Accessibility links

logo-print

საქართველოში შესაძლებელი ხდება ავტომობილების განვადებით შეძენა


საქართველო სავსეა ეგრეთ წოდებული ”მეორადი, ნახმარი” ავტომობილებით. ევროპის სტანდარტების თვალსაზრისით მოძველებულ ავტომობილებზე საქართველოში დიდი

მოთხოვნილებაა, ძირითადად, სიიაფის გამო, რადგან ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ახალი ავტომობილის შეძენის საშუალება არ გააჩნია. დღემდე საქართველოში სასურველი ახალი ავტომობილის შეძენა მისი საფასურის ერთბაშად გადახდით იყო შესაძლებელი. ამიერიდან ეს პრაქტიკა შეიცვლება და სტაბილური შემოსავლის მქონე ქართველებს ლიზინგით, ანუ განვადებითაც, ექნებათ ავტომობილის შეძენის საშუალება.

საქართველოში ახალი ავტომობილის შეძენის მსურველს აქამდე ან ფული უნდა ჰქონოდა, როგორც ხალხში იტყვიან, თავზე საყრელად, ან კიდევ ბანკიდან სამომხმარებლო კრედიტი უნდა აეღო მაღალი პროცენტით და უძრავი ქონების გირაოდ გაფორმების შემდეგ. იყო კიდევ ერთი საშუალება: რუსული ავტომობილების მოყვარულებს ”ლადას” მარკის ავტომობილის განვადებით შეძენა შეეძლოთ ”ლადა ჯორჯიასა” და ”ინვერტბანკის” ერთ-ერთი ფილიალის მეშვეობით.

ახლა მსგავსი პროექტი, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი და ხელსაყრელი პირობებით, საქართველოს ბანკმა წამოიწყო.

[მაია მარქარაშვილის ხმა] ”ეს არის წმინდა, აი, ავტომანქანებისთვის განკუთვნილი სესხები. ანუ ახლა შესაძლებელია თვითონ შესაძენი მანქანა დაიტვირთოს გირაოთი და, ფაქტიურად, მეტი არაფერი არ იქნება საჭირო და, ფაქტიურად, 60 ათას დოლარამდე შეუძლია სესხი აიღოს. და ამ თანხამდეც, ფაქტიურად, სიახლეა.”(სტილი დაცულია)

ეს არის მაია მარქარაშვილი, ”საქართველოს ბანკის” საკრედიტო პროდუქტების განვითარების მენეჯერი. მისი ბანკი, ”ფოლკსვაგენის” ოფიციალურ დილერთან ”იბერია ბიზნეს ჯგუფთან” ერთად, 5 მაისიდან ფოლკსვაგენისა და შკოდას უახლესი მოდელების განვადებით გაყიდვის კამპანიას იწყებს.
ამიერიდან მსურველს, მაგალითად, ”შკოდა ოქტავიას” უახლესი მოდელის შეძენა 16-დან 25 ათას აშშ დოლარამდე დაუჯდება და განვადების პერიოდი, მყიდველის სურვილის მიხედვით, 1 წლიდან 6 წლამდე შეიძლება გადანაწილდეს. შესაბამისად, იცვლება საბანკო პროცენტიც. 1 წლიანი განვადების შემთხვევაში, მოქალაქე ავტომობილის ღირებულების 50 პროცენტს იხდის და უპროცენტო განვადებით სარგებლობს. 6 წლიანის შემთხვევაში კი, მყიდველს 25 პროცენტის გადახდა მოუწევს პლუს საბანკო პროცენტი, 5-დან 22 პროცენტამდე.

“იბერია ჯგუფის” მარკეტინგის დირექტორის მაია ჩიქვანაიას განცხადებით, მისი კომპანია ავტომობილის პირდაპირ მყიდველების რაოდენობას არ უჩივის:

[მაია ჩიქვანაიას ხმა] ”ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასევე არის ხალხი, ვისაც უნდა ავტომობილის შეძენა და არ შეუძლია ერთბაშად გადაიხადოს. ამიტომ ჩვენ გვინდა საზოგადოების ამ ნაწილსაც მივცეთ საშუალება და დარწმუნებული ვართ, ეს პროექტიც წარმატებით იმუშავებს.”(სტილი დაცულია)

ამ ახალი სერვისის მომხმარებლებს არ მოუწევთ ათასგვარ საბუთებზე სხვადასხვა უწყებებში სირბილი. ყველა საბუთს - მათ შორის, დაზღვევასაც - კრედიტორი ბანკი აფორმებს. მყიდველს მხოლოდ პოლიციაში მისვლა დასჭირდება ავტომობილის გასაფორმებლად.

საქართველოს ბანკს გადაწყვეტილი აქვს უახლოეს მომავალში განვადების ანალოგიური პროექტები ავტომობილების სხვა დისტრიბუტორებთანაც დაიწყოს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალი საბანკო პროდუქტების ბუმი გადამდებია, არაა გამორიცხული, ავტომობილის განვადებით შეძენა უახლოეს მომავალში სხვა ბანკების მეშვეობითაც გახდეს შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG