Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ სტუდენტებს ფულის შოვნის საშუალება ეძლევათ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ბევრს თუ არ უნახავს, გაუგია მაინც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სტუდენტები ზაფხულობით დროებით, სეზონურ სამუშაოზე დასაქმდებიან ხოლმე და სათავისო

ფულს შოულობენ. შესაძლოა, არაერთ ქართველ ახალგაზრდასაც უმუშავია ასეთ დროებით სამსახურში. წელს საქართველოს მოქალაქე 150 სტუდენტს ექნება საშუალება, ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად ლეგალურად 4 თვის მანძილზე იმუშაოს. ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამა “Work & Travel”, ხოლო ახორციელებს ფირმა “რიკო ინტერნეიშენელი”. ფირმა, ძირითადად, ფინანსურ სფეროში საქმიანობს (კრედიტებს გასცემს), მაგრამ აწყობილი აქვს ურთიერთობა აშშ-ის რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც საზაფხულო სამუშაოებისთვის ადამიანურ რესურსებს საჭიროებს.

რა სამუშაოზე ელოდებიან ქართველ სტუდენტებს ამერიკაში? “რიკო ინტერნეიშენელის” დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ეს არის, ძირითადად, “მუვინგი”; ზაფხულში ამერიკელები ბევრს მოძრაობენ, მიდიან დასასვენებლად ან დროებით საცხოვრებელ ადგილებზე და ხშირად საჭიროებენ პირადი ნივთების, ავეჯის გადატანას. სტუდენტებმა შეიძლება იმუშაონ მიმტანებად რესტორნებში, ბილეთების გამყიდველებად ატრაქციონებზე, პარკინგზე და ა.შ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ლაშა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს:

[ნიკოლაიშვილის ხმა] “საშუალო ანაზღაურება იქნება 9-დან 11 დოლარამდე საათში და სტუდენტები შეძლებენ ნორმალური თანხა დააგროვონ როგორც საქართველოში ჩამოსატანად, ისე ამერიკაში კომფორტული ცხოვრებისათვის.”

“რიკო ინტერნეიშენელის” წარმომადგენლის თქმით, სტუდენტების ამერიკაში სამუშაოდ წასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი იქ მონებად მიდიან. კვირაში ორი დღე სტუდენტებს დასვენება შეეძლებათ. თვეში, საშუალოდ, 2 ათას დოლარს იშოვიან და ქვეყნის სანახავადაც ექნებათ დრო. ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შარშან საქართველოდან ამ პროგრამით 11 სტუდენტი გაუშვეს. თერთმეტივე დაბრუნდა საქართველოში. წელს ამერიკელთა ნდობა უფრო გაიზარდა და საქართველოსთვის 150 ადგილი გამოყვეს. შარშანდელი სტუდენტებიდან წელს ხელმეორედ მიემგზავრება 4 სტუდენტი. ვაკანსიების ნახევარზე მეტი ჯერაც შესავსებია.

მე ველაპარაკე ორ სტუდენტს - თბილისის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამეკურსელს დავით ივანაძესა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის მესამეკურსელს ოთარ კირვალიძეს. ისინი შარშანაც იყვნენ სამუშაოდ შტატებში და წელსაც იმავე პროგრამით მიდიან. ორივე ამბობს, რომ სამუშაო არ იყო ძნელი და ამერიკაში გულითადი ადამიანური ურთიერთობები აეწყოთ.

[ივანაძისა და კირვალიძის ხმები] “მე რესტორანში ვმუშაობდი ოფიციანტად და ვმუშაობდი პარკინგზე, სადაც კლიენტებს მანქანებს შეყვან-გამოყვანაში ვეხმარებოდი”. “თავიდან ვმუშაობდი მუვინგზე ორი კვირა. ქართველს, მე მგონი, ეგ არ უნდა გაუჭირდეს, ფიზიკურ შრომას შეჩვეულები ვართ და ძალაც გვაქვს. მერე ვმუშაობდი ნიუ-იორკში, ქიმწმენდის მანქანაზე: ერთი ადგილიდან მეორეზე გადაგვქონდა გარეცხილი და გაწმენდილი ტანსაცმელი.”

დათო ივანაძე დასძენს, რომ კონტრაქტით გარანტირებულ სამუშაოზე, სადაც საათში 8 დოლარს უხდიდნენ, ნაკლები ფული იშოვა, ვიდრე ოფიციანტად მუშაობისას, როცა კლიენტის მიერ მომსახურების საფასურად გადახდილი ფული მთლიანად მას რჩებოდა. სამუშაო ვიზა და კონტრაქტი, რითაც სტუდენტები ამერიკაში მიდიან, სულაც არ ავალდებულებს მათ, რომელიმე ერთ სამუშაო ადგილს უერთგულონ. ამას მოწმობს დათო ივანაძის მიერ ჩამოთვლილი შტატებიც, სადაც მას შარშან მოუწია მუშაობა.

[ივანაძის ხმა] “ვიყავი როდ-აილენდში, მიჩიგანში, კონეკტიკუტში, მასაჩუსეტსში, ფლორიდასა და ნიუ-იორკში.”

ლაშა ნიკოლაიშვილი, “რიკო ინტერნეიშენელის” წარმომადგენელი, ლაპარაკობს პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომელთაც იშველიებენ დროებით სამუშაოზე მიმავალი სტუდენტების შესარჩევად:

[ნიკოლაიშვილის ხმა] “თითოეულ შემოსულ სტუდენტს, პირველ რიგში, ინგლისურ ენაში ვუტარებთ ტესტს. ვუმოწმებთ ცოდნასა და საერთო ერუდიციას. გასაუბრებისას ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წამსვლელი სტუდენტი ნამდვილად დაბრუნდება.”

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას შერჩეულ სტუდენტთა გაშვებაზე იღებს ინსტანცია, რომელიც გასცემს სამუშაო ვიზას: შეერთებული შტატების საკონსულო საქართველოში. ლაშა ნიკოლაიშვილის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა დამქირავებელს ამერიკაში მოსწონებია ქართველი სტუდენტი და მასთან კონტრაქტი გაუგრძელებია.

არ არის გამორიცხული, ვინმეს სტუდენტთა უცხოეთში სამუშაოდ წასვლამ ეროვნული თავმოყვარეობა შეულახოს. ამ ამბავს შეიძლება უფრო მარტივად შევხედოთ: სტუდენტს სჭირდება ფული, რომელსაც შრომით მოიპოვებს და საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯავს. ეგებ ასე უკეთ შეიგრძნოს თავისუფლება და უპირატესობა, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს. მხოლოდ ქართველი სტუდენტები არ ცხოვრობენ ზაფხულში ასე. შრომა რომ არ ეთაკილებათ, ამას მოწმობს წასვლის მსურველთა რიცხვიც, რომელიც უკვე 2 ასეულს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG