდაშელი. სამწუხაროდ, არც მას და არც საზოგადოების სხვა ავტორიტეტულ წარმომადგენლებს ამის თქმის საშუალება არ მიეცემათ. ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი წუხს, რომ ასე ხდება. მისი აზრით, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე, ცოტა არ იყოს, შესუსტდება ისტორიული ვიზიტის მთავარი დატვირთვა - დემოკრატიის ხელშეწყობა:


[დავით დარჩიაშვილის ხმა] “რა სიტყვა ვთქვა ზრდილობიანი? გამოვხატავ წუხილს, რომ არ მოიძებნა დრო სამოქალაქო სექტორის ფართო წარმომადგენლობასთან შესახვედრად. მე არ ვიცი, არის თუ არა იქ დრო თავისუფალი მედიის წარმომადგენლობასთან შესახვედრად. “ (სტილი დაცულია)

ამის შესახებ არც არავინ იცის.
XS
SM
MD
LG